დღესაც რა ლამაზ ჟღერს - 57 ცსკა-სთან!

AutoSharing Option
ნიკოლოზ დერიუგინი
დაიბადა 1956 წლის 30 აპრილს ქუთაისში. კალათბურთის თამაში დაიწყო 7 წლისამ ზაურ ჩარკვიანთან. მერე სულიკო თორთლაძე ავარჯიშებდა.

თბილისის "დინამოში" ჩაირიცხა 1975 წელს და 10 წლის განმავლობაში იცავდა მის ღირსებას. სხვადასხვა წლებში თამაშობდა "თბილისში" (1991-1992), უნგრეთის "მუფკში" (1992-1993), თბილისის "ვითასა" (1993-1994) და "სდასუში" (1994-1996), სლოვაკეთის "სლოვაკოფარმაში" (1995-1996).

საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოდიოდა 1978-1985 წლებში, ორი წელიწადი (1995-1996) საქართველოს ნაკრებშიც იყო.

1975 წელს ჭაბუკებში გახდა ევროპის ჩემპიონი, შემდეგ ორჯერ ახალგაზრდებში მიაღწია მსგავს წარმატებას. 1980
წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი 1982 წლის მსოფლიოს, 1981 წლის ევროპის ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის ორგზის (1978, 1979) მფლობელი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს (1997) პრიზიორია.

* * *
ავტოინსპექტორმა ხელი ასწია და სასტვენს ჩაჰბერა. მანქანამ სვლა შეანელა და ზედ მილიციელის ფეხებთან გაჩერდა.
- წრეში შემოდი! - მოესმა ბრძანება.

არაფერი დაუშავებია და ვერ მიხვდა, რას ერჩოდნენ.

- მთელი ცხოვრება კალათბურთს ვთამაშობ და ლახტი არ მეხერხება, - გახუმრება სცადა.
- კალათბურთს კი არა, შენც ახლა დერიუგინი არ მყავდე...
- ჰო, დერიუგინი ვარ. აეროპორტში მიმეჩქარება, სტუმარს უნდა დავხვდე, - იმედი მიეცა, რომ არ შეაყოვნებდნენ.
- თავს ნუ გვაცოდებ... კოლიას ვიცნობ, ჩემი მეგობარია... გადმოდი მანქანიდან, რომ გეუბნები.

სხვა გზა არ იყო, უნდა დამორჩილებოდა.
- მე კი გადმოვალ, მაგრამ... არ დააბოლავა.

კარი გაიღო და ავტოინსპექტორების წინ მთაკაცი წამოიმართა. წითელქუდიანებს დენმა დაურბინა.
- ბიჭო, მართლა დერიუგინი ჩანს, გავუშვათ, - ჩაულაპარაკეს ერთმანეთს...

უკონფლიქტოდ დაშორდნენ. არადა, შეიძლებოდა, გული აცრუებოდა იმ პროფესიის ადამიანებზე, მთელი ცხოვრება რომ ემადლიერებოდა დიდი სარბიელისკენ გზის გაკაფვისთვის.

* * *
- ეზოში ვენური სკამი გვქონდა ხეზე მიმაგრებული, კალათის მოვალეობას ასრულებდა, - იხსენებს სპორტის დამსახურებული ოსტატი ნიკოლოზ დერიუგინი. - ბიჭები ბურთის სროლაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს.

მამაჩემის მეგობარი ავტოინსპექტორი "კალიასკიანი" მოტოციკლით მოგრიალდებოდა ხოლმე და ზოგჯერ ჩვენს ბურთაობასაც უყურებდა. სწორედ, მისი რჩევით მიმიყვანა მამამ კალათბურთის სექციაზე ზაურ ჩარკვიანთან. ერთი წლის შემდეგ ჩემი თავი სულიკო თორთლაძეს ჩააბარეს.

მაშინ ნიკოლოზ დერიუგინი შვიდი წლის იყო. თანატოლებისგან სიმაღლით კი არა, სისხარტე-მოქნილობით გამოირჩეოდა, მიზანშიც უფრო ზუსტად ისროდა.

1973 წელს მოსწავლეთა საქართველოს პირველობაზე ქუთაისელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს. თბილისელ მწვრთნელებს მოეწონათ რიონისპირელთა ლიდერი და იმავე წელს დედაქალაქში გადმოიყვანეს. მე-10 კლასში იყო, ლევან მოსეშვილმა "დინამოს" დუბლებში რომ აიყვანა.

1975 წელს იუნიორთა საკავშირო ნაკრებში მიიწვიეს და გენადი კაპუსტინთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. მომდევნო წელს მსგავს წარმატებას ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მიაღწია. არადა, გუნდში ორი წლით უფროსები თამაშობდნენ - საბჭოთა კალათბურთის მომავალი ვარსკვლავები: ვლადიმირ ტკაჩენკო, სერგეი ტარაკანოვი, ანდრეი ლოპატოვი და სხვები.

- ყველაზე მეტად ჩემს მეხსიერებას მაინც 1977 წელი შემორჩა, - მითხრა ერთხელ დერიუგინმა. - ლევან მოსეშვილმა 14 იანვარს პირველად მანდო ადგილი "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში. სვერდლოვსკის "ურალმაშს" ვეთამაშეთ და 81:63 მოვუგეთ. იმ დღეს 18 ქულა მოვაგროვე...

* * *
ნიკოლოზ დერიუგინმა საკავშირო სარბიელზე გამოჩენის პირველი დღიდანვე დაანახვა სპეციალისტებს, რომ მსოფლიო კალათბურთის კაბადონზე გამოჩნდა ახალი ვარსკვლავი, რომელსაც, როგორც შემდეგ მისი კოლეგები ხუმრობდნენ, შეუძლია, ნებისმიერ გუნდს მოუწყოს "ავიაციის დღე". ეს კი ნათლად გამოჩნდა მოსკოვში ცსკა-სთან მატჩში, რომელშიც დერიუგინს, ფაქტობრივად, საკავშირო პირველობის დებიუტანტს, მთავარი გამოცდა ელოდა.

არმიელთა გუნდი შეუდარებლად ძლიერი იყო - 9 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ლიდერობდა საკავშირო ჩემპიონატს. მოედანზე გასვლის წინ ბიჭებმა გაამხნევეს ახალბედა - ნურაფრის შეგეშინდება, თავისუფლად ითამაშეო. მაშინ "დინამოს" ღირსებას იცავდნენ ოლიმპიური ჩემპიონი მიხეილ ქორქია, გივი ბიჭიაშვილი, ლევან ჩხიკვაძე, იური პულავსკი, იური ძიძიგური, ნოდარ ქორქია, თამაზ ჩიხლაძე, ლევან გულდედავა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მოსეშვილმა გააფრთხილა - სერგო კოვალენკოს სიმაღლეში ვერ დაჩაგრავ, ამიტომ ფეხებში "ჩაუჯექი", წონასწორობას დაკარგავს და სისწრაფით დაჯაბნიო. ყველა რჩევა გაითვალისწინა და პირველი წუთებიდანვე თავისუფლად შეუტია მეტოქის კალათს. თანაგუნდელებიც ბურთებით ამარაგებდნენ. მართალია, ქართველებმა ის მატჩი 100:110 წააგეს, მაგრამ დინამოელთა მე-11 ნომერმა საბჭოთა კავშირის რეკორდი დაამყარა - 57 ქულა ჩაუგდო არმიელებს...

ამ პაექრობის შესახებ მეორე დღეს გაზეთი "სოვეტსკი სპორტი" წერდა, რომ დინამოელთა 18 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა დერიუგინმა თავის გუნდს 57 ქულა შესძინა. ასეთი რამ საკავშირო ჩემპიონატებზე ჯერჯერობით არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია.

რეკორდსმენთან ოთაბრძოლისას მიშკინმა 22-ე წუთზე მე-4 პერსონალური ჯარიმა მიიღო. 36-ე წუთზე 5 საჯარიმოთი მოედანი დატოვა სერგეი კოვალენკომ, ვერც მესამე მეტოქემ - ლოპატოვმა გააწყო მასთან ვერაფერი.

არანაკლებ თავსატეხი გაუჩინა ახალგაზრდა დინამოელმა უკრაინელებს:

"თბილისში ჩამოსულ "სტროიტელს" სხვა პრობლემებთან ერთად უნდა გადაელახა ერთგვარი ფსიქოლოგიური ზღუდე, რაც თბილისელი თავდამსხმელის - ნიკოლოზ დერიუგინის სახელთან იყო დაკავშირებული.

122 ქულა სამ მატჩში - ეს იყო უხილავი ძალა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა "სტროიტელს"... დერიუგინის მოედანზე ყოფნა ფსიქოლოგიურად ბოჭავდა გუნდს და ფიზიკურადაც...

მე-8 წუთზე ტკაჩენკომ ოთხი ჯარიმა ისე მიიღო, რომ ქულაც არ ჰქონდა აქტივში. მწვრთნელებმა, ცხადია, იგი ბელოსტენნით შეცვალეს. მერე უკვე ბელოსტენნიც დაადგა თავისი ამხანაგის გზას.

ამ ფსიქოლოგიური ფენომენის ტყვეობას ვერაფრით დააღწია თავი ლუშჩენკომაც... სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა "სტროიტელის" მთავარი ძალა ყოვლად შეუწყნარებელი შედეგით" (ტკაჩენკო-0, ბელოსტენნი-10, ლუშჩენკო-12)", - წერდა გაზეთი "ლელო" 1977 წლის 30 იანვარს.

ის მატჩი თბილისელებმა 77:76 მოიგეს. წარმატებაში, ცხადია, დიდი წვლილი ახალგაზრდა ნიკოლოზ დერიუგინს მიუძღვის.

მას საკავშირო თუ საერთაშორისო მატჩებში მერეც არაერთხელ გამოუჩენია თავი. იმავე 1977 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებში, "დინამოს" რიგებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და უფროსთა საკავშირო ნაკრებშიც მოსინჯა ძალები.

Sportall.Ge
ფოტოზე: თბილისის "დინამო" კოლიას გარეშე წარმოუდგენელი იყო

* * *
საკავშირო ჩემპიონატში მონაწილეობის პირველი დღეებიდანვე ნიკოლოზ დერიუგინი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - ძალიან სწრაფად და დამსახურებულად იქცა საბჭოთა კალათბურთის ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრად. არაერთი ხმაურიანი გამარჯვება უკავშირდება მის სახელს. მეტოქე გუნდების მწვრთნელებს გადაუჭრელად რჩებოდათ "დერიუგინის პრობლემა", როცა ისინი "დინამოს" ეთამაშებოდნენ.

სპორტის სასახლეში ქომაგები დერიუგინის თამაშის სანახავად დადიოდნენ.

- ათი წლის განმავლობაში დიდ სარბიელზე გამოდიოდით. ყველაზე მეტად რამ გაგახარათ?
- ცხადია, 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებამ. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მაშინ ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ტკაჩენკო, ბელოსტენნი, საბონისი, მიშკინი, ლოპატოვი, ტარაკანოვი, იოვაიშა, ერიომინი, ვალტერსი, ენდენი და ხომიჩუსი.

ქვეჯგუფის თამაშები მედელინში გაიმართა. ფინალური ორთაბრძოლები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იყო დანიშნული. ზღვის დონიდან 2300-2400 მეტრზე, ღრუბლებს მაღლა, სადაც სუნთქვა ჭირდა. კიდევ კარგი, რომ გადაიფიქრეს და ორგანიზატორებმა ორთაბრძოლები კალიში (1100 მ) გადაიტანეს.

ზედიზედ ექვსი შეხვედრის შემდეგ მეორე ეტაპის ბოლო ორთაბრძოლა ამერიკელებთან დავთმეთ 93:99. ამის მიუხედავად, მაინც გავედით ფინალში, სადაც ისევ ოკეანისგაღმელებს დავუპირისპირდით "გიმნასიო დელ პუებლოს" 30-ათასიან დარბაზში.

შვიდი წუთი დავყავი მოედანზე და ყველაზე გადამწყვეტ მომენტში 7 ქულა შევძინე გუნდს. საბჭოთა ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში 95:94 გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა, ისევე, როგორც წინა წელს პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე...

* * *
"ნიკოლოზ დერიუგინის ვარსკვლავი 1982 წელს კოლუმბიის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამობრწყინდა. ვიტყვი მეტსაც - რომ არა კოლია, არ ვიცი, ოქროს მედლებს მოვიპოვებდით თუ არა, - წერს საბჭოთა კავშირის ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი გომელსკი. - ამერიკელებთან ფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა. ცხადი იყო, რომ გაიმარჯვებდა ის, ვისაც მეტი ნებისყოფა და ძალა აღმოაჩნდებოდა...

მეორე ტაიმში შეხვედრას ექვსი ქულით ვაგებდით... სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში დერიუგინს ვუთხარი - "გახურდი, მოედანზე გახვალ"...

და კოლია გავიდა მოედანზე, რათა საკალათბურთო მატიანეში სამუდამოდ დაეტოვებინა საკუთარი სახელი... ზედიზედ ორჯერ საჭირო ბურთები ჩააგდო. მერე მეურვეები ჰაერში ასწია, მოატყუა ისინი და კიდევ ორი ქულა მოუტანა ჩვენს ნაკრებს. რამდენიმე წამის მერე ერთი საჯარიმოც მიითვალა.

იმ დროს, როცა ამერიკელებს, ფაქტობრივად, ყველაფერი გადაწყვეტილი ეგონათ, დერიუგინმა წონასწორობა აღადგინა. რაც მთავარია, თანაგუნდელებს მატჩის მოგების რწმენა დაუბრუნა".

* * *
- გულიც, ალბათ, ბევრჯერ დაგწყვეტიათ...
- ცხადია, თუმცა ყველაზე საწყენი ის იყო, რომ 1980 წელს ოლიმპიური ჩემპიონობა ვერ მოვიპოვეთ. არადა, ძლიერი გუნდი გვყავდა. ამერიკელებმა მოსკოვს ბოიკოტი რომ გამოუცხადეს, შეჯიბრების დაწყებამდე თავი გამარჯვებულებად მივიჩნიეთ და დავისაჯეთ კიდეც: ორი მატჩი დავთმეთ - იუგოსლავიელებთან და იტალიელებთან.

სამხრეთ სლავებს უძლიერესი ხუთეული ჰყავდათ - ჩოსიჩი, დები ლაშიჩი, დელიპაგიჩი, ერკოვი და კიჩანოვიჩი, აპენინელთა ღირსებას კი დიდი მენეგინი იცავდა. ყოველივეს მიუხედავად, მაინც უნდა დაგვემარცხებინა ორივე გუნდი. საბოლოოდ მესამე ადგილს დავჯერდით.

ასევე ბრინჯაო გვხვდა 1983 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

- განსაკუთრებით ვის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?
- ტანმაღალი კალათბურთელები მეტწილად მოუქნელები იყვნენ და სისხარტით ვჯაბნიდი მათ, აი, არვიდას საბონისთან ორთაბრძოლა კი ნამდვილად მიჭირდა. ამ კალათბურთელს უხვად დააბერტყა უფალმა სიმაღლეც, მოქნილობაც, სისწრაფეცა და ჭკუაც. ამიტომაც იქცა სიცოცხლეშივე ლეგენდად.

- ტკაჩენკო?
- მოედანზე სულ დაბღვერილი გამოიყურებოდა - საამისოდ გარეგნობაც ხელს უწყობდა. თუმცა სხვებივით ძალად უხეშობას ერიდებოდა. შეცდომები თუ მოსდიოდა, მხოლოდ მოუქნელობით. სამაგიეროდ, კარგი მეგობრობა იცოდა...

* * *
ისევ გომელსკის მოვუსმინოთ:
"უნდა აღინიშნოს, რომ კოლია თავდასხმაში უფრო საინტერესოდ და მრავალმხრივად მოქმედებდა, ვიდრე მაშინდელი ჩვენი ცენტრები, მათ შორის - საბონისი. ერთ-ერთ ინტერვიუში "ჟალგირისის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადას გარასტასმა თქვა კიდეც - ცუდი არ იქნებოდა, არვიდასს მრავალმხრივი თამაში ნიკოლოზ დერიუგინისგან ესწავლაო.

და ეს იყო სიმართლე, რადგან კოლიას თავის არსენალში ჰქონდა ბურთის "კაუჭით" ტყორცნა, ფინტები. შეეძლო მეტოქისთვის მაშინაც ეჯობნა, როცა ფარისკენ ზურგით იდგა. შესანიშნავად ხედავდა მოედანს და, რაც მთავარია, ბურთს უფრთხილდებოდა. ისეთ გიგანტებს, როგორებიც იყვნენ ტკაჩენკო, კოვალენკო, სილანტიევი, ლოპატოვი, გრიშაევი და სხვები, დერიუგინი ფინტებით ატყუებდა მათ და ისინიც იძულებული ხდებოდნენ, პერსონალური ჯარიმები მიეღოთ".

Sportall.Ge
ფოტოზე: 1995 წელი. ნიკოლოზ დერიუგინი საქართველოს ნაკრებში თამაშისას, ისრაელის წინააღმდეგ

* * *
- 26 წლისამ დატოვეთ სარბიელი. ნაადრევი ხომ არ იყო?
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხომ 1986 წელს მძიმე ტრავმა მივიღე და იძულებული გავხდი, დიდ სპორტზე უარი მეთქვა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი მოედანს - ნოდარ ქორქიამ ვეტერანი კალათბურთელებისგან გუნდი ჩამოაყალიბა - "თბილისი", რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფინალში "ვითას" დაუპირისპირდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, კვლავ სავსე სპორტის სასახლე რომ ვიხილე. მერე "ვითას" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონიც გავხდი.

- ქუთაისელ კაცს სახალისოდ მოსაგონარიც ბევრი გექნებათ...
- ნამდვილ ამბავს მოგიყვებით: ერთ სვან კალათბურთელს ვავარჯიშებდი. ზაფხულის არდადაგებისას სვანეთში წაიყვანეს. გამგზავრების წინ მამამისმა მითხრა, ბიჭს ფარი და ბურთი შევუძინე, რომ ზაფხულში ივარჯიშოს, ოღონდ ეს მითხარით, რგოლი რა სიმაღლეზე დავაყენოო. ავუხსენი ყველაფერი.

რამდენიმე თვე არ გამოჩენილან - სვანეთში შეაგვიანდათ. მამამისმა მითხრა, შვილი ცოტა ხნით კიდევ დავტოვე სვანეთში, თითქოს ვარჯიშობს, მაგრამ რგოლამდე რატომღაც სიმაღლე 40 სანტიმეტრით გაიზარდა და ბიჭი ბადეს ვეღარ წვდება, რა ხდება, ვერ გავიგეო.

ვკითხე, ფარი სად მიამაგრეთ-მეთქი, ხეზეო, მიპასუხა. მერე, ხე ხომ გაიზრდებოდა-მეთქი, უი, ამაზე არ მიფიქრიაო...

- ახლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელთა გუნდს ხელმძღვანელობთ.
- დიახ, საერთაშორისო სტუდენტური საკალათბურთო ლიგის დებიუტანტები ვართ. 9 მატჩიდან ხუთი მოვიგეთ და ოთხი დავთმეთ, ამის მიუხედავად, გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე ვართ და შემდგომ ეტაპზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ. თანდათან ვეჩვევით საერთაშორისო სარბიელს. საგაისოდ უფრო სერიოზული გეგმები გვექნება.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა იქნებოდა დაცლოდა და ეთამაშა კიდე ერთი სამი წელი მაინც
ეეეჰ
01:41 17-04-2017
0
...მთელ ტანზე სიამაყის ბურძგლი მადევს კოლიას თამაშები რომ მაგონდება...დიდი კოლია, კარგი კაცი!
murtalo
03:34 30-12-2013
0

სიახლეები პოპულარული