გიორგი ქინქლაძე: ბავშვთა ფეხბურთი მისახედია!

AutoSharing Option
დიდუბეში, "იმედის" სტადიონზე (მუშტაიდის ბაღში) ბავშვთა ტურნირი დასრულდა - 8-გუნდიანი "გიორგი ქინქლაძის თასის" ფინალი, რომელიც 2002-03 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის დიდუბის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში "დიდუბე" ვარკეთილის გუნდ "ფორვარდს" დაუპირისპირდა. გამარჯვებული ძირითად დროში (1:1) ვერ გამოვლინდა, პენალტების სერიაში კი "ფორვარდმა" 8:7 იმარჯვა. მესამე ადგილი "ავაზამ" დაიკავა, რომელმაც ომც-ი (ოლიმპიური მომზადების ცენტრი) ასევე პენალტების სერიაში დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი "დიდუბის" ლიდერი ნიკა მანჯგალაძე გახდა, ხოლო ბომბარდირი - ლევან ჯამასპიშვილი (ომც-ის თავდამსხმელი). გიორგი ქინქლაძემ გამარჯვებულები თავად დააჯილდოვა.

საერთოდ, ბავშვების თამაშების ხილვა
ჩვენი უმაღლესი ლიგის მატჩებზე დასწრებას რომ სჯობია, ამაზე ბევრი არ კამათობს და ვინც ამ ფინალს დაესწრო, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა: ნიჭიერი ბავშვების ალალი და გულიანი ბრძოლა, უზარმაზარი ემოციები და, რაც მთავარია - მონატრებული, ლაღი და ნამდვილი ფეხბურთი იყო.

* * *
ტურნირის ერთ-ერთი ინიციატორი "დიდუბის" მწვრთნელი, ყოფილი მეკარე გივი ვაზაგაშვილი გახლდათ, რომელიც "ნორჩ დინამოში" გიორგი ქინქლაძის, გიორგი ანჩაბაძისა და გიორგი ღუდუშაურის თანაგუნდელი იყო.

"ტურნირის იდეა დიდუბის გამგებლისგან მოდიოდა - ჩვენი უბანი საფეხბურთო ტრადიციებით გამოირჩეოდა და მიგვაჩნია, რომ ასეთი ტურნირებით ფეხბურთს ძველი პოპულარობა დაუბრუნდება. ფინალმა ეს დაადასტურა კიდეც.

ყველაფერი სამი თვის წინ დაიწყო, როცა საფეხბურთო სკოლა "დიდუბე" დავაფუძნეთ. ამჟამად ბავშვებს სამტრედიის ქუჩაზე მდებარე მინი-მოედანზე ვავარჯიშებთ, მაგრამ სკოლის განვითარების სერიოზული გეგმებიც გვაქვს, გაფართოება და დიდი სტადიონი გვინდა.

იმედია, "დიდუბე" განვითარდება და უბანში ნიჭიერ მოთამაშეებს სწორ გზაზე დაყენებაში დავეხმარებით. რაც მთავარია, ბავშვები ჩვენთან ფულს არ იხდიან, რაც დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს. არადა, ამის გამო ბევრი ნიჭიერი ბავშვი დაიკარგა.

სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ მცირე დროში საკმაოდ საინტერესო მოთამაშეების მოზიდვა და კლუბის ჩამოყალიბება. ფინალში გავედით. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ამ შედეგმა მაინც დამაიმედა - სამი თვის შექმნილი გუნდის ფინალში გასვლა პატარა შედეგი არ არის.

თანაც, დიდუბე ტალანტებით მდიდარია, გიორგიც და კიდევ ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი დიდუბელი იყო და მჯერა, ნიჭიერ ბავშვებს მომავალშიც აუცილებლად გამოვაჩენთ",
- გვითხრა ვაზაგაშვილმა.

* * *
ცხადია, ტურნირს თვალს თავად გიორგი ქინქლაძეც ადევნებდა, რომელსაც "ლელომ" ორიოდ კითხვა დაუსვა:

- ტურნირის მზადებაში მონაწილეობდით?
- ეს მას შემდეგ მითხრეს, როცა მისი ჩატარება გადაწყვიტეს. გივი ვაზაგაშვილი ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთ გუნდში ვთამაშობდით და ძალიან მიხარია, ასეთი საინტერესო ტურნირი რომ მოაწყო.

მე თუ მკითხავთ, კარგი იქნება, რაც მეტი ასეთი შეჯიბრება ჩატარდება და არა - მხოლოდ ჩემი სახელობის. ხომ ნახეთ, რა კარგი ბავშვები გვყავს?

- ბავშვები კარგი გვყავს, მაგრამ ჩვენს მოთამაშეებს ევროპასა და რუსეთ-უკრაინაში გაღწევა სულ უფრო უჭირთ...
- აუცილებლად მისახედია ბავშვთა ფეხბურთი. დღევანდელ პირობებში მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვერც გავზრდით. საამისოდ საჭიროა, კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული სისტემა გვქონდეს.

ეს თუ მოხერხდა, მერე ტალანტები აუცილებლად გაიზრდებიან.

დღეს რასაც ვუყურე, რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ბავშვი თამაშობდა. მათ ხელი უნდა შევუწყოთ, გავზარდოთ და ინტერესიც გაჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჭინჭრით ხარ საცემი გიო, როგორ გაანიავე უდიდესი ნიჭი, რამდენი სიხარული მოგვაკელი ჩვენც და შენ თავსაც!!!სიზარმაცეეეეეეეეეეეეეე
რა ვქნა უფროსო ძმაო რო არ დავეტთანხმო არ შემიძლია. შენისთანა რომ გაანიავებს თავის ნიჭს მრთლა ცოდოა
დანარჩენი შენს იცი
etno.logi.85@gmail.com
00:08 22-09-2013
0
გიო შენ ჩემთვის მსოფლიო დონის ფეხბურთელი ხარ და ეს არასოდეს შეიცვლება. ვამაყობ რომ პირადად მაქვს შენი უამრავი თამაში ნანახი. იმედია მოვა დრო და შენ ისევ ქართული ფეხბურთის აქტიურ სამსახურში დაბრუნდები აი მაშინ გაბრწყინდება პატარების ნიჭი.
dadu
21:29 21-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული