გიორგი ლორია კინოზე, სარეკლამო კლიპზე, მწვრთნელობასა და აღიარებაზე

AutoSharing Option
26 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განვლილი წელი შეაჯამა და 2013 წლის გამორჩეული ფეხბურთელები დაასახელა.

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია აღიარეს, რომელმაც თანაგუნდელებს - ელგუჯა გრიგალაშვილს და ესპანელ ლეგიონერ ჩისკოს გადაასწრო.

ლორია "ლელოს" განვლილ სეზონზე, სამომავლო იმედებსა და სხვა საინტერესო თემებზე ელაპარაკა...

- ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელდ აღიარებას გილოცავთ!
- დიდი მადლობა. ბავშვობიდან ბევრი პრიზი მიმიღია, როგორც საუკეთესო მეკარეს და თითოეული მათგანი ჩემთვის ღირებული იყო, მაგრამ საუკეთესო მოთამაშე პირველად გავხდი.

აღიარება და დაფასება ყოველთვის სასიამოვნოა.
მით უფრო, რომ ფედერაციამ ლამაზი საღამო მოაწყო. საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა და მისი ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება პატარა ამბავი არ არის.

- საქართველოში ტოპ-კლასის ჩემპიონატი არ გვაქვს, მაგრამ საუკეთესოობა მაინც სასიამოვნო განცდაა...
- საწყენია, ძლიერი ჩემპიონატი რომ არ გვაქვს. ყველას უკეთესი დონე და ევროპულ ტურნირებზე ჩვენი კლუბების წარმატებული გამოსვლა გვსურს. მაგრამ მთავარია, ამ პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში ნიჭიერი მოთამაშეები მაინც იზრდებიან.

ამიტომაა სასიამოვნო, შრომა რომ გიფასდება. ამ ტიტულით კი, ასე მგონია, მადლობა ყველა იმ ადამიანს გადავუხადე, ვისაც ჩემს გაზრდაში მცირე წვლილი მაინც მიუძღვის - მშობლებსაც, მწვრთნელებსაც, კლუბსაც, თანაგუნდელებსაც...

- განვლილი წელი თქვენთვის იმითიც იყო გამორჩეული, რომ სამსახიობო დებიუტი გქონდათ, თანაც, საკმაოდ ხმაურიანიც...
- ხმაურიანის რა გითხრათ, მთხოვეს და დავთანხმდი. ეს კინოში ჩემი დებიუტი იყო. რაც მთავარია, რეჟისორი კმაყოფილი დარჩა.

- ცნობილ ლიგებში ფეხბურთელთა პირადი სასპონსორო კონტრაქტები არავის უკვირს. ჩვენი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებით კი ბიზნესი არ ინტერესდება. ამის გათვალისწინებით, იშვიათი შემთხვევაა, რომ სარეკლამო კლიპში გადაგიღეს...
- კი, "ცივი ჩაის" რეკლამაში გადამიღეს. არ დავმალავ, მოულოდნელიც იყო და სასიამოვნოც. თავს არ მოვიტყუებ, ესეც ესპანეთთან სანაკრებო თამაშის შედეგი იყო. ეტყობა, მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ რაღაც მოულოდნელი მოხდა, რომ ესპანეთს წინააღმდეგობა გავუწიეთ და რამდენიმე კარგი ბურთი ავიღე. გაუკვირდათ - ვინაა ის ბიჭი, ესპანეთთან გოლი რომ არ გაუშვაო?! (იცინის).

უბრალოდ, მაშინ ეს თემა საფეხბურთო სამყაროს გასცდა და მერე მოვიდა აღიარება, თუ ამას აღიარება ჰქვია. დიდი აღიარებისთვის მაინც ევროპაში თამაშია საჭირო.

- ევროპიდან რეალური წინადადება არ გქონიათ?
- "დინამოსთან" კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ მიმთავრდება, თან გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მაგრამ კარიერის ბოლომდე საქართველოში, ალბათ, არ დავრჩები, უცხოეთში თამაში არ მსურს... ისე, "დინამოში" დროს არ ვკარგავ.

დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდე - სხვა საქმე არც ვიცი.

"დინამოში" რამდენი მწვრთნელიც მყავდა, იმდენი რაღაცას ვინიშნავდი და ვიმახსოვრებდი.

კარიდან ყველაფერი კარგად ჩანს, მწვრთნელის პლუს-მინუსებიც და შანსი ახლა უფრო მაქვს, ეს საქმე რომ ავითვისო. დანარჩენი უკვე პრაქტიკაზე იქნება დამოკიდებული.

- ლორია ნაკრებში და ლორია "დინამოში" - გარედან ისე ჩანს, თითქოს, ეს ორი სხვადასხვა მეკარეა...
- თუ იმას გულისხმობთ, რომ ნაკრები სხვაგვარი სტიმულია, ეს სავსე ტრიბუნების დამსახურებაა.

ასეთი გარემო ნებისმიერ მოთამაშეს მუხტავს. მაგრამ თავმოყვარე მეკარეს არ აქვს უფლება, ზერელედ მოეკიდოს ეროვნული ჩემპიონატის რიგით შეხვედრასაც კი. თუ დამიჯერებთ, მე სწორედ ასე ვარ. მაგრამ შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის და თუ "დინამოს" კარში გოლი ჩემ გამო გასულა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატის ან კლუბის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მაქვს.

პროფესიონალები იმიტომაც ვართ, რომ პრობლემები დავივიწყოთ და ყველა მატჩს ერთნაირად მივუდგეთ.

- შვებულება ფეხბურთელებისთვის დიდი ფუფუნებაა. საერთოდ, ახალ წელს სად ხვდებით ხოლმე?
- სახლში ყოფნას ვამჯობინებ. მაგრამ მიყვარს ერთია და, სამწუხროდ, ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ.

თუმცა წლეულს ასე იქნება - ახალ წელს ოჯახში შევხვდები და ეს ძალიან მახარებს.

- რას უსურვებთ საკუთარ თავს, გულშემატკივრებსა და "ლელოს"?
- ჩემთვის, უპირველესად, ჯანმრთელობას ვისურვებდი და მერე, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველ გულშემატკივარს ვუსურვებ, რომ 2014 წელმა ბევრი სიხარული მოუტანოს, პრობლემები და გაჭირვება აღარ ჰქონოდეს. მათაც ვუსურვებ და ჩემს თავსაც, რომ სტადიონზე ევლოთ და ტრიბუნები შეევსოთ.

რაც შეეხება "ლელოს", ახალ წელს ტირაჟის გაზრდას გისურვებთ და ერთი თხოვნაც მექნება - კარგი იქნება, თუ გაზეთს მთლიანად გააფერადებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული