უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავარდნა ხეირს არ დაგვაყრის

AutoSharing Option
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ახლა მთელი საქართველო კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს უყურებს და ჩვენს გუნდს ქომაგობს. ასეთი ინტერესი ქართული გუნდისადმი დიდი ხანია არ ყოფილა, რაც მნიშვნელოვანწილად წინასატურნირო მატჩებში გამარჯვებებმა განაპირობა. მერე ისრაელში ლიტვასაც ვძლიეთ და უკვე პრეტენზია გაგვიჩნდა ევრობასკეტზე რომელიმე სინჯის მედლის მოპოვებისა.

მოთამაშეებს ჯერ ყველა აქებდა, ორი წაგების შემდეგ კი პირიქით მოხდა. რას იზამ, უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადავარდნა გვჩვევია.

მოკლედ, უცბად უსაზღვრო ოპტიმიზმი პესიმიზმმა შეცვალა. ზოგი თვლის, რომ ამხანაგურ მატჩებს კალათბურთელებმა დიდი ძალა შეალიეს, გადაიღალნენ და ამის გაკეთება
არ იყო საჭირო. რომ არ გაეკეთებინათ, იმას იტყოდნენ, რატომ არ გააკეთეს, რატომ არ მოიგეს, იმიტომ დავმარცხდით ისრაელში ორჯერ ზედიზედო.

ერთი სიტყვით, ხომ გაგიგიათ, სხვა სხვის ომში ბრძენიაო, დაახლოებით ასეა საქმე.

კაცს რომ ამბიცია გაუჩნდება, ძნელია მისთვის დროებითი წარუმატებლობის გადატანა. იმის აბსურდული ეჭვიც კი გაჩნდა, რომ თქვენ წარმოიდგინეთ და, ტოტალიზატორზე მიდის თამაში და ა.შ. არადა, ყველას დაავიწყდა, აქამდე როგორ მოვედით.

ლიტვასთან მატჩისას არვიდას საბონისი აჩვენეს რამოდენიმეჯერ. ვერ იყო აშკარად ხასიათზე, აღიარა კიდეც, ერთ თვეში გუნდი რომ ორჯერ მოგიგებს, ეს უკვე შემთხვევითობა არააო.

ძველ გულშემატკივრებს ახსოვთ, ვინ იყო საბონისი, ვინ იყო ხომიჩუსი, კურტინაიტისი, იოვაიშა, მათთან მუდამ ვმარცხდებოდით, ისინი სხვა კლასისანი იყვნენ, თითქოს სხვა გალაქტიკისანი და იმდენი მოახერხა ქართულმა კალათბურთმა, გაუთანაბრდა და უგებს კიდეც. დაგვავიწყდა, რომ სსრკ-ის დაშლის წინ ოდენ ნიკოლოზ დერიუგინის იმედად ვიყავით და უმაღლესი ლიგიდან რომ არ გავარდნილიყვნენ, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოჰყავდათ კალათბურთელები.

ამ 25 წელიწადში ქართულმა კალათბურთმა არნახული პროგრესი განიცადა და ბუნებრივია, ამბიციებიც მოგვეძალა. რატომაც არა, მადა ხომ ჭამაში მოდის. და ისმის ლოგიკური კითხვა - ილუზიური ხომ არაა ეს ამბიცია?

სულაც არა, რადგან 7 მაღალი კლასის კალათბურთელი ცოტა ნამდვილად არაა; თუ ოდნავ სხვებიც შეეშველებიან და ხანდახან ამოსუნთქვის საშუალებას მისცემენ, მაგას რა აჯობებს, მაგრამ ვერ ეშველებიან.

ლიტვასთან ამხანაგური შეხვედრა გავიხსენოთ. შეუშვა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მოედანზე სათადარიგოები და მეორე პერიოდი პირწმინდად წავაგეთ. ეს უკვე სულ სხვა გუნდი იყო და დიდხანს რომ გაგრძელებულიყო მათი მოედანზე ერთად ყოფნა, კატასტროფულ შედეგს მივიღებდით.

თუმცა კი, ცალ-ცალკე ზოგიერთმა ცალკეულ ეპიზოდებში თავი ურიგოდ როდი წარმოაჩინა. მაგალითად, ილია ლონდარიძემ ლატვიასთან, მერე კი, სამწუხაროდ, "დაიკარგა". გოგა ბითაძეზეც იგივე ითქმის, მიხეილ ბერიშვილზეც. უკრაინასთან ამ უკანასკნელმა სამი საჯარიმოს სროლის უფლება მოიპოვა. სახეზე აშკარა ნერვიულობა ეტყობოდა და მხოლოდ ერთი ჩააგდო, ისიც ძლივს.

ამ ბიჭებს გამბედაობისათვის სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ, მაგრამ საქმეც ისაა, პრაქტიკის დრო რომ არაა. ზუროსს ერთგვარ ცაიტნოტში უხდება მუშაობა და როდესაც გადაღლილი მისი შეგირდები შეცდომებს უშვებენ, სათადარიგოთა სკამთან ემოციებს ვეღარ მალავს. რა ქნას, უფრო ხშირად რომ ათამაშოს ეს ბიჭები და დამარცხდეს, მაშინ ამაზეც დაუწყებენ კრიტიკას.

თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდს პრობლემები აქვს და ეს მისახედია. კი თქვა უკრაინელთა თავკაცმა ევგენი მურზინმა, ჩვენს მეტოქეს მხოლოდ 7 კალათბურთელი ჰყავს და ეს გამოვიყენეთო, მაგრამ ის 7 კალათბურთელი პირველ პერიოდშივე დაღლილი ხომ არ იყო, 7-დან მხოლოდ 1 სროლა რომ გამოიყენა და სადღაც მე-5 წუთისთვის მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა მოპოვებული?

რაღაც ტრილერს ემსგავსება ჩვენი თამაში, ვაგებთ, ვაგებთ, ძალად ვიქმნით პრობლემას და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გმირული ძალისხმევა გვჭირდება. რამდენიმეჯერ გამოგვივიდა, ცოტა გაგვიმართლა კიდეც, ბოლო წამებზე ჩვენ ვივარგეთ, მოწინააღმდეგემ ვერა, მაგრამ ასე სულ არ გაგრძელდებოდა. ფორას რომ მისცემ ვიზავის, მერე სულ მდევრის როლში ძნელია ყოფნა, დიდ ძალას გართმევს და იფიტები.

ან ამ პუსტოვოის და ლიპოვოის (პუსტას და ლიპას) გაჩერება რაღა გახდა? ჩვენმა უკეთესმა ცენტრებმა პირველს ფარი დაუთმეს, ხოლო მეორეს, რომელსაც "ვითადან" ვიცნობთ, ბურთები პერიმეტრიდან აყრევინეს და ალბათ, მანაც კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მეოთხე მეოთხედში კი ისე ჩანდა, თითქოს უნდა მოგვეგო, მაგრამ ბოლოსკენ თორნიკე შენგელიამ შეტევაში ორჯერ დაკარგა ბურთი.

თუმცა კი, შენგელია ისე ასპარეზობს, მასზე ოდნავი საყვედურის თქმაც კი არასწორია (მარტო ლიტვასთან აღებული 28 ქულა რამდენს ნიშნავს!). ასეა, წინ არგასაშვებ მეტოქეს 15 ქულით რომ გაუშვებ წინ, რა თქმა უნდა, მისი დევნა გაგთანგავს, ქანცს გამოგაცლის და ენდშპილში შეცდომების დაშვებას დაიწყებ.

რა იქნება ხვალ? ისრაელმა სენსაციურად გერმანიას მოუგო, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მიეცა და საკუთარ მოედანზე თავს შეგვაკლავს. მაყურებლის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ეს, ფაქტობრივად, ფინალური ორთაბრძოლა იქნება და იმედია, გაგვახარებენ ბიჭები. სწორედ ხვალ გამოჩნდება მათი შნო და მარიფათი.

ისე, მართალი გითხრათ, ამ ტურნირის შემდგომი ეტაპი უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ქართული კალათბურთის ხვალინდელი დღისთვის, ვინაიდან წამყვანი მოთამაშეების ნაწილი ორ ფრონტზე (ნაკრებსა და კლუბში) ასაკის გამო ასპარეზობას, ალბათ, ვეღარ შეძლებს, ნაკრები გაახალგაზრდავდება, გადახალისდება და ძნელი სათქმელია, რამდენად მტკივნეული იქნება თაობათა ცვლის პროცესი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
მკითხველის კომენტარები / 13 /
დიდი იმედი მაქ თქვენი ბიჭებო, მიაწექით არც თავი დაზოგოთ და არც მოწინააღმდეგე!!! გულით და სულით თქვენთანაა მთელი ქვეყანა!!!
რაჟდენ (რაჟიკო) ფაჩულია
11:32 05-09-2017
0
მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსაგებად გავდივართ მოედანზე და ყველას უნდა გაახაროს გულშემატკივარი და ქვეყანა, მაგრამ ბურთი მრგვალია...
ზაზა
10:58 05-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული