ინფრასტრუქტურა: 4,5 მილიონი ფოთის სტადიონისთვის, 25 მილიონი - ბათუმის

AutoSharing Option
ფოტოზე: ერთ-ერთი პროექტით ბათუმში ასეთი სტადიონი უნდა აშენებულიყო...

საქართველოს ჩემპიონატში ზამთრის პაუზაა. გუნდები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან. ვისაც ფული აქვს, უცხოეთში ემზადება, რაზეც საქართველოში დარჩენილი უფულო გუნდები მხოლოდ ოცნებობენ...

სადაა მოსამზადებელი ცენტრები?!
საქართველოში მომზადებას უცხოელები კი არა, ჩვენივე გუნდები თაკილობენ. ცხადია, კლიმატით ესპანეთს, კვიპროსსა და თურქეთს ვერ შევედრებით, რადგან იქ გაცილებით რბილი და მშრალი ჰავაა, სასტუმროებიც ბევრად მეტი და უფრო კეთილმოწყობილია.

რაც მთავარია, საქართველოში არ არის ნორმალური მოსამზადებელი ცენტრები. ლამაზი მთებით მაინც ვართ განებივრებულები, ზაფხულში კი მაღალმთიან ადგილებში მომზადებას ყველა გუნდი
ესწრაფვის.

თუმცა სამთო კურორტებზე საფეხბურთო ცენტრი მხოლოდ დუშეთში მოაწყვეს და ისიც - ბოლო წლებში. ბაკურიანში, აბასთუმანში, გუდაურში, ყაზბეგში, ფასანაურში, ბეშუმში, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში კი მსგავსი რამ არ არსებობს. ბორჯომში ერთი მოედანია, რაც არასაკმარისია.

არც ზამთრის მოსამზადებელი ცენტრები გვაქვს. კომპლექსს ვინ ჩივის, დიდ ზღვისპირა ქალაქებში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონებიც არ არის, ხარისხიანი მოედანი ერთ სასტუმროსაც არ აქვს. ესპანეთის, კვიპროსისა და თურქეთის სანაპიროები ამის გამო კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება - ლამის ყველა სასტუმროს საკუთარი მინი-სტადიონი აქვს.

ზამთრისა თუ ზაფხულის კურორტებზე მოსამზადებელ ცენტრებს თუ მოაწყობენ, საქართველოშიც გაჩნდება დამატებითი შემოსავლის წყარო. თუ გაიხსენებთ, ორი წლის წინათ რუსმა ბიზნესმენებმა აფხაზეთში ლესელიძის სპორტული ბაზები სწორედ მისი კეთილმოწყობისა და საფეხბურთო ბიზნესის განვითარების მიზნით შეისყიდეს. ანუ, ეს ბიზნესი შავიზღვისპირეთშიც პერსპექტიულია.

4,5 მილიონი ფაზისისთვის
ამ მხრივ, კარგი ამბები შევიტყვეთ. ყოველ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გაჩნდა იმედი, რომ ფოთისა და ბათუმის სტადიონებს მალე მოევლება.

ფოთის სტადიონზე საფარი 2012 წელს შეცვალეს, მაგრამ ტრიბუნები დანგრეულია და შარშან სუპერთასის ფოთში გამართვის იდეაზე ფედერაციამ ხელი ამიტომაც აიღო.

მშენებლობის ნაწილი 2013 წელს უნდა დასრულებულიყო. ცნობილიც იყო, რომ ზამთარში ფოთში ჩაიტანეს 3 700 ინდივიდუალური სკამი და მისი მონტაჟი მალე უნდა დასრულებულიყო. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს ფეხბურთის ფედერაციის საჩუქარი იყო. ზვიად სიჭინავას "ფაზისის" კეთილმოწყობა აინტერესებდა. მაგრამ სტადიონი ჯერაც ასაშენებელია.

Sportall.Ge

"სამუშაოები 2012 წელს დაიწყო, მაგრამ მერე გაჩერდა და 2013 წელს კვლავ განახლდა. ტრიბუნების ფუნდამენტი ჩაყრილია.

ახლა დამაიმედებელი ამბები შევიტყვეთ. როგორც ცნობილია, ყველა ქალაქს პრიორიტეტული პროექტების დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვს. ფოთმა ერთ-ერთ ასეთ პრიორიტეტად სტადიონის მშენებლობა დაასახელა და გადაწყდა, რომ მისი მშენებლობისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 4,5 მილიონი ლარით დაგვაფინანსებენ.

ეს იქნება სუფთა საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 6 800 მაყურებელს დაიტევს, მოეწყობა თანამედროვე პრესლოჟა, გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, საპრესკონფერენციო დარბაზი, რაც საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო მატჩებსაც ვუმასპინძლოთ.

პირველ ეტაპზე 2,5 მილიონია გამოყოფილი. ცნობილია ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიაც და იმედია, სამუშაოები სწრაფად წარიმართება", - გვითხრა ფოთის "კოლხეთის" პრეზიდენტმა თემურ ბართაიამ.

...სტადიონია თუ სურამის ციხე?
ბათუმში სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს. მის ადგილზე ახალი უნდა აეშენებინათ, მაგრამ აგერ, მას მერე შვიდ წელიწადზე მეტი გავიდა და ქალაქს ახალი სტადიონი ჯერაც ვერ ეღირსა.

არადა, 2006 წლის შემდეგ უამრავი პროექტი განიხილეს. ერთ-ერთი მათგანით აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთანაც მოიწონეს თავი, მაგრამ... საქმეს არაფერი ეშველა.

დაპირება კი ბევრი გვახსოვს: ჯერ ამბობდნენ, 2008 წლისთვის ავაშენებთო, შემდეგ 2010 და ბოლოს 2011 წელი დასახელდა. მაკეტის ტენდერი ორჯერ ჩაატარეს. ერთმანეთს ჰოლანდიური და იაპონურ-თურქული კომპანიები ეცილებოდნენ...

მაგრამ გამოჩნდა, რომ სტადიონის აშენებას არავინ აპირებდა და ეს ლაპარაკი, უბრალოდ, ბლეფი იყო. სტადიონი იმიტომ არ დაუნგრევიათ, ახალი რომ წამოეჭიმათ. არენა ბათუმის ყველაზე კარგ ადგილას, ბულვარში იყო აშენებული. ბულვარი ბიზნესისთვის ბევრად უფრო მომგებიანი იყო და ვის აინტერესებდა ფეხბურთი?!

ასე რომ, საქართველოს ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი კვლავ უსტადიონოდაა. ბათუმის "დინამოსთან" დაახლოებულმა პირმა გვითხრა, რომ უახლოეს პერიოდში, მთავრობის სხდომაზე სწორედ სტადიონის მშენებლობის საკითხს განიხილავენ და რომ საამისოდ, 25 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

მშენებლობა წლეულს უნდა დაიწყოს, ტრიბუნები კი 12-14 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ეს ამბავი ბათუმის "დინამოს" გენერალურ დირექტორ ოთარ ფედიჩკინთან გადავამოწმეთ:

"ამ საკითხზე ბათუმის მერია მსჯელობდა. ვიცი, რომ პირველი ეტაპისთვის 15 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებენ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა.

დანამდვილებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ წლეულს ანგისას ბაზის მშენებლობა დაიწყება. დაგეგმილია 3 მოედნის მოწყობა - ერთზე ბუნებრივი ბალახი დაიგება და 4 ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები აშენდება.

ორი მოედანი კი ხელოვნურსაფრიანი იქნება, სავარჯიშოდ. ეს საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ სტუმართა გუნდებს ვუმასპინძლოთ და ხარჯები შევამციროთ, არამედ, მოსამზადებელ ეტაპზე ბაზაზე გუნდები მივიღოთ, რათა ბათუმის "დინამოს" დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს.

საქმე ისაა, რომ ბაზაზე სასტუმროს კომპლექსის აშენებაც იგეგმება, სადაც რამდენიმე გუნდის დაბინავებას შევძლებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
6800 ადგილიანი სტადიონი ? რა კრახაბორობაა ამხელა ქალაისთვის 15000 მაინც ააშენეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული