გიორგი შაშიაშვილი: შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კარიერა დავასრულე

AutoSharing Option
დეკემბერში გიორგი შაშიაშვილმა თბილისის "დინამო" კლუბთან შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

"ლელო" მაშინაც წერდა, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კარიერის დასრულებას და ბავშვთა ფეხბურთში მუშაობას აპირებდა - მას "დინამოს" აკადემიაში გადასვლა შესთავაზეს.

თავიდან შაშიაშვილი ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებოდა, მაგრამ 22 იანვარს ეს ამბავი დაგვიდასტურა.

"სანამ საკითხი არ გადაწყდებოდა, მანამდე ლაპარაკს ვერიდებოდი. ახლა კი უკვე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კარიერა დავასრულე.

თბილისის "დინამოში" ბოლოს აღარ ვთამაშობდი, ასაკმა თავისი გაიტანა და როცა კლუბის საფეხბურთო აკადემიაში მუშაობა შემომთავაზეს, გამიხარდა და დავთანხმდი.

"დინამოს" აკადემიის 15-წლამდელებში ვიქნები, პარალელურად,
2004 წელს დაბადებულთა მეორე გუნდსაც გავწვრთნი",
- გვითხრა შაშიაშვილმა.

Sportall.Ge

ის ამბობს, რომ აქტიური კარიერის შემდეგ ბავშვთა ფეხბურთში გადასვლა იოლი არ იქნება:

"ეს სულ სხვა სფეროა. ბავშვებთან მუშაობა რთულია. მწვრთნელის თითოეულ სიტყვასა და საქციელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა, ბავშვებთან მუშაობა კი სასიამოვნოა.

ისიც მახარებს, რომ "დინამოში" ვრჩები და ქართული ფეხბურთის მომავლისთვის ვიმუშავებ".


Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაშიაშვილმა კარიერა დაიწყო იქ, სადაც დაასრულა - თბილისის "დინამოში". მაშინ სულ რაღაც 15 წლის იყო.

1998 წელს თსუ-ში გაანათხოვრეს, სადაც ერთი წელი გაატარა. 1999 წელს "დინამოს" დაუბრუნდა და გუნდთან ერთად 2004 წელს "თანამეგობრობის თასი" მოიგო, იმავე წელს კი ითამაშა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე. წლების განმავლობაში იყო გუნდის კაპიტანი.

2005 წელს შაშიაშვილმა ვლადიკავკაზის "ალანიას" მიაშურა, თუმცა იქ კარიერა ვერ აეწყო. ასევე იყო ოდესის "ჩერნომორეცში", სადაც 2006 წელს გადავიდა, მაგრამ არც უკრაინაში მიეცა ძირითადში თამაშის საშუალება და 2007 წელს, ნახევარი სეზონით, ფორმის აღსადგენად "დინამოს" იჯარით დაუბრუნდა.

შემდეგ იყო ისევ ოდესა, საიდანაც ავსტრიაში, კერძოდ, გრაცის "შტურმში" გააგრძელა კარიერა. ის ამ კლუბს მშვენივრად შეეწყო და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი.

Sportall.Ge

2009 წლიდან უკვე ბერძნული "ერგოტელისის" ფორმა მოირგო, 2012 წელს გორის "დილაში" ჩაირიცხა, 2013-ში "დინამოს" დაუბრუნდა და დეკემბერში ბუცებიც ჩამოჰკიდა.

შაშიაშვილი იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ხოლო 2001 წლის 9 მაისს, აზერბაიჯანის ნაკრებთან ქვეყნის ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

Sportall.Ge

სულ "ჯვაროსნების" ფორმა 30-ჯერ მოირგო, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი მსოფლიოს ჩემპიონ იტალიის ნაკრებს გოლიც გაუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მადლობა გიორგი, იმ დიდი სიხარულისთვის რომელიც არა ერთხელ მოგინიჭებია გულშემატკივრისთვის. მარტო ბუფონის კარში გატანილი გოლი რად ღირდა. ყოველთვის გამოირჩეოდი მინდორზე ბრძოლის ჟინით, რაც დღეს ძალიან გვაკლია. ღმერთმა დაგლოცოს და სამწვრთნელო საქმიანობაში კიდევ უფრო მეტი წარმატებები მოგცეს.
gaiozi
11:32 23-01-2014
0

სიახლეები პოპულარული