გიორგი დემეტრაძე: ფეხბურთი ფულისთვის არასოდეს მითამაშია

AutoSharing Option
გიორგი დემეტრაძე - ჭეშმარიტად სახალხო ფეხბურთელი, გაუთავებელი ფინტებით თავგზას რომ უბნევდა მეტოქეებს, გაჰქონდა ლამაზი გოლები და პატარა საფეხბურთო სპექტაკლებს დგამდა. ცალკე თემა "დემეს" დაუვიწყარი "პოდსებია", რასაც ბევრი მეტოქე გაუბითურებია.

თბილისის "დინამო" (67 მატჩი, 51 გოლი), "ფეიენოორდი" (8, 0), "ალანია" (70, 43), კიევის "დინამო" (26, 15), "სოსიედადი" (13, 1), დონეცკის "მეტალურგი" (83, 32), მოსკოვის "ლოკომოტივი" (6, 0), თელ-ავივის "მაქაბი" (13, 3), კიევის "არსენალი" (18, 3), "ბაქი" (10, 2) - საქართველოს ნაკრების ფორვარდმა არაერთი გუნდი გამოიცვალა. კარიერა კი ცხინვალის "სპარტაკში" ყოფნისას... დაასრულებინეს.

პატიმრობამ ვერ გატეხა, ისეთივე "დემეა" - ხალისიანი, გულწრფელი და იმედიანი.

მახსოვს და თვალწინ მიდგას გიორგი დემეტრაძის ყველა სანაკრებო და ძალიან ბევრი საკლუბო მატჩი. მხოლოდ იმას ვერ ვიხსენებ, ოდესმე თავი დაეზოგოს, ფეხებს მოფრთხილებოდეს. ამადაც უყვარდათ იქ, სადაც თამაშობდა...

- კმაყოფილი ხართ თუ არა იმით, რასაც მიაღწიეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტი შეგეძლოთ?
- უკმაყოფილო ვერაფრით ვიქნები. სხვა თუ არაფერი, სამი ქვეყნის ჩემპიონატში გავხდი საუკეთესო ბომბარდირი. ყველგან ვგრძნობდი ხალხის დიდ სიყვარულს. ფეხბურთი ფულისთვის არასოდეს მითამაშია. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხისგან წამოსული სითბო და სიყვარულია... მეტი შემეძლო? ისე, ხშირად ვფიქრობ ამაზე... მგონია, რომ შემეძლო. არავინ იცის, როგორ აეწყობოდა ჩემი კარიერა, "სოსიედადში" ყოფნისას ტრავმა რომ არ მიმეღო. მე ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობდი და კარგ ფორმაშიც ვიყავი...

- "სოსიედადზე" მერე, ახლა ის გვითხარით, როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში ფეხბურთი?
- რაც თავი მახსოვს, მე და ფეხბურთი განუყრელი მეგობრები ვართ. 6 წლისა შემიყვანეს "დინამოს" სკოლაში, თუმცა ფეხბურთს მანამდეც ვთამაშობდი. მოვხვდი თემურ ჩარკვიანთან, დიდებულ ადამიანთან.

Sportall.Ge

- თავიდანვე ფორვარდი იყავით?
- კი და პირველივე ვარჯიშიდან მოყოლებული, გოლები გამქონდა. შეტევის გარდა, სხვაგან არასოდეს მითამაშია. ასე რომ, უნივერსალიზმი ჩემგან შორსაა. ისე, თავდასხმაში კი შემიცვლია პოზიცია. თავს ყველაზე უკეთ ფლანგებზე ვგრძნობდი.

- თქვენი საფირმო "პოდსებია". თითქოს, თქვენზე კარგად ამას ვერავინ აკეთებდა.
- იცით, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ საგანგებოდ ამაზე არასოდეს მიმუშავია. ასე ვთქვათ, სისხლში მქონდა ეს ილეთი. სწორად თქვით - მართლაც ჩემი საფირმო ნიშანი იყო. თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, მინახავს ჩემი "პოდსებიათი" ატირებული მცველიც. არ გაინტერესებთ, რატომ გამომდიოდა ეს ილეთი ასე კარგად?

- მართლა საინტერესოა...
- საქმე ისაა, რომ ბავშვობაში არც ერთ მწვრთნელს ჩემთვის მატაობა და კაცის მოტყუება არ დაუშლია. მერე, როცა თავისუფლად ვიგრძენი თავი, გავაგრძელე ექსპერიმენტები და გამოვიდა ის, რაც ქართველ ქომაგს ალბათ ყველაზე მეტად მოსწონდა ჩემს თამაშში. როგორც ვიცი, დღეს ბავშვთა ფეხბურთში არიან მწვრთნელები, რომლებიც პრიორიტეტად შედეგს მიიჩნევენ. არა და არა! ასე არ შეიძლება! ბავშვს წნეხი არ უნდა ჰქონდეს, კაცის მოტყუების იმიტომ არ უნდა ეშინოდეს, რომ მერე ვიღაც უყვირებს.

- მთლად ბავშვი იყავით, "დინამოში" რომ მოხვდით. მერე იყო "კახეთში" განათხოვრება, დაბრუნება "დინამოში", რასაც "ფეიენოორდი" მოჰყვა...
- "დინამოში" თამაშზე ვოცნებობდი, ისევე, როგორც ყველა დამწყები ფეხბურთელი. ჩვენს თაობას კიდევ მეტისთვის უნდა მიეღწია ამ კლუბში, მაგრამ... მერე "ფეიენოორდში" ლეო ბეენჰაკერთან ვიმუშავე, დიდ მწვრთნელთან. უბრალოდ, ჰოლანდიაში ძალიან ადრე წავედი და ამას ვაბრალებ იმას, რომ ბოლომდე ვერ გავიხსენი.

- სამაგიეროდ, "ალანიაში" გაიბრწყინეთ. ეს რამ განაპირობა?
- თითქმის სახლში ვიყავი. ქართველებს დიდ პატივს სცემდნენ. ვალერი გაზაევმა კი ბოლომდე გამოიყენა ჩემი პლუსები. "ალანიაში" გავხდი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, იოლი არ იყო.

Sportall.Ge

- თქვენ პირველი ქართველი იყავით ესპანურ პრიმერა დივიზიონში. რატომ ვერ გამოავლინეთ ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები ბასკურ კლუბში?
- სწორედ იმიტომ, რომ პირველი ქართველი ვიყავი ესპანურ ლიგაში, მართლაც დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. კარგი, შემტევი გუნდი გვყავდა, დიდი ჯონ ტოშაკი გვავარჯიშებდა. კარგ ფორმაშიც ვიყავი, კონკურენცია დიდი იყო. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ სამი უცხოელის დაყენება შეიძლებოდა. ყველა კმაყოფილი იყო ჩემით და ამ დროს... ძვალი გავიტეხე. წეღანაც გითხარით - რომ არა ეს ტრავმა, იქნებ სულ სხვანაირად წასულიყო ჩემი კარიერა. ვგრძნობდი, რომ მაგარ ფორმაში ვიყავი. ცოტაც და, ადაპტაციის პერიოდიც გავიდოდა, მერე გოლების გატანასაც დავიწყებდი. არადა, არც მანამდე და არც მერე სერიოზული ტრავმა არ მიმიღია.

- თქვენი ერთი გოლი მაინც გვახსოვს პრიმერა დივიზიონში...
- კი, იყო ერთი გოლი - "ვალენსიას" მეკარესთან პირისპირ გავედი და ისე გავიტანე.

- ბასკებისა და ქართველების ნათესაობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. მათთან უშუალო შეხება გქონდათ. როგორი ხალხია?
- იცით, მართლა ვგავართ ერთმანეთს. უშუალოები და თბილები არიან, ღვინის კულტი იქაცაა. რამდენიმე ბასკური სიტყვა ძალიან ჰგავს ქართულს...

- კიევის "დინამოში" რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარეთ. ამის მიუხედავად, იმ პერიოდს რომ ვიხსენებთ, ამიტომაც რჩება განცდა, რომ მეტი შეგეძლოთ...
- კი, ჩემპიონთა ლიგაშიც მქონდა კარგი თამაშები, უკრაინის ჩემპიონატშიც. როგორ შეგეკამათოთ - ამაში ჩემს დანაშაულს ვხედავ... რაღაც დავაკელი საქმეს. არადა, ვალერი ლობანოვსკი უდიდესი მწვრთნელი იყო. ლეგენდები გამიგონია მის სიმკაცრეზე, უჟმურ ხასიათზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანი, კაცური კაცი იყო. უბრალოდ, მომთხოვნი გახლდათ და, ჩემი აზრით, მწვრთნელისთვის ეს აუცილებელი თვისებაა.

Sportall.Ge

- მერე არაერთი გუნდი გამოიცვალეთ, კარიერა კი ნაადრევად დაასრულეთ ცხინვალის "სპარტაკში"...
- უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ - დამასრულებინეს. შევდიოდი ფორმაში, მქონდა უცხოეთის ვარიანტები და ამ დროს... მოხდა ის, რაც ყველამ იცის.

- საპატიმროში გატარებული წლების გახსენება დიდი ვერაფერი სიამოვნებაა. მაინც უნდა გთხოვოთ...
- იცით, რამ გადამარჩინა? იმედმა! იმედი არასოდეს დამიკარგავს. რთულია, ეს გააკეთო, როცა პატიმრების წამების ხმები გესმის, როცა ხერხემალში ამტვრევენ ადამიანებს, როცა ასახიჩრებენ... სულ ვვარჯიშობდი. მერე, როცა ზონაზე გადამიყვანეს, ფეხბურთის გუნდიც შევქმენით. მერაბ რატიანი (თბილისის "დინამოს" ყოფილი მაღალჩინოსანი - რედ) იჯდა იქ, სხვებიც კარგად თამაშობდნენ. უფლის წყალობით გადავრჩი.

- თქვენი ყველაზე გამორჩეული საკლუბო და სანაკრებო მატჩი რომელია?
- საკლუბო მატჩს ვერ გამოვარჩევ, სანაკრებოდან კი, უდავოდ, რუსეთთან თბილისში მოგებული ის ისტორიული თამაში იყო. მაშინ მალხაზ ასათიანმა ჩემი პასით გაიტანა. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. ცრემლებს ვერ ვიკავებდი თამაშის მერე.

Sportall.Ge

- თქვენს დროს საქართველოს ნაკრებში ორი თაობის შერწყმა მოხდა. შემადგენლობა ვარსკვლავური იყო. რატომ ვერ მიაღწია მეტს ეროვნულმა გუნდმა?
- მტკივნეულ თემას შეეხეთ. მე ასე ვიტყვი - ყველამ რაღაც დავაკელით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ამ ცოტასაც არ გაპატიებს ფეხბურთი. ამის გამო, პირადად ვუხდი ბოდიშს ქართველ გულშემატკივარს.

- თუ გიფიქრიათ იმაზე, ვინ იქნებოდით, რომ არა ფეხბურთი?
- მე ფეხბურთმა შემქმნა. ჩემთვის მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომ, ფეხბურთის გარეშე ალბათ არავინ ვიქნებოდი.

Sportall.Ge

- ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?
- ყველა საფეხბურთო მონაპოვარს დავთმობდი, ერთხელ მაინც რომ მეთამაშა საქართველოს ნაკრების მაისურით მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე. ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ და მჯერა, ჩვენი ნაკრების წარმატებებს გულშემატკივრის რანგში მაინც მოვესწრები.

- ქართულ ფეხბურთს რომ არ ულხინს, ფაქტია. სად არის ან რა არის საშველი?
- არ ულხინს კი არა, კატასტროფულ მდგომარეობაშია. ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოს ფული, სახელმწიფომ უნდა დააყენოს ფეხზე ფეხბურთი. მერე სპონსორებიც გამოჩნდებიან. ასეთი გზა გაიარეს რუსეთმა, თურქეთმა და სხვებმა. ვიფიქროთ მხოლოდ სანაკრებო ფეხბურთზე და სხვა არაფერზე - ასე საქმე წინ ვერ წავა.

- საუბარი საქართველოს ნაკრებით დავასრულოთ. თემურ ქეცბაიას კრიტიკა არ აკლია. შედეგიც არ ჩანს და არც თამაშის ხარისხია მისაღები. მიზეზს რაში ხედავთ?
- თემური ჩემი მეგობარია. ნაკრებში ერთად არაერთი მატჩი გვითამაშია. ეროვნულ გუნდში არ არის ის კონტინგენტი, მთების გადაბრუნება რომ მოსთხოვო, თუმცა თემურს ერთ მეგობრულ რჩევას მაინც მივცემდი - ნაკრებში უნდა თამაშობდეს ქვეყნის ყველა საუკეთესო ფეხბურთელი. მიმაჩნია, რომ ასაკის მიუხედავად, ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი დღესაც დიდ სარგებლობას მოუტანდნენ ნაკრებს...

ალეკო კაკაურიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ჭეშმარიტად სახალხო ფეხბურთელი,

კარგი ფეხბურთელი ჯიგრიანი მაგრამ სახალხო?ზომიერებაა საჭირო
Tedo
14:59 16-02-2014
0
კაი ინტერვიუა :)) ეს ალეკო კაკაურიძე კაი ჟურნალისტი ჩანს ,სად იყო ამდენ ხანს რო აღარ ჩანდა?
futboli
15:07 16-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული