თუ რა ფეხბურთელი იყო გუცაევი, ამაზე ახლა ნუღარ ვილაპარაკებთ; იმას კი შეგახსენებთ, რომ ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი მაშინ, როცა ფეხბურთის ფედერაციას უფროსი ნოდარ ახალკაცი ხელმძღვანელობდა.
გუცაევს სანაკრებო ამბებსა და ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე ვესაუბრეთ. ის ხომ თვითონ იყო ნაკრების მწვრთნელი და შესაბამისად, გამოუვლია ის სირთულეები, რაც ამ სამუშაოს ახასიათებს.
მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ვლადიმერ გუცაევი პასუხობს...
- არიან, ასე
- არ ვიცი, სხვისი მწვრთნელობის დროს რა ხდებოდა, მე კი ეროვნულ ნაკრებში საფეხბურთო სიტუაცია ავირჩიე, ყველა ფეხბურთელთან მეგობრულად ვიყავი და ახლაც ასეთი ურთიერთობა მაქვს მათთან. ფეხბურთელებს ეს მოვთხოვე - ფეხბურთის მიმართ იყავით პატიოსნები-მეთქი.
ვერ ავიტანე ის, რომ ფეხბურთელი ღამის ორ საათამდე კაზინოში იყო და მერე ამბობდა - პროფესიონალი ვარო. ვერ ავიტანე ის, რომ როცა ავტობუსში ხუთ საათზე უნდა ავსულიყავით, ზოგი ექვსის თხუთმეტ წუთზე მოდიოდა. ფეხბურთელები საჭმელს რომ მიირთმევენ, ამის მერე მაგიდის დამლაგებელმა ისინი არ უნდა გამოლანძღოს, ეს რა ადამიანები არიანო.
მე ამ ყველაფერს ვებრძოდი, მინდოდა, რომ თითოეული ფეხბურთელი პატივისცემით მოპყრობოდა თანაგუნდელს, მწვრთნელს...
- მაშინ უთანხმოება მოგივიდათ თემურ ქეცბაიასთან, რომელიც შემდეგ, ერთი პერიოდი, აღარ ჩანდა ნაკრებში. მაინც რა მოხდა?
- თბილისში ალბანეთს ვეთამაშებოდით. 0:0 იყო და ქეცბაია არჩილ არველაძით შევცვალე. მერე აჩიკომ გოლი გაიტანა და ის თამაში 1:0 მოვიგეთ. ამის შემდეგ ქეცბაიამ თქვა, გუცაევის გუნდში აღარ ვითამაშებო.
მაშინაც და ახლაც ქეცბაიასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და მაქვს. მას ავუხსენი - ფეხბურთელი ხარ და ასე მოქცევა არ შეიძლება, არ არის გამორიცხული, რომ შენც გახდე მწვრთნელი და მერე მსგავს რაღაცებს წააწყდე-მეთქი. ეს იყო და ეს, არანაირი სხვა რამ ჩვენ შორის არ ყოფილა.
- ნაკრების მწვრთნელობიდან ისე გადადექით, ევრო 2000-ის შესარჩევი ციკლი დასრულებული არ იყო. ისე გამოვიდა, რომ ფეხბურთელებთან ბოლომდე ვერ მოახერხეთ ურთიერთობის დალაგება? ალბათ, არის რაღაც-რაღაცები, რაზეც მწვრთნელმა თვალი უნდა დახუჭოს...
- არის მომენტი, როცა ფეხბურთელებს რაღაც არ მოეწონებათ. იმის მომხრე არ ვარ, რომ თუ მწვრთნელს მოთამაშის შეცვლა უნდა, ეს ნაბიჯი ვერ გადადგას. მათ დაინახეს, რომ ვთხოვდი, ეთამაშათ და თუ ამას ვერ შეძლებდნენ, ან სათადარიგოთა სკამზე დასხდებოდნენ, ან შევცვლიდი. ალბათ, არ მოეწონათ ეს ყველაფერი. როცა მივხვდი, რომ ფეხბურთელებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, წავედი...
- ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობას როგორ გაიხსენებდით?
- ახალგაზრდულ ნაკრებს რომ ვწვრთნიდი, იქ სულ სხვა მიდგომა დავინახე, ფეხბურთელები ყველა მითითებას ასრულებდნენ - რეჟიმით, ფეხბურთით ცხოვრობდნენ და ეს ყველაფერი შედეგზეც ისახებოდა. არაერთი კარგი მატჩი ვითამაშეთ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსიც კი გვქონდა, პოლონეთთან სტუმრად რომ მოგვეგო; ანგარიშიც მიგვყავდა, თუმცა მატჩი 2:2 დასრულდა...
- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ამ ნაკრებში გამონახა მწვრთნელმა საერთო ენა ფეხბურთელებთან? ფაქტია, მწვრთნელი და რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ, ნაკრების გარშემო არცთუ სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა. რა უნდა იყოს ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება?
- საქართველოს ამ ნაკრებში ვერ ვხედავ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელებს, რაღაც პირობები რომ წაუყენონ მწვრთნელს. როცა მე ვწვრთნიდი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მაშინ გუნდში ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია, შოთა არველაძე, კახა ცხადაძე... ანუ ისეთი მოთამაშეები, რაღაც პრეტენზიების წამოყენება რომ შეეძლოთ.
ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ქეცბაიას ადგილას რომ ვიყო, ასე მოვიქცეოდი - ფეხბურთელების უკმაყოფილების მოტივით პოსტიდან არ გადავდგებოდი.
- ეროვნული ნაკრები მხოლოდ ფეხბურთელების არ არის, ის ყველასია და შექმნილი ვითარების გამო გარკვეული პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციასაც მოეთხოვება...
- თუ ფედერაცია უკმაყოფილოა ნაკრების შედეგით, დაუძახოს მწვრთნელს და დაელაპარაკოს, ცივილიზებული მეთოდით გადაჭრას საკითხი - ან მხარდაჭერა გამოუცხადოს ქეცბაიას, ან აუხსნას, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით და მოელაპარაკოს კონტრაქტის გაწყვეტაზე.
ძალიან მიკვირს და არ მესმის ფეხბურთის ფედერაციის, ეს ორგანო ხომ ვალდებულია, ყველანაირი კონფლიქტი მოაგვაროს ნაკრებში.
ისიცაა - როცა ქეცბაია საკუთარ პოზიციას გამოხატავს, თითქოს მარტოა, ფედერაცია გვერდში არ უდგას. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ცუდად მუშაობს.
- მახსოვს, როცა კლაუს ტოპმიოლერი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ერთ-ერთი ფეხბურთელის დაბადების დღე სანაკრებო შეკრებას დაემთხვა და გუნდი იტალიურ რესტორანში წაიყვანა სავახშმოდ. ასეთი მეთოდის გამოყენება არასდროს გიცდიათ სამწვრთნელო კარიერაში?
- ალბათ, იცით, რომ ანგელ იორდანესკუ ჩემი მეგობარია. ის მიმართავდა ასეთ მეთოდს: ვარჯიშის წინ ეტყოდა ფეხბურთელებს - არ გვინდა ამდენი ვარჯიში და სადმე ბუნებაში გავისეირნოთო. ამაში უცნაური არაფერია.
- ფედერაცია გააკრიტიკეთ, თუმცა ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი პრობლემაა, რასაც მხოლოდ ფედერაცია ვერ მოაგვარებს, თუნდაც ჩვენი საფეხბურთო კლუბების მძიმე ფინანსური მდგომარეობა - ამ კონკრეტული პრობლემიდან რა გამოსავალს ხედავთ?
- არის იმის საშუალება, რომ ჩვენს კლუბებს მიეხედოს.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ამას მაშინ გაიგებთ, როცა ამის დრო დადგება. რამდენჯერაც რაღაც ვთქვი, სხვებმა ისე გამოიყენეს, რომ მადლობაც არ უთქვამთ. ამ საკითხის გადაჭრას ბევრი და სწორი მუშაობა სჭირდება, თორემ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც ხალხი ფეხბურთით სუნთქავდა.
- ფაქტია, ფედერაციის სუბიექტები არ გამოთქვამენ უკმაყოფილებას ფეხბურთის უმაღლეს ხელისუფალთა მუშაობით...
- ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ ბოლო ყრილობაზე ამოიღეს ის პუნქტი, რომლითაც შესაძლებელი იყო, რომ ფედერაციის სუბიექტებს ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები მოეთხოვათ. ამაშია საქმე...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს სპორტის სამინისტრო სასწრაფოდ !!!