"მეინ როუდის" ქართველი მეფე: ცოტა გვიან გავიგე დროის ფასი

AutoSharing Option
დღეები მიჰქრიან, ვით ნაბდით დაჭედილი ბედაურები, "მანჩესტერ სიტი" არაბული ფულებითა და კაშკაშა ვარსკვლავებით ახალ ისტორიას წერს, თუმცა უამრავი იქაური ფანის გულთამპყრობელი დღემდე ქართველია - გიორგი ქინქლაძე.

"მეფე ქინქი", "პატარა გენიოსი", "ჯადოსნური ქართველი", კინგკლადზე... ვინ იცის, რა ეპითეტები არ უძღვნიათ ქინქლაძისთვის ინგლისში. ჩვენ კი სიამაყესთან ერთად გულისწყვეტაც გვიპყრობს - გიოს ნიჭისა და გაქანების პატრონს მსოფლიოს სტადიონები უნდა დაეპყრო, უნდა ეთამაშა დიდ ტურნირებზე, თუმცა ისეც ხდება, ხშირად ფეხბურთელს სრული რეალიზებისთვის ხელი დრო-ჟამმა, ქვეყანამ და საერთო ატმოსფერომაც უნდა შეუწყოს...

ქინქლაძის კარიერა ვერ შეფასდება
ტიტულებით. მისი თამაშის ცქერა ერთი სიამოვნება იყო.

ჩასაფრებული გურმანი იქნებ მთელი მატჩის განმავლობაში დალოდებოდა გიოს დრიბლინგს, მის ერთ ფინტს თუ პასს და როცა ეს მომენტი დგებოდა, ხვდებოდი, რომ სწორედ ამისთვის ღირდა მთელი მატჩის ყურება...

გიორგი ქინქლაძე ახლა ძირითადად მოსკოვში საქმიანობს. გოგა გახოკიძესა და დავით ყენიასთან ერთად ქართველ ფეხბურთელებს კარიერის აწყობაში ეხმარება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს სწორედ რუსეთის დედაქალაქში მივაწვდინეთ ხმა.

სიამოვნებით, ოღონდ, მხოლოდ ფეხბურთზე - გვეუბნება ქინქლაძე. და ჩვენც ვიწყებთ...

Sportall.Ge- გიორგი, როგორ ფიქრობთ, შეგეძლოთ თუ არა მეტის მიღწევა კარიერაში. ბოლომდე ვერ იქნებით კმაყოფილი თქვენ მიერ გავლილი საფეხბურთო გზით...
- არა, რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი. მე ხომ ვიცი, რომ მეტის მიღწევა შემეძლო. გული მწყდება, მაგრამ რაღა დროს... რაც ვითამაშე, მგონი, ურიგოდ არ მითამაშია. სამწუხაროდ, ოქროს წლები დავკარგე, ამას ფეხბურთი იშვიათად პატიობს ვინმეს.

- თავის დროზე, ზედმეტად დიდხანს შერჩით "მანჩესტერ სიტის". რატომ მოხდა ეს? ქომაგების უსაზღვრო სიყვარულმა არ დაგათმობინათ "მეინ როუდი" თუ სხვა რამემ?
- ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ტრაბახით არ ვამბობ, მართლა ვუყვარდი "სიტის" ფანებს, თუმცა ეს არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. ძალიან მინდოდა ძლიერ გუნდში გადასვლა. იყო კიდეც ვარიანტები - "ლივერპული", "ინტერი", "სელტიკი"... მაგრამ კლუბთან კონტრაქტი მქონდა.

"სიტის" ხელმძღვანელობა ვერ მელეოდა. არანორმალურ, ასტრონომიულ ფასს მადებდნენ. ჩემი გაყიდვა არ უნდოდათ, ხალხის აზრს ითვალისწინებდნენ... თუმცა მერე მაინც წავედი გრანდში.

"აიაქსი" სწორედ ასეთი გუნდი იყო თავისი ფილოსოფიით, ინფრასტრუქტურით, შემადგენლობით... მაგრამ იქ უკვე აღარ გამიმართლა.

- რატომ არ აეწყო თქვენი კარიერა "აიაქსში"?
- გეტყვით, როგორ იყო. ამსტერდამელებმა დაახლოებით 9 მილიონი დოლარი გადაიხადეს ჩემში.

მაშინ ეს დიდი თანხა იყო და ტყუილად ხომ არ გაიღებდნენ ამდენ ფულს? მაშინ "აიაქსში" მწვრთნელად დანიელი მორტენ ოლსენი მუშაობდა, ქართველების დიდი მოყვარული. შოთი არველაძე დამხვდა იქ. მოკლედ, ყველანაირი წინაპირობა იყო იმისთვის, რომ მეთამაშა.

ოლსენმა მითხრა კიდეც - მალე ლიტმანენი წავა და აბა, შენ იცი, როგორ შეცვლიო! მერე აღარ წავიდა ლიტმანენი. ის გუნდის ლიდერი, აღიარებული ვარსკვლავი იყო, თან ჩემს პოზიციაზე თამაშობდა...

ოლსენმა ფლანგზე დამაყენა, მერე ოლსენიც წავიდა... მოკლედ, არ აეწყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ცდა და მონდომება დავაკელი. ჩემზე მეტად არავის უნდოდა, რომ ასეთ გრანდში მეთამაშა და თავი გამომეჩინა.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ. ისეთი პირი უჩანდა, თქვენს თაობას დიდი სიხარული უნდა ეჩუქებინა ქართველი ქომაგისთვის, თუმცა არ გამოვიდა. ამის მიზეზი რა იყო?
- დღე არ გავა, ამაზე არ ვიფიქრო. არ ვაჭარბებ, მართლა გული მტკივა ამის გამო. ფაქტი ის არის, რომ ვერც ერთ დიდ ტურნირზე ვერ ვითამაშეთ.

- ყოველდღე ამაზე ვფიქრობო, თქვით. მიზეზზე პასუხი არ გაქვთ?
- იცით, ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება გამიჭირდება. მოდი, ასე ვთქვათ: დრო, დრო და ისევ დრო! ამაში ბევრ რამეს ვგულისხმობ. ვერ ვიტყვი, რომ ვინმე თავს ზოგავდა, პირიქით, ერთი ოჯახივით ვიყავით ნაკრებში.

ყველაფერთან ერთად, არსებული ვითარება, გარემოც უნდა გიწყობდეს ხელს...

- მოდით, გაიხსენეთ თქვენი კარიერის საუკეთესო მატჩი და საუკეთესო გოლი...
- საუკეთესო მატჩი, ალბათ, ბულგარეთთან, ნაკრებში. მთელმა გუნდმა დიდებულად ითამაშა ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მაშინ ბულგარეთი მსოფლიოს მეოთხე გუნდი იყო... კარგად მახსოვს პირველი პრემიერლიგური გოლი "ასტონ ვილასთან", გოლი "საუთჰემპტონის" კარში, ასევე ნაკრებში უელსთან და ტუნისთან გატანილი ბურთები.

მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა - არც ერთ ჩვენგანს თავი არ დაუზოგავს ნაკრებისთვის. ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, თუმცა... ხალხისთვის სიამოვნების მინიჭებას ყოველთვის ვერ ვახერხებდით.

- დღეს საქართველოს ნაკრებში ცუდი მიკროკლიმატია. შედეგს თავი რომ დავანებოთ, კონფლიქტები მოხშირდა. გამოსავალს რაში ხედავთ?
- გამოსავალი ერთია: პრობლემა ოჯახში უნდა მოგვარდეს. ჩვენს დროსაც იყო რაღაც გაუგებრობები, თუმცა ვახერხებდით მის შიგნით მოგვარებას. ნაკრები ხომ ქვეყნის სახეა... ძალიან ფაქიზი თემაა.

ალბათ, ვინც შიდა სამზარეულოში მეტადაა ჩახედული, იმან უფრო დაწვრილებით უნდა თქვას.

შევიკრიბოთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ - არ მესმის, რა უნდა იყოს მოუგვარებელი.

- ბოლო დროს თემურ ქეცბაიას კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. მისაღებისგან შორსაა შედეგი და თამაშის ხარისხი. როგორ ფიქრობთ, სხვა მწვრთნელის ხელში ნაკრები უკეთესი იქნებოდა?
- ვინც უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ამ ეტაპზე გუნდი უკეთეს ფეხბურთს ვერ ითამაშებს და დიდად განსხვავებული ვერც შედეგი ექნება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თემური ჩემი მეგობარია. სანამ საქართველოს ჩემპიონატი იქნება ისეთი, როგორიც დღეს არის, მანამდე სანაკრებო პროგრესზე ფიქრიც ზედმეტია.

ჩვენი პირველობის რამდენიმე მატჩი ვნახე - რბილად რომ ვთქვათ, დაბალი დონეა.

- თქვენი კარიერის განმავლობაში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელის გვერდით გითამაშიათ. ვინ იყო გიორგი ქინქლაძის საუკეთესო პარტნიორი?
- ულაპარაკოდ შოთა არველაძე! მე და შოთის თვალდახუჭულს გვესმოდა ერთმანეთის. ეს არცაა გასაკვირი - ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ.

- "მანჩესტერ სიტის" გერმანელი ექსფორვარდი უვე რიოსლერი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს - ქინქლაძე ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყოო..
- ერთი მე მკითხოს (იცინის). ათ საგოლე პასს მივცემდი და ერთს თუ შეაგდებდა... ხუმრობა იქით იყოს და, დიდ მადლობას შევუთვლიდი უვეს, დღესაც რომ ვახსოვარ.

- თავიდან რომ იწყებდეთ კარიერას, ბევრს შეცვლიდით?
- საკმაოდ ბევრს. პირველ რიგში, დროს აღარ დავკარგავდი. ცოტა გვიან გავიგე მისი ფასი...

გიორგი ქინქლაძე
დაიბადა: 6 ივლისი,
1973 (თბილისი)
პოზიცია:
ნახევარმცველი

ახალგაზრდული კარიერა
1979-89 დინამო თბ

პროფესიული კარიერა
1989-91 მრეტები 80 (18)
1991-95 დინამო თბ 65 (41)
1993 ზაარბრ. (იჯ) 11 (0)
1995-98 მანჩ. სიტი 106 (20)
1998-00 აიაქსი 12 (0)
1999-00 დერბი (იჯ) 13 (1)
2000-03 დერბი 80 (6)
2004-05 ანორთოსისი 22 (2)
2005-06 რუბინი 13 (2)

ეროვნული ნაკრები
1992-05 საქართველო 57 (9)

ალეკო კაკაურიძე
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week


ასევე იხილეთ:

გიორგი ქინქლაძე: ბავშვთა ფეხბურთი მისახედია!
მკითხველის კომენტარები / 24 /
ისაკა შე ყველო(რუსულად) შენ ხარ,რბილად რომ ვთქვათ გაუნათლებელი ფეხბურთის სიტუაციაში! ამ მთავრობაზე დაბოგმილი)))))) წადი მართლა კუხნაში ჭურჭელია გასარეცხი!!!) უეჭველი სომეხი ხარ!)))
Upulo poeti
01:02 17-02-2014
0
ზვიად შენ წადი *** და იქედან იწივლე. მაგარი მონაცემები ქონდაო, თორე ისე სიტიდან გააგდეს, აიაქსიდან გააგდეს.
მაგარი ხარ როცა მარტო ტალანტის იმედზე კი არა ხარ, არამედ შრომისმოყვარე და ჭკვიანი ხარ.
isaka
10:36 15-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული