გია გეგუჩაძე: ყველაფერი რომ აეწყოს და წინ წავიდეს, სისტემურობაა საჭირო

AutoSharing Option
წლებია, ვერა და ვერ მოითქვა სული ქართულმა ფეხბურთმა. მათემატიკური ქანქარის მსგავსად, გაუთავებლად ირყევა ერთჯერად წარმატებისა და დამარცხებების სერიას შორის.

მიზანი კი სადღაც შორს, მესამე განზომილებაში დარჩენილა. მწვრთნელების ცვლაც ხომ ჩვევად ექცა ქართულ საფეხბურთო სამყაროს - აქაც იგივე, ქანქარის პრინციპია: საუკეთესო მწვრთნელები, მთელ ძალისხმევას რომ შეალევენ კონკრეტულ გუნდს, წარმატებასაც მიაღწევენ, აუცილებლად უკან უნდა გადმოისროლონ.

მერე კი, წარმატებული, პროფესიონალი ქართველი მწვრთნელები შინ სხედან, ვიღაც, ხშირად გაურკვეველი კვალიფიკაციისა და კონცეფციის უცხოელი მწვრთნელები კი ქართულ გუნდებს იბარებენ და უმეტესწილად, მალევე ასამარებენ. საქართველოს ნაკრების "მიღწევებზე"
ხომ აღარაფერს ვამბობთ, ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართველებს საფეხბურთო სტრესი ლამის "საკონტროლო ტყვიას" ახლის.

სპორტის სამყაროში ახალი და ფეხბურთთან დაახლოებული ხელისუფლების მოსვლასთან ერთად, თითქოს დავიმედდით, ამჯერად მაინც პროფესიულად, საფუძვლიანად გააანალიზებენ პრობლემებს და ქართული ფეხბურთის განვითარების გეგმასაც შეიმუშავებენ-თქო, მაგრამ ამ მხრივ სრულმა მდუმარებამ დაისადგურა, რაც ავის მომასწავებელი უფროა, ვიდრე მხოლოდ უმოქმედობის. არც საფეხბურთო ექსპერტი ვარ და არც საფეხბურთო ჟურნალისტი, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივარი გახლავართ და იმ ავადსახსენებელი "საკონტროლო ტყვიის" ერთ-ერთი მსხვერპლი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გორის "დილას" წარმატებული მთავარი მწვრთნელის კლუბიდან გამოშვებამ საბოლოოდ აღაშფოთა და საფეხბურთო სტატიების დაწერა გადააწყვეტინა.

საფეხბურთო პრობლემებსა და ქართული ფეხბურთის განვითარების გზებზე სასაუბროდ, თავდაპირველად, ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მწვრთნელს - გია გეგუჩაძეს შევხვდი.

ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, ჯერ კიდევ უმუშევარი იჯდა შინ. ახალმა ამბავმა - გიას კვლავ "ზესტაფონში" დაბრუნებამ - დამატებითი კითხვა დაგვაჭირვა, ამიტომ საუბარს მილოცვითა და "ზესტაფონთან" დადებული "2 თვე 2 წელიწადი" სისტემის ხელშეკრულების განმარტებით დავიწყებთ.

გია გეგუჩაძე:
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის! რაც შეეხება "ზესტაფონთან" გაფორმებულ კონტრაქტს - "2 თვეს + 2 წელიწადი", - 2 თვის განმავლობაში ვაპირებ, გავაანალიზო გუნდსა და კლუბში არსებული მდგომარეობა.

შესაბამისად, მერე დავასკვნით ორივე მხარე, "გავააქტიურებთ" თუ არა 2-წლიან კონტრაქტს. ამით გამოჩნდება, რა სტრატეგიას განვსაზღვრავთ, შესაძლებელი იქნება თუ არა თანამშრომლობა, მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ. აქ ვიგულისხმე ფეხბურთელებიც და კლუბში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანებიც.

გუნდი თანამიმდევრულად და სწორად უნდა განვითარდეს, ამიტომ ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო: რას შევიმუშავებთ მწვრთნელთა შტაბი (მე კვლავ დავით ჯანელიძესა და გურამ ასპინძელაშვილთან ერთად დავბრუნდი ზესტაფონში), რა პერიოდში შეიძლება ამის მიღწევა, რა მოსაზრებები ექნება კლუბის ხელმძღვანელობას. ვნახოთ, ყველაფერი 2 თვეში გამოჩნდება.

- მაგრამ არ ვიცით, რა ბედი ელის ზოგადად, ქართულ ფეხბურთს. ცოტა ხნის წინ, გიორგი დევდარიანი გამოუშვეს კლუბიდან...
- გიორგი ახალგაზრდა და პერსპექტიული მწვრთნელია. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ცუდია, რომ მას გუნდის დატოვება მოუხდა.

არგუმენტი - ისევ და ისევ გუნდის შეზღუდული ფინანსური მდგომარეობაა, რაც მწვრთნელს მუშაობის საშუალებას არ აძლევს, რადგან ნებისმიერი მონდომება სრულიად უშედეგოა. ვითარება ასეთია: დღეს ქართული კლუბების უმეტესობას არ ულხინს, შესაბამისად, არც ძლიერი მწვრთნელის ყოლის ფუფუნება აქვს.

აქ მწვრთნელის მხოლოდ ანაზღაურებას არ ვგულისხმობ. ნორმალური სასწავლო-სამწვრთნელო მუშაობისთვის კლუბს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ესაჭიროება, სათანადო ფეხბურთელების აყვანა რომ შეძლოს, ეს კი დიდ თანხასთანაა დაკავშირებული.

ეროვნული ჩემპიონატის მხოლოდ რამდენიმე კლუბშია დღეს შედარებით უკეთესი ვითარება და სწორედ ისინი არიან მოწინავეთა რიგებში.

იმავეს ვიტყოდი ბავშვთა ფეხბურთზე: მაგალითად, საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" დღეს მოწინავეა, რადგან ბავშვების სავარჯიშოდ და მოსამზადებლად მინიმალურად აუცილებელი პირობა აქვს შექმნილი, კარგი ხელმძღვანელებისა და კარგი მწვრთნელების ხელშია და ისე მუშაობენ, რომ ყველა მშობელს სურს შვილის იქ მიყვანა.

ნორმალური ვითარებაა "დინამოს" აკადემიასა და კიდევ რამდენიმე საბავშვო საფეხბურთო სკოლაში, მაგრამ ქართული ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის ეს ზღვაში წვეთია.

ეროვნული ჩემპიონატიცა და ბავშვთა ფეხბურთიც ფაქტობრივად, სავალალო მდგომარეობაშია.

- არადა, ქართველი ბიჭების ნიჭიერებაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს გამორჩეულად ნიჭიერი ბავშვები მალევე სადღაც ქრებიან. ბავშვთა ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა ხომ არის საწყისი, რაც ფეხბურთის შემდგომ განვითარებას აფერხებს?
- დიდ შეცდომას დავუშვებთ, თუკი მთელ მატერიალურ და გონებრივ რესურსს ეროვნულ ჩემპიონატს მოვახმართ და მერე ვიფიქრებთ ბავშვთა ფეხბურთზე; ან მერე მივხედავთ პროფესიონალების მომზადებას - მწვრთნელი იქნება ეს, ექიმი, საკლუბო ფეხბურთის მენეჯერი თუ სანაკრებოსი; ან ჯერ სტადიონების მშენებლობაზე ვიფიქრებთ და მერე ვიმსჯელებთ, როგორი მწვრთნელები თუ ფეხბურთელები მოიყრიან იქ თავს. ეს ყველაფერი ერთი უწყვეტი ჯაჭვია - მთელი ქართული ფეხბურთის პრობლემაა.

წლების განმავლობაში ამ პრობლემის გადასაჭრელად, ფაქტობრივად, არაფერი გვიკეთებია ან თუ გვიკეთებია - ცალკეული ადამიანების ენთუზიაზმითა და მონდომებით; რაღაც მდგომარეობას სწორედ ეს თუ გვინარჩუნებს.

აბა, წარმოიდგინეთ, წვრთნის მეთოდიკაც კი არ არსებობს ჩვენთან. საკუთარ აზრს არავის ვახვევ თავს, მაგრამ ვფიქრობ, თუკი ქართული ფეხბურთის განვითარება გვინდა, პირველ რიგში, პროფესიულად უნდა გამოვიკვლიოთ, ქართულ ფეხბურთს რა გააჩნია სადღეისოდ, რა ადგილი გვიკავია საფეხბურთო სამყაროში და კიდევ - საჭიროა, ეს კვლევა სათანადოდ გავაანალიზოთ. ამდენმა წარუმატებლობამ ბევრს ათქმევინა, საფეხბურთო ქვეყანა არ ვართო. მე მაგალითად, ასე პესიმისტურად არ ვარ განწყობილი. თუკი რამის გამო ცუდი შედეგი გვაქვს, ეს ჩვენი უნიჭობის კი არა, ჩვენი არაორგანიზებულობის ბრალია.

- კი, მაგრამ საფეხბურთო ქვეყანა რომ გერქვას, ნიჭიცა და ორგანიზებულობაც ხომ ერთდროულად უნდა გქონდეს?
- ბუნებრივია. აბა, მარტო მწვრთნელობაში ან ფეხბურთელობაში ნიჭიერებით ვერაფერს გახდები. ამიტომ აუცილებელია კვლევა და მისი ანალიზი, ჩვენი საფეხბურთო ვითარება რომ შევაფასოთ.

- მერედა, ვინ უნდა გამოიკვლიოს - გვყავს კი მაღალი დონის ექსპერტები?
- ჩვენთანაც მოიძებნებიან და უცხოელების დაქირავებაც შეგვიძლია. ასეთ კვლევაში უნდა მონაწილეობდეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, მაგალითად - სოციოლოგები, ფეხბურთის სპეციალისტები, ადამიანები, ვის თვალწინაც გაიარა ჩვენმა საფეხბურთო ცხოვრებამ, თუნდაც ათვლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო წლებში თბილისის "დინამოს" გამოსვლებიდან დავიწყოთ. ღრმად უნდა გაანალიზდეს ყველაფერი.

ფეხბურთი ცალკე, ჰაერში გამოკიდებული არ არის. ის სოციალური მოვლენაა, რომელიც ემორჩილება კანონებსა და პროცესებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. უნდა გაირკვეს, დაინტერესებულია თუ არა სახელმწიფო ფეხბურთით და ორივე პასუხის შემთხვევაში, კვლევას უნდა დაემატოს კითხვა: რატომ? როგორ ინტერესდებოდა უწინ? რაზეა დამოკიდებული ეს ინტერესი და ა.შ. მასშტაბური და საფუძვლიანი კვლევისა და ანალიზის შემდეგ კი უნდა დავისახოთ მიზანი და მოვძებნოთ მისკენ სავალი გზა.

ასე, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ქართული ფეხბურთის თითოეული სეგმენტის განვითარება. ვცდილობ, შეძლებისდაგვარად მარტივად ავხსნა, რა გვაქვს გასაკეთებელი... იმასაც გეტყვით, რომ ეს იოლი არ იქნება და ვერც მალე განხორციელდება, მაგრამ თუ დღესვე არ შევუდგებით, მაშინ, როგორც 10 წლის წინ ვკითხულობდით, - გვეშველება რამეო?!. - 10 წლის შემდეგაც იმავეს ვკითხავთ ერთმანეთს, მერე სინანულით დავაყოლებთ: ჩვენ ხომ საფეხბურთო ერი ვართ, მაგრამ რა სამწუხაროა, ფეხბურთი რომ არ გვაქვსო, - და ასე კითხვა-კითხვით ვივლით დაუსრულებლად.

- საქართველოს ხომ ჰყავს ფეხბურთის ფედერაცია. უპირველესად, მას არ უნდა ჰქონდეს ქართული ფეხბურთის განვითარების კონცეფცია?
- მართალს ბრძანებთ - კონცეპტუალური მიდგომაა აუცილებელი და არა - ქაოსური. ვიღაცამ, თუნდაც ჩემმა ან სხვის მიერ მომზადებულმა გუნდმა ოდესღაც სადღაც რომ გაიბრწყინა, სასიხარულო კი არის და ქართველ გულშემატკივარსაც აიმედებს, მაგრამ "ქაოსურია" და საბოლოო, გლობალური განვითარებისა და შედეგისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

ყველაფერი რომ აეწყოს და წინ წავიდეს, სისტემურობაა საჭირო, სისტემურობას კი რაც სჭირდება, ამაზე ჩემი აზრი უკვე მოგახსენეთ.

ამიტომ ვფიქრობ, ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განსავითარებლად ფლაგმანის როლი, რომელიც ისედაც აკისრია, მთელი პასუხისმგებლობით უნდა იტვირთოს; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტთან ერთად, შეიძლება, ცვლილებებიც კი მოახდინოს კანონმდებლობაში, ყოველ შემთხვევაში, საამისოდ თავისი წილი უნდა იკისროს. ფეხბურთის განსავითარებლად სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს. ამით ინვესტორებსაც გაუჩნდებათ ინტერესი და ყველაფრის ერთობლიობა სასიკეთოდ წაადგება ქართულ ფეხბურთს.

P.S. საფეხბურთო თემაზე საუბარს აუცილებლად განვაგრძობთ და "გზის" სტუმარი ამჯერად, გიორგი დევდარიანი იქნება.

ირმა ხარშილაძე
ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ ხელისუფლება არ დარწმუნდება რო მისი გაწეული ხარჯი ფუჭი არ იქნება მანამდე კაპიკსაც არ მიცემს ფედერაციას რომელიც იძახის რომ ის არის დამოუკიდებელი ესეიგი თვითონ არის პასუხისმგებელი ფეხბურთის განვითარებაზე ქვეყანაში სურკისმა სანამ უკრაინის მთავრობა დაინტერესდებოდა ფეხბურთით უამრავი საქმე თვითონ გააკეთა და დაარწმუნა ხელისუფლება ფეხბურთის დახმარების აუცილებლობაში.და ხელიოსუფლების წარმომადგენლებიც შეიყვანა ფედერაციის გამგეობაში რომელიც მკაცრად აკონტროლებელ ფინანსურ ნაკადს.ჩვენი ფედერაცია კიდე რას აკეთებს არ ჩაერიოთ ჩვენ საქმეში თორე დედას გიტირებთ ვიჩივლებთ უეფაში და ასე შემდეგ ფული კი უნდათ იცოცხლეთქვა კაია ბიძოს მილიონები აპა რა ვინმეს თუ გონია მოვა ფედერაციაში წამოსკუპდება სავარძელში და მოწველის სახელმწიფოს მაგრა მიუქარია.ფუჭი მცდელობაა ატკატები და მაიმუნობა იმედია მორჩება და საქმეს ვინც გააკეთებს და კონკრეტული პროგრამა ვისაც ექნება ფულსაც ის მიიღებს.
qutaiseli
15:15 10-11-2013
0
ქართული კლუბებისთვის დაბალი ფიზიკური კონდიციები უკვე ტრადიციად იქცა. ამის გარეშე კი დროებითი გამონათებებიც აღარ გვექნება. ფედერაციაში წარვადგინე პროექტი ამ პრობლემის სწრაფად მოსაგვარებლად. ვისაც ქართული ფეხბურთის განვითარება უნდა გაეცნოს ჩემს პროექტს და თუ გაბედავს ოპონირება გამიწიოს.
guja_kakhadze
15:32 10-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული