ოჰ, ეს მარკეტინგი... რაც ელგუჯა გრიგალაშვილის ტრანსფერს სჭირდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ტრანსფერზე, სხვათა გარდა, 24 წლის ელგუჯა გრიგალაშვილიც დააყენა - ცხადია, არა იმიტომ, რომ კლუბი მისით უკმაყოფილოა, გრიგალაშვილი ხომ "დინამოს" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, ვისაც უკვე ეროვნულ ნაკრებშიც იწვევენ.

ძნელია, ნაკლი შენიშნო მის თამაშში. ღონიერი, აგრესიული, ტექნიკური, კარგი პასით და ძლიერი დარტყმით - ასეთია ამ შუახაზელის მოკლე დახასიათება. მას უნივერსალური თვისებებიც აქვს: ცენტრშიც შეუძლია თამაში და ორივე ფლანგზეც.

ასეთი მოთამაშის ტრანსფერზე დაყენების მიზეზი, ალბათ, ის უნდა იყოს, რომ თავად გრიგალაშვილს სურს უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში გადასვლა. საკითხავი ისღა რჩება, საამისოდ
რატომ გახდა აუცილებელი მისი ტრანსფერზე დაყენება?

ვფიქრობ, პასუხი ამ კითხვასაც იოლად მოეძებნება - ზოგადად, ქართველ ფეხბურთელს აღარ აქვს კარგი რეკლამა. ჩვენი კლუბები ევროსარბიელზე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ აღწევენ, ხოლო ეროვნული ნაკრები რა ხვითოც არის, დიდი ხანია, ყველამ იცის.

მაშ, რა უნდა ქნას ასეთ დროს კარგმა ფეხბურთელმა? აგენტს შეუძლია, ასეთი მოთამაშე უკრაინისა თუ რუსეთის საშუალო გაქანების კლუბში მოაწყოს ან აზერბაიჯანში წაიყვანოს, მაგრამ გრიგალაშვილი, ალბათ, მეტს იმსახურებს. 24 წლისაა და მხოლოდ უკეთესი ფინანსური პირობები ვერ იქნება მისთვის მომხიბვლელი, წინსვლის რესურსი აქვს და სათანადო კლუბში თუ ვერ მოხვდა, პროგრესი ძალიან გაუჭირდება.

მას რაღაც-რაღაცებში უკვე გაუმართლა. მარტვილის "მერანისა" და ბათუმის "დინამოს" შემდეგ ქუთაისის "ტორპედოში" მოხვდა, კარგ მწვრთნელთან. გია გეგუჩაძის ხელში ის საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფეხბურთელად იქცა და თემურ ქეცბაიამ ნაკრებშიც გამოიძახა...

ამის შემდეგ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ გეზი შეცვალა, გუნდი კიდევ უფრო გააახალგაზრდავა, გრიგალაშვილი კი, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, თბილისის "დინამომ" აიყვანა. შეიძლება ითქვას, ეს "დინამოს" ყველაზე წარმატებული გარიგება იყო წინა სატრანსფერო პერიოდში.

კულუარებში ამბობენ, რომ "დინამომ" გრიგალაშვილი ჩალის ფასად შეიძინა. ალბათ იმიტომ, რომ ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობამ, უბრალოდ, ანგარიში გაუწია ფეხბურთელს, თორემ სატრანსფერო ფასებში "ტორპედოს" მფლობელი კარგად იყო გაცნობიერებული.

ევროსარბიელზე ფეხბურთელი უფრო კარგად იცნობა. "დინამო" შარშან ვერ გამოვიდა რიგიანად ევროტურნირზე და ძნელია ვინმეს გამორჩევა, თუმცა მაინც მგონია, რომ გრიგალაშვილმა იმ მატჩებში თავი ნორმალურად წარმოაჩინა. "ტოტენჰემთან" 0:5-ზე წაგებულ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ ეს ფეხბურთელი "დინამოსთვის" განსაკუთრებულად ფასეულია.

დამამახსოვრდა ლევან კობიაშვილის ფრაზაც "ლელოსთან" ინტერვიუში. ქეცბაია აუგად რომ მოიხსენიებს ეროვნულ ჩემპიონატს, ნაკრებში მოთამაშე გრიგალაშვილმა იმდენჯერ დაარტყა კარისკენ, ეს, მგონი, არც ერთ ლეგიონერს არ გაუკეთებიაო - დაახლოებით ასეთი რამ გვითხრა კობიაშვილმა.

საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელის სვე-ბედი არ არის ტკბილი, რაც ამ სატრანსფერო პერიოდშიც გამოჩნდა. კლუბმა დაფინანსება შეამცირა, ფეხბურთელს კონტრაქტით გათვალისწინებულ ჯამაგირს ვეღარ უხდის...

ცხადია, ამ ფეხბურთელს სხვა გუნდში უნდა გადასვლა და ამ დროს მას ის კლუბი ეპატიჟება, რომლის მფლობელი და ბიუჯეტი ჯერ გარკვეული არ არის - აი, ასეთები ხდება ჩვენთან.

ვფიქრობ, გიორგი ლორიას შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში სატრანსფეროდ ყველაზე საინტერესო ფეხბურთელი სწორედ ელგუჯა გრიგალაშვილია. ის თავის გზას აუცილებლად იპოვის.

შესაძლოა, ეს სეზონი "დინამოშივე" ჩაამთავროს და მერე წავიდეს უცხოეთში, ოღონდაც დასანანია, რომ ასეთ ფეხბურთელს ისეთი რეკლამა არ აქვს, როგორსაც იმსახურებს; ის მარკეტინგი, რაც ტრანსფერისთვის ძალიან საჭიროა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგით რააა რეებს წერთ?კარგი ფეხბურთელი თვითონ უკეთებს თავის თავს რეკლამას.ნიჭიერ ფეხბურთელებს ეძებენ!ნაკრები,ევრო ტურნირები,კიდევ სად უნდა მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება?ვისაც როგორ გინდათ ისე გაიგეთ,დღეს ჩვენი ფეხბურთელები რომ ფეხბურთს თამაშობენ,მასეთები სერიოზულს არავის არა სჭირდება.განძრევა ეზარებათ,სძინავთ,რომც მიიწვიოს ვინმემ,ეყოლება სათადარიგოთა სკამზე ცოტა ხნით და გამოუშვებს უკან.ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ასეა.
0
აწი სადღა წავა, გვიანია.
kukusha
17:51 16-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული