დღეს აღმასკომია

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 15 დეკემბერს, 11:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. აღმასკომის დღის წესრიგში შემდეგი საკითხებია შეტანილი:

1. სფფ–ს XIX საარჩევნო ყრილობის ჩატარების შესახებ;
2. საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული არბიტრაჟის დებულების დამტკიცების შესახებ;
3. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის შესახებ;
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო ცენტრ "ადელის" წერილის შესახებ;
6. სხვადასხვა.

ყრილობის თაობაზე ცალკე მასალას შემოგთავაზებთ, დანარჩენი საკითხებიდან კი საინტერესოა
საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული არბიტრაჟის დაფუძნება, რომელიც ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება. შეგახსენებთ, რომ რუსთავის "ოლიმპის" მეკარე გია ჭანტურიასა და მისი ყოფილი კლუბის, "ზესტაფონის" დავა სწორედ მსგავსი ორგანოს არარსებობის გამო გაიწელა.

ფიფა საფეხბურთო დავების სამოქალაქო სასამართლოში განხილვას კატეგორიულად კრძალავს. ბოლო წლებში ფიფა და უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაჟინებით ურჩევდნენ მის დაფუძნებას, მაგრამ ეს მხოლოდ 2010 წლის დასაწყისში მოხერხდა.

ახლა ფედერაცია საფეხბურთო არბიტრაჟს აყალიბებს და საინტერესოა, ახლის შექმნა რამ განაპირობა. ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კლუბებს არბიტრაჟის დაფუძნების მემორანდუმზე შეთანხმება საკმაოდ მკვახე არგუმენტით შესთავაზა - მორაგბე-მოჭიდავეებით დაკომპლექტებულ სპორტულ არბიტრაჟს საფეხბურთო პრობლემების მოგვარება არ შეუძლია და აჯობებს, საკუთარი არბიტრაჟი დავაფუძნოთო. მაშინ მემორანდუმს უმაღლესი და პირველი ლიგების უკლებლივ ყველა კლუბის ხელმძღვანელმა მოაწერა ხელი.

არბიტრაჟი ყველა იმ სადავო საკითხს განიხილავს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შედის - მაგალითად, რეგიონულ ფედერაციებს, კლუბებს, მოთამაშეებს, ოფიციალურ პირებს, ფედერაციასა და მის წევრ ასოციაციას შორის წარმოქმნილ უთანხმოებებს, სატრანსფერო დავებს...

არბიტრაჟში სამი იურისტი დასაქმდება. სარჩელის შეტანა კი ფასიანი იქნება და ეს ორგანო დავებიდან მიღებული თანხის ოთხი პროცენტით იარსებებს. თუ მხარეს არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილებს, მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ ლოზანის საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში ექნება.

ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზების უფლება დაიბრუნა და აღმასკომი დებულებაში შესაბამის ცვლილებას დაამტკიცებს.

რაც შეეხება ბათუმის ბავშვთა საფეხბურთო ცენტრ "ადელის" წერილს: ამ სკოლის კლუბი პირველ ლიგაში მონაწილეობს, მაგრამ "ადელის" ხელმძღვანელობა ფედერაციას სთხოვს, რომ ლიცენზირების პროცესიდან გამოთიშონ და საამისო არგუმენტიც გააჩნიათ.

"ადელი" საფეხბურთო სკოლაა, რომლის მიზანი არასდროს ყოფილა პირველ და, მით უფრო, უმაღლეს ლიგაში გუნდის გადაყვანა. უბრალოდ, ფეოლასავით მოგვივიდა: 1991-92 წლებში დაბადებულთა მშვენიერი თაობა წამოვიდა და არ გვინდოდა მათი დაკარგვა. ამის გამო, მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, რეგიონულ ლიგაში თამაში გადავწყვიტეთ. იქ კი მოულოდნელად პირველი ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ, ბავშვებს გული ვერ დავწყვიტეთ და ადგილზე უარი მხოლოდ ამის გამო ვერ ვთქვით. პირველ ლიგაში კი ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან გაცილებით შორ მანძილზე მგზავრობა და სასტუმროში დაბინავება გვიწევს.

ახლა უმაღლესი და პირველი ლიგების კლუბების ლიცენზირება დაიწყო და ათასგვარ საბუთს გვთხოვენ. არადა, "ადელი" საფეხბურთო სკოლაა და არა პროფესიონალური კლუბი და ლიცენზიის მიღების პრეტენზია არც გაგვაჩნია. აქედან გამომდინარე, ფედერაციას მივმართეთ, რომ ლიცენზირების სურვილის მქონე კლუბების სიიდან "ადელი" ამოშალოს", - ამბობს საფეხბურთო ცენტრ "ადელის" დირექტორი ლევან ადეიშვილი.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული