კვირის 1000 წვრილმანი: გულახდილი შუსტერი

AutoSharing Option
კვირის მთავარ ამბავს კვირას ველოდებით ზემო იმერეთიდან. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ "ზესტაფონში" დაბრუნებული გია გეგუჩაძე პირველად გაიყვანს გუნდს სათამაშოდ და მეორეც - "ზესტაფონის" მეტოქე თბილისის "დინამოა".

იყო დრო, როცა ქართული ფეხბურთის მხსნელად უცხოელი მწვრთნელი ითვლებოდა და ზოგ სპორტულ გაზეთში რედაქტორი საქართველოში მომუშავე უცხოელის კრიტიკასაც კი კრძალავდა. ის დრო მოვილიეთ, დღეს ახალი გამოწვევებია ქართულ ფეხბურთშიც და ჟურნალისტიკაშიც, თუმცა ორივეგან ისევ ჭაკად არის საქმე. როგორც უნდა იყოს, საქართველოში ფეხბურთის და ჟურნალისტიკის პარტნიორობა გრძელდება...

ის თამაში, დიდი ინტერესით რომ ველით, ზესტაფონში გაიმართება, პერიფერიებში
კი სულ სხვანაირად უყვართ ფეხბურთიც და ეროვნული ჩემპიონატიც - უფრო მეტად, ვიდრე დედაქალაქში. რატომ ხდება ასე, არ არის იოლად დასასაბუთებელი. ფეხბურთის გარდა, სხვა გასართობი ზესტაფონშიც არის, ქუთაისშიც და თბილისშიც, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი ლიხს იქით მაინც სხვანაირად უყვართ.

უცხოელი და ქართველი მწვრთნელის თემა მხოლოდ იმიტომ არ გამახსენდა, რომ "დინამოს" სწორედ უცხოელი - ჩეხი დუშან უჰრინი წვრთნის, ხოლო"ზესტაფონში" სერბი რატკო დოსტანიჩი გეგუჩაძემ შეცვალა. უბრალოდ, გეგუჩაძე პირველი ქართველი მწვრთნელი გამოდგა, უცხოელზე უკეთეს შედეგს უცბად რომ მიაღწია 2004 წელს და ამით შეარყია თვალთახედვა უცხოელი სპეციალისტის ყოვლისშემძლეობაზე.

ის ერთ კვირაში ვერ შეცვლიდა "ზესტაფონს", თუმცა ახალი მწვრთნელი უკვე დამატებითი მოტივაციაა ფეხბურთელებისთვის და მუხტიც იზრდება. "ზესტაფონს" არ ეყოლება ტრავმირებული თავდამსხმელები - გიორგი ადამია და ირაკლი ქობალია, სათუოა სანდრო გურულის თამაშიც.

"დინამო" კი მაინც "დინამოა" - უჰრინის გუნდი, მოგვწონს თუ არა მისი ხარისხი და სტილი, კარგად ჩამოყალიბებული და დალაგებულია. "ზესტაფონში" კი წყვეტა იყო, თვეობით გაურკვევლობა და სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის გვიანი დაწყება.

დღეს "დინამო" "ზესტაფონზე" წინ დგას პარამეტრებით, რასაც პრინციპი - "ბურთი მრგვალია" - ვერ დაამარცხებს. სწორი სტრატეგია და ახალი, გაძლიერებული მუხტი - "ზესტაფონი" ამას თუ ჩაეჭიდება და თუ ბევრი გულშემატკივარიც მივა სტადიონზე, მარგველთა შანსი იოტისხელა ნამდვილად აღარ იქნება.

ზესტაფონში რომ ვიყო, სახლში ვერ გავჩერდებოდი - ასეთი თამაშია 10 ნოემბერს.

* * *
8 ნოემბერს ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა და გავიგეთ, რომ გიორგი ილურიძე ისევ ვერ ჩამოვა ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე. ოქტომბერში, ჩივაძის გუნდი ჰოლანდიას და შოტლანდიას რომ გაეჯიბრა, ილურიძე მაშინაც გამოიძახეს ნაკრებში, თუმცა მისი არჩამოსვლის მიზეზი ზუსტად ვერავინ დაადგინა.

ამჯერად ითქვა, რომ "დილას" ყოფილი შემტევი შოტლანდიაში სავიზო პრობლემების გამო გამოაკლდება ახალგაზრდულ ნაკრებს, სლოვაკეთთან კი ითამაშებსო. ახლა კი შევიტყვეთ, რომ ილურიძე სლოვაკეთთანაც არ იქნება ტრავმის გამო - ასე მოიწერა "ჰაიდუკმაო"...

ილურიძის ნაკრებულ თემას ნამდვილად აქვს მოულოდნელობის ეფექტები, არავინ იცის, რა დროს რა მიზეზი დასახელდება.

ფეხბურთის ისტორიას თუ გადავხედავთ, რამდენჯერმე მომხდარა, რომ დიდ ფეხბურთელებს უარი უთქვამთ ნაკრებში თამაშზე. გახსოვთ ბერნდ შუსტერი? ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის შემდეგ მან თქვა - იუპ დერვალი სამარცხვინოდ დაითხოვეს ნაკრების მწვრთნელობიდან და ასეთ გუნდში ჩემი ფეხი არ იქნებაო...

ნიჭიერები უცნაურები არიან. შუსტერიც ასეთი იყო, მწვრთნელს გამოექომაგა და პროტესტი დასავლეთ გერმანიის ნაკრებიდან წასვლით გაამყარა.

ამას მხოლოდ შუსტერი თუ გააკეთებდა.

ახლა კი სხვა დროა, თორემ ნიჭიერი ფეხბურთელები ყოველთვის იქნებიან. ამ თაობას სულ არ აინტერესებს, ვინ იყო შუსტერი და როგორ მღეროდა ენგელბერტ ჰამპერდინკი. მაგალითი კი სამუდამოდ დარჩება - შუსტერი არ მოერიდა იმის თქმას, რასაც მართლა ფიქრობდა.

დარწმუნებული ვარ, ილურიძე ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვა ახალგაზრდულ თუ ეროვნულ ნაკრებში და გულიანადაც ითამაშებს. ის ნიჭიერია და ქართულ ფეხბურთს სჭირდება.

ფეხბურთელსაც სჭირდება ნაკრებში თამაში საკუთარი წინსვლისთვის, ქართველ ბიურგერს კი - მეტი სინამდვილე და გულრწფელობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე არ ვიცი, რეალური მიზეზი რაა არის ფეხბურთელების ჩამოუსვლელობისა ასაკობრივ, თუ ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ თუ მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ ფინანსები (საკლუბი გუნდი) აინტერესებს, რაც არ უნდა დიდი მოთამაშე იყოს, არცაა ღირსი, რომ ეროვნული გუნდის მაისური მოირგოს.
მიშა
12:31 10-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული