საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება, დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, დამპროექტებელი - შპს "თბილქალაქპროექტი", ხოლო სამუშაოების მწარმოებელი - კომპანია "დაგი".
ამ საკითხზე ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.
"ეს არის უმსგავსო განცხადება, რომელიც რეალობასაა მოკლებული და ქალაქსა და
საპროექტო ორგანიზაციის მიმართ დომენტი სიჭინავას მიერ გაგზავნილ წერილში წერია - "თქვენ მიერ წარმოდგენილი პროექტი საფეხბურთო ფედერაციის მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს. და მასზე ფედერაციის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა არის დადებითი". ამის შემდეგ მისი პრეტენზიები გაუგებარია", - ამბობს ლოგუა.
დომენტი სიჭინავამ საპასუხო პრესკონფერენცია გამართა და ლოგუას ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, 2015 წლის 1 ივლისს "თბილპროექტმშენის" წერილს უპასუხა და ზუგდიდში ახალი სტადიონის პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მისცა. თუმცა სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, რომ ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფო პროექტების დამტკიცების ან უარყოფის უფლებამოსილება არ გააჩნია და პროექტის ხარვეზზე ილაპარაკა:
"ბატონი ირაკლი გოგოხია (ზუგდიდის მერი) აპელირებს ჩემს წერილზე. პროექტი ჩვენი არაა. მე მივწერე რეკომენდაცია (დამპროექტებელს) და რომ ვეთანხმები პროექტს, რომელიც მანამდეც არსებობდა და სამჯერ შეიცვალა და ალბათ, მერეც ასე მოხდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტს ხელი მოაწეროს. უბრალოდ, ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია გასცეს რეკომენდაციები, რადგან ლაპარაკი იყო, რომ ზუგდიდის სტადიონი უეფას სტანდარტების მიხედვით უნდა აშენებულიყო და მესამე კატეგორიის ყოფილიყო. საამისოდ კი არაერთი მოთხოვნა არსებობს - გასახდელების, უსაფრთხოების, პრესსამსახურის, მიქსზონის...
ანუ მთავარია, რომ ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, პროექტს კი ხელს არ ვაწერთ. მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია".
მამუკა ლოგუა "ლელოსთან" ამბობს, თუ საიდან გაჩნდა ბეტონის კედელი:
"მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ სარეკლამო დაფები მოედნის გვერდითა ხაზიდან სამ მეტრში იდგმება. იმ სამი მეტრის შემდეგ ბარიერამდე ორი მეტრია და ისე იფუთება, რომ ფეხბურთელების და მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.
ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ სწორედ სიჭინავას მოწონებულია პროექტი, რომელშიც ახლა ხარვეზები შენიშნა და აქეთ გვაბრალებს.
მეორე მხრიოვ, სტადიონზე პრობლემა თუ არის, იქ სათამაშოდ არავის შეუშვებენ. ჯერ კლუბმა უნდა მიმართოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ სტადიონს ლიცენზია მიანიჭოს. შემდეგ ფედერაციის შესაბამისი სამსახური სტადიონების ინსპექტირებას დაიწყებს და მერე გვეცოდინება, რა არის ხარვეზი, რა არის გამოსასწორებელი და რა არის საჭირო, უეფას ლიცენზია რომ მივიღოთ.
სიჭინავასგან ხელის გამოშვერას ვერ მივიღებთ. მაგრამ ვიმეორებ, მშენებლობაში კორექტივების შეტანა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთი გამოხტომები კი გაუგებარია".
საინტერესო იყო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის, მელიტონ ხურცილავას კომენტარი:
"ჩვენ მშენებლები ვართ და რა პროექტსაც მოგვიტანენ, იმასაც ვახორციელებთ. ეს ბეტონის ჯებირი კი თავიდანვე გათვალისწინებული იყო".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"