- ”დინამოში" დატრიალებულ მოვლენებზე რას ფიქრობთ?
- სამწუხაროდ, მარტო თბილისის ”დინამო" კი არა, მთლიანად ჩვენი საკლუბო ფეხბურთია სავალალო მდგომარეობაშია ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს რომ ჩამოაშორეს და ამას ლამის კანონის ძალა მიანიჭეს. ასეთი რამ ფედერაციაში ჩემი მუშაობის დროსაც მოხდა და მიმაჩნია, რომ მაშინ სახელმწიფომ საკუთარი რესურსები ფეხბურთს ვერ მოახმარა, არადა, ეს შესაძლებელი იყო. სწორედ
- კონკრეტულად ”დინამოზე" ვთქვათ...
- ”დინამო" ჩვენი ტკივილია. იყო პერიოდი, მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა გადავწყვიტეთ, მაგრამ წინააღმდეგობა შეგვხვდა.
- ანუ ”დინამოს" დაბრუნებაზე აღარ ფიქრობთ?
- ასე გამოვიდა, მაგრამ პატარკაციშვილის ოჯახის ბოლოდროინდელი განცხადება დაფიქრების საბაბს იძლევა.
- შეიძლება, ”დინამოში" მაინც მოხვიდეთ?
- ზოგადად გითხარით, რომ განცხადება დაფიქრების საშუალებას იძლევა, თორემ ”დინამოს" ყოფილ მეპატრონეებს მისი დაბრუნებისთვის რეალური ნაბიჯები არ გადაგვიდგამს.
- ადრე სურვილი საჯაროდ გამოთქვით, დღეს პოზიცია რატომ შეიცვალეთ?
- გაზაფხულზე ეს ნაბიჯი ნამდვილად გადავდგით და ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი წერილით მივმართეთ. ჩვენდა სამწუხაროდ და გასაკვირად, წერილს შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია. ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა, თითქოს არაფერი მომხდარა და თავი დავანებეთ.
ბოლო დროს ერთი სამწუხარო ტენდენცია შევნიშნე. მავანთ არ უხარიათ თემურ ქეცბაიას წარმატებული მუშაობა და ის, რომ მერაბ ჟორდანიამ ”ვიტესი" შეიძინა. ეს კლუბი ისევ ქართულ ფეხბურთსაც ემსახურება, გადახედეთ რამდენი ქართველი წაიყვანა კლუბში. წარმოგიდგენიათ, მერაბს კლუბში ქართველი არ აეყვანა? ამის მიუხედავად, ზოგს მაინც არ სიამოვნებს, ისევ ფეხბურთში რომ ტრიალებს. ეს ჩემთვის გაუგებარი დამოკიდებულებაა. არნემში ჩვენი ფეხბურთელები ძლიერ ლიგაში იზრდებიან, გამოცდილებას იღებენ და რა არის ამაში ცუდი?!
- ასეთი ხმები ვრცელდება: მერაბ ჟორდანიამ პატარკაციშვილის ოჯახს შესთავაზა, ”დინამოს" თქვენი ფულით მივხედავთო.
- კარგით, რა, სასაცილოა, პატარკაციშვილის ოჯახისთვის ასეთი რამ არ უთხოვია. კარგად ვიცით, რომ ახლა ოჯახს პრობლემები აქვს და ფეხბურთში ფულის ჩასადებად არ სცხელა. თუ გაინტერესებთ, რეალობა სხვაგვარადაა - იყვნენ ჯგუფები, რომლებიც მერაბ ჟორდანიას ეუბნებოდნენ, კლუბს თუ დაიბრუნებ, დაგაფინანსებთო. მერაბი ქართული ფეხბურთისთვის დასაკარგი პიროვნება არაა. პირიქით, სერიოზული კავშირები აქვს და ამიტომაც მივიდა ”ვიტესში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"