ბუბა ტყავაძე: არამხოლოდ კოკაიას, დინამო სხვებსაც შევთავაზეთ

AutoSharing Option
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებაზე, "დინამოს" შესაძლო ინვესტორებსა და გუნდის დღევანდელ პრობლემებზე "ლელოს" თბილისელთა მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე ელაპარაკა.

- ბევრი რამის დაზუსტება გვსურს, მაგალითად, საჯარო რეესტრიდან ცნობა რა მიზეზით ვერ მიიღეთ?
- ვერ ვიტყვი, რომ ევროთასებზე ამის გამო ვერ ვითამაშებთ. უბრალოდ, საჯარო რეესტრიდან სამეწარმეო საქმიანობის ამონაწერია საჭირო. სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი არაა და არც გადამწვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ ეს ცნობა ნებისმიერ ორგანიზაციას საბანკო სესხის გამოტანისა თუ მინდობილობის გაცემის დროს სჭირდება.

- მაგრ
ამ მის გარეშე ბანკის სესხს ვერ აიღებთ.
- დიახ და ამ თვალსაზრისით აუცილებელია. თუმცა, განცხადებაში რაც წერია, მე არ მეხება. მხოლოდ იმ თემაზე შემიძლია ვილაპარაკო, რაც მე მეხება.

- მართალია, თითქოს დიღმის ბაზაზე გაჭირვების გამო წყალი გადაკეტეთ და ფეხბურთელები წყლის დასალევად მეზობელ კორპუსებში დადიოდნენ?
- კარგია, რომ მკითხეთ, რადგან ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ აბსურდია. ნებისმიერი მენეჯერი ხარჯების შემცირებას ცდილობს, რაც ცხადია კლუბს ზიანს არ მოუტანს. იყო შემთხვევები, 15-20 ათასი ლარი ბაზაზე წყლის გადასახადში წასულა. ამიტომ ამოვთხარეთ არტეზიული ჭა, ანალიზი ჩავუტარეთ და აღმოჩნდა, რომ ამ წყლის დალევაც შეიძლებოდა, ცხადია, მოედნის მორწყვაც და ჩვეულებრივად ვხმარობთ. როცა საკუთარი წყალი გაგვაჩნია, საკმაოდ დიდი თანხები წყლის გადასახადში რატომ უნდა დავხარჯოთ? ამის მიუხედავად, საგანგებოდ ფეხბურთელებისთვის "ბორჯომისა" და "ლიკანის" წყლებს ვყიდულობთ. როგორ გეკადრებათ, ბაზაზე იმდენი წყალია, რამდენიც გაგიხარდებათ.

- ოჯახის განცხადებით, "დინამოს" ახალი ინვესტორის მოძებნა თქვენ დაგევალათ.
- დავაზუსტებ: მე დამევალა, პოტენციურ ინვესტორს გავაცნო ის მოთხოვნები, რომელსაც მას პატარკაციშვილის ოჯახი უყენებს - ახალმა მეპატრონემ "დინამო" უნდა განავითაროს და ის პოზიციები დააკავებინოს, გუნდის სახელს რომ ეკადრება.

- იქნებ დაასახელოთ ის სიმბოლური თანხა, რომელსაც ინვესტორი გადაიხდის.
- თანხა დაფიქსირებული არაა. მთვარია, ხელშეკრულება და გადაცემის პროცედურა გამართული იყოს და სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს. რაც მთავარია, ახალ მეპატრონეს "დინამო" თავისი აქტივებითა და ქონებით გადაეცემა. ეს, ფაქტობრივად, ჩუქება იქნება, მაგრამ სიმბოლური თანხა ერთი დოლარი იქნება თუ ასი ლარი, ვერ გეტყვით. ოჯახის ნებაა, ახალ მეპატრონეს კლუბი უსასყიდლოდ გადაეცეს.

- რა არის კლუბის დღევანდელი ქონება და აქტივები, მაგალითად, დიღმის ბაზა "დინამოს" ეკუთვნის?
- ჩემი აზრით, "დინამოს" ყველაზე დიდი ფასეულობა მისი სახელია. ფინანსური ღირებულება გააჩნია იმ კონტრაქტებსაც, რომლებიც ფეხბურთელებთანაა დადებული. ევროპულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ქართველი ფეხბურთელები დინამოელები არიან. ამას ძველი და ახალი ფაქტები ადასტურებს. გუნდს გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონებაც, ბაზა კი გრძელვადიანი იჯარითა და გამოსყიდვის უფლებით არის აღებული. ასე რომ, "დინამოს" აქვს ის ქონება, რომლითაც კომპანია არათუ იზარალებს, მოგებულიც დარჩება.

- ეს არენდირებული ბაზა დღემდე სპორტსაზოგადოება "დინამოს" ეკუთვნის?
- დიახ.

- ახლა მეპატრონეს რაც შეეხება: ვიცით, რომ ამის თაობაზე "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიასთან ილაპარაკეთ. გუნდის დაბრუნება მერაბ ჟორდანიასაც სურდა, მაგრამ, როგორც ამტკიცებენ, გადაიფიქრა, ანუ ერთად-ერთი მსურველი კოკაია დარჩა?
- ასე ვერ ვიტყვი, რადგან ეს არ იყო მოლაპარაკება, მით უფრო, რომ ეს ლაპარაკი ახალ ფაზაში არ გადასულა. სხვათა შორის, ბოლოდროინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ხანია, ახალი ინვესტორის მოძიებას ვცდილობ. რატომ მხოლოდ კოკაიას, სიტყვიერად "დინამო" არა მხოლოდ მას, ბევრ სხვა პიროვნებასაც შევთავაზეთ. ჟორდანიას სურვილი მე გაზეთებიდან შევიტყვე. თუმცა საუბრის იქით საქმე არ წასულა. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემთვის უცნობია.

- "დინამოს" პატრონობით არც სხვები დაინტერესებულან?
- ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არავისგან მიგვიღია.

- მართალია, რომ სლოვენიაში ნაკრების თამაშზე იმიტომ წახვედით, რომ "დინამოს" ლიდერების ტრანსფერებზე მოგელაპარაკათ?
- დღეს ქართულ ფეხბურთში მომგებიანი კლუბის მოძებნა ძნელია, რადგან არ არის შესაბამისი გარემო. ამიტომ იმ გზას ვეძებდით, კლუბის სპორტული შედეგები რომ შეგვენარჩუნებინა, ფინანსებიც მოგვეძებნა და მათ შორის ბალანსი დაგვეცვა. დღემდე ვახერხებდით და კლუბი ვალებში არ ჩავარდნილა.. ფეხბურთელების გაყიდვას ისე ვფიქრობდით, რომ სპორტული შედეგები არ გაგვეუარესებინა.

- თქვენს პარტნიორ "ვოევოდინაში" ფეხბურთელების გაშვებას აპირებთ?
- დაინტერესება არის, გარკვეული მონახაზებიც არსებობს, მაგრამ მოლაპარაკება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დასრულდება. ამ ეტაპზე კი კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. "ვოევოდინა" ერთ-ერთი კლუბია, რომელმაც დაინახა ჩვენი ფეხბურთელების პოტენციალი და ისიც, რომ უკეთეს კლუბებში მათი გაშვებით მოგებაში დარჩება.

- "ვოლგას" მათე ვაწაძით დაინტერესებაზე ისე გავიგეთ, თითქოს საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ტრანსფერზე რუსები უკვე დაგიკავშირდნენ?
- კლუბიდან ჯერ არავინ დაგვკავშირებია და არც თანხა შემოუთავაზებიათ. "ვოლგადან" არის დაინტერესება თუ სხვა კლუბიდან, ვერ გეტყვით, მაგრამ ფეხბურთელს კარიერის სხვა ჩემპიონატში გაგრძელება სურს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მიყვარს დინამო თბილისი !!!
dinamoeli
14:02 23-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული