2012-ში არსად წახვიდეთ, სუპერთასის ფინალს თბილისში ჩამოგიტანთ!

AutoSharing Option
გუშინ გამცნეთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გურიაში იმყოფებოდა და დილიდანვე რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტი მოიარა, შეხვდა გურიის გუბერნატორ ვალერი ჩიტაიშვილს, ხოლო ბოლო შეხვედრა ლანჩხუთში გამართა. სიჭინავა "ევგრაფი შევარდნაძეზე" გურიის რეგიონული ფედერაციის თავკაც კახა ებრალიძესთან ერთად მივიდა. ამ დროს იქ ბავშვები ვარჯიშობდნენ, ქართული ფეხბურთის მესაჭემ მათ ბურთები აჩუქა.

გურიის მთავარ არენაზე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებიც მივიდნენ სტუმართან შესახვედრად. შეხვედრისას იმდენ საინტერესო თემას შეეხნენ (არა მხოლოდ გურიისას, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისას), რომ ვფიქრობთ, მკითხველს აუცილებლად დააინტერესებს.

უპირველესად, პრეზიდენტს "გურიაში" არსებული
მდგომარეობის შესახებ მოუთხრეს. "კლუბს ფინანსურად ძალიან უჭირთ, მაგრამ დღეს მაინც მეოთხე ადგილზე ვართ. ხომ არის ლაპარაკი, რომ სახელმწიფო 7 მილიონს გამოყოფს, ჩვენ ბევრი ვიანგარიშეთ და 300 ათასამდე უნდა მოგვიწოს. ამ თანხით გუნდს უმაღლეს ლიგაში გადავიყვანთ" _ აღნიშნა ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ.

სიჭინავამ უპასუხა, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა, სახელმწიფოს მიერ მოცემული თანხა მოხმარდება თემურ ქეცბაიას ხელფასს, სხვადასხვა ნაკრებში დასაქმებულ პერსონალს, ნაკრების მგზავრობის ხარჯებს და ა. შ.

სფფ-ის ბოსი ლანჩხუთელებს დაპირდა, რომ 5000 ინდივიდუალურ სკამს გაადასცემს ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს.

სტუმარს ლანჩხუთის გამგებელმა აცნობა, რომ სერიოზული საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბებას გეგმავენ და ამაში ფეხბურთის ფედერაციის დახმარების იმედი აქვთ. "არ არის პრობლემა, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით! ერთი რამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ ლიცენზირებული სკოლების გარდა ჩვენი ეგიდით შეჯიბრებში ვერავინ მიიღებს მონაწილეობას" - ასეთი იყო პრეზიდენტის პასუხი.

სიჭინავამ ბავშვთა ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა: "დღეს მშობელმა ბავშვი რომ მწვრთნელთან მიიყვანოს, მამალი მიჰყავს და ამ საახალწლოდ ზოგს იმდენი მამალი დაუგროვდა... ეს უნდა დამთავრდეს. უნდა შეიქმნას ნორმალური სკოლები".

გურიის ფეხბურთის მესვეურებმა სიჭინავას გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზეც ჩამოუგდეს სიტყვა. სიჭინავამ თქვა, რომ ბაზა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ახლა იქ ნაკრების საწვრთნელი კომპლექსის მშენებლობა სურს. "გრიგოლეთში ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს, ეს კომპლექსი უნდა მოვაწყოთ სანაკრებო წვრთნებისთვის. სავარაუდოდ, მას გურიის რეგიონულ ფედერაციას გადავცემთ. რა თქმა უნდა, ბაზას "გურიაც" გამოიყენებს, ჩვენ ნაკრებისთვის წელიწადში 3-4 კვირა დაგვჭირდება."

ბოლოს, გურულებმა სიჭინავას ერთ-ერთი ევროტურნირის ფინალის ბილეთების შოვნაში დახმარება სთხოვეს, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა მისცა. "არანაირი პრობლემა არ არის, ლიგის ფინალი იქნება, მსოფლიოსი თუ ევროპის ჩემპიონატი. 2012-ში კი გირჩევთ, არსად წახვიდეთ, სუპერთასის ფინალს თბილისში ჩამოგიტანთ" - დააიმედა სტუმარმა მასპინძლები.

რა თქმა უნდა, "ლელომ" მას დეტალების დაზუსტება სთხოვა, მაგრამ ევროპის სუპერთასის თბილისში შესაძლო ჩატარებაზე მან კომენტარი აღარ გააკეთა. კულუარული ინფორმაციით კი თუ პლატინი უეფას პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს, რისი ალბათობაც დიდია და მისი მხარდაჭერა ზვიად სიჭინავამ უკვე ღიად დააფიქსირა, სწორედ მაშინ განიხილება სუპერთასის მატჩის თბილისში გამართვის შესაძლებლობა. სავრაუდოდ, ქართულ მხარეს ამ საკითხში სიტყვას "ვიტესის" ქართველი მეპატრონე და პლატინის მეგობარი მერაბ ჟორდანიაც შეაწევს.


თომა ჩალაძე ლანჩხუთიდან

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისევ ჟორდანიას ძალისხმევით თუ გამოვა ეგ საქმე თორე ეს არაფრის გამკეთებელია
0
gff შენ თუ ჟორდანიას იმედი გაქვს რავიცი უკომენტაროდ,მარა ეს "ბომჟი" უკვე ღვაწლი აქვს ქართული ფეხბურთის მიმართ ,და ჟორდანიას მაგვარი ხალხით დანგრეულ ფეხბურთს,ეამისნაირი ჯიგარი წესიერი ტიპები თუ გამოასწორებენ.
tbiliseli
22:34 10-12-2010
0

სიახლეები პოპულარული