დინამო - მსურველი ჯერ არ გამოჩენილა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიურად ურთიერთობს, რისი მიზანიც უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის პატრონების მოძებნა გახლავთ. ბოლო დღეებში სიჭინავა საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს და, როგორც ჩანს, მათ სატკივარსა და პერსპექტივას აფასებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე ახსენა, რომ შესაძლოა, საფეხბურთო კლუბებს მთავრობა დაეხმაროს. ეს ინფორმაცია შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა დააკონკრეტა, მისი თქმით, ლაპარაკია 7 მილიონი ლარის გამოყოფაზე.

მცირე ხნის წინ კულუარულ, სანდო წყაროზე დაყრდნობით ვიუწყებოდით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის დახმარებას გეგმავს - ცხადია, პური და
სანახაობა მართვის მარადიული და უტყუარი მოდელია, ფეხბურთი კი მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სანახაობაა და საქართველოშიც თავის საქმეს გააკეთებს.

გუშინ გურიაში სტუმრად მყოფმა სიჭინავამ სახელმწიფო დახმარების შესაძლებლობა დაადასტურა - მთავრობასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო და ამ კონტექსტში უპატრონოდ დარჩენილ კლუბებში ახალი მეპატრონეების მისვლაზე ილაპარაკა, მათ შორის თბილისის "დინამოშიც".

იყო ასეთი ფრაზა, უკვე ორშაბათიდან `დინამოს" ახალი პატრონი ეყოლებაო. "ლელოს" კითხვაზე, დააკონკრეტეთ, ვინ მოდისო, სიჭინავას უპასუხა, ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან, როცა ასეთი რაღაცები ვთქვით, ცუდად დავცადეთო.

ინფორმაცია თბილისის "დინამოს" მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძესთან გადავამოწმეთ, მაგრამ მან იგივე გვიპასუხა, რაც ერთი კვირის წინ: "ჯერ ოფიციალურად არავინ დაგვლაპარაკებია, თორემ დასამალი რა არის?".

ამ ყველაფრიდან ის იკვეთება, რომ სახელმწიფო პატრონს თბილისის "დინამოსთვისაც" ეძებს. ფაქტია, რომ სახელმწიფო სტრუქტურის (ანუ ეკონომიკის სამინისტროს) ბალანსზე მყოფ "სამტრედიასთან" ერთად კერძო (პატარკაციშვილის ოჯახის) კლუბი სწორედ ამ კონტექტსში ახსენეს.

არადა, კულუარებში ამტკიცებენ, თითქოს "დინამო" უკვე გაიყიდა და ფასსაც ასახელებენ - 2 მილიონ დოლარს, მაგრამ ოფიციალურად ამ ამბავს არავინ ადასტურებს და ნაღდ ინფორმაციად ვერ შემოგასაღებთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული