ავთო ბერიძე: ფიზმომზადება ფიზკულტურა არ არის!

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპი კი დასრულდა, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდიც მალე დაიწყება და გუნდები ვარჯიშს განაახლებენ. მათ მომზადებაში კი განსაკუთრებული როლი ფიზმომზადების მწვრთნელებს აკისრიათ.

ახლახან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სოსო ჭედია საქართველოში ფიზმომზადების მწვრთნელების დეფიციტზე ლაპარაკობდა. როგორც გავარკვიეთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად თემურ ქეცბაიას საქართველოში შესაბამისი პროფილის მწვრთნელთა სემინარის მოწყობა სურს.

უცნაურია, რომ ამ დეფიციტის დროს ფიზმომზადების ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ავთო ბერიძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში წლების განმავლობაში მუშაობდა, ფეხბურთს დიდი ხნით იყო ჩამოშორებული და მხოლოდ ახლახან დაუბრუნდა, ცხინვალის "სპარტაკში" მიიწვიეს.

-
დიდი ხანია, ფეხბურთში არ ჩანდით და ცხინვალის "სპარტაკში" აღმოჩნდით. რატომ ჩამოშორდით ამ სახეობას?
- იყო საამისო მიზეზები. კლუბებიდან ბოლოს თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, ამის შემდეგ ნაკრებში მიმიწვიეს, მაგრამ გაიოზ დარსაძის დროს წამოვედი. მე გარკვევით ვთქვი, თუ ნაკრებს ვჭირდები, თქვენ გვერდში ვარ-მეთქი, ტყუილად, თამაშზე დასასწრებად დროის მოცდენა არ მიღირდა. შემდეგ კალათბურთში გადავერთე, ეროვნული ნაკრებში ვმუშაობ, კოკოშკოვთან საერთო ენა გამოვნახე. დანარჩენი თავადაც იცით - ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

- ფეხბურთში ვინ დაგაბრუნათ?
- მურთაზ შელიამ, რომელიც კარგად მიცნობდა და ცხინვალის "სპარტაკში" მუშაობა შემომთავაზა. ისე, უცხოეთში წამსვლელ ფეხბურთელებსაც ვამზადებდი ინდივიდუალურად.

- ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემებიდან ერთ-ერთი მთავარი ფიზმომზადებაა.
- ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან ფიზმომზადებას საქართველოში ნაკლები ყურადღება ექცევა. აქ ვიღაცამ მწვრთნელები დაარიგა, რომ 15 წლამდე ბავშვების მომზადება საჭირო არ იყო და დღემდე ამ მცდარ შეხედულებას ბევრი მწვრთნელი იზიარებს. სწორედ ამის შედეგია ის პრობლემები, ქართულ გუნდებში რომ ვაწყდებით. 15 წლის ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული ის თვისებები, რაც ადრეულ ასაკში უნდა განავითაროს. საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის კი ცნობილია, რომ სისწრაფისა და ძალის განვითარება 11 წლიდან იწყება. მერე ამ თვისებების გაუმჯობესების მცდელობა დაგვიანებულია. ამის გამო ხდება, მწვრნელები ასაკგადაკეთებული ბავშვებით რომ ცდილობენ წარმატების მიღწევას. მერე ეს ფეხბურთელები დიდებში ისეთივე ნულად რჩებიან, როგორებიც იყვნენ, რადგან მათთვის პატარა ასაკის დატვირთვა არაფრის მიმცემია, თავის ასაკში კი სათანადო ვარჯიში დააკლდათ და ორი ნული მივიღეთ, ანუ ფეხბურთელის განვითარება ვერ ხერხდება.

ფიზიკური მომზადება მხოლოდ სირბილი არ არის. მარათონელი 42 კილომეტრს გარბის, მაგრამ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, რადგან ეს სახეობა სპეციფიკური მოძრაობებისგან შედგება და სწორედ ეს მოძრაობებია დასახვეწი. მე სწორედ ამ ვარჯიშებით ვცდილობ ფეხბურთელთა "მოსულიერებას". ვარჯიშებიც ისე მაქვს შედგენილი, რომ მოთამაშეს ამ მოძრაობების გამძლეობა ჰქონდეს და არა ზოგადად საერთო გამძლეობა, რომელიც ყველა სახეობის სპორტსმენს სჭირდება. ფეხბურთელს 42 კილომეტრის გარბენას არავინ სთხოვს, მაგრამ მარათონელი რომ ათამაშო, შესაძლოა, 10 კილომეტრზეც დაიღალოს, რადგან აქ საჭიროა მოკლე მონაკვეთის, მაგრამ სწრაფად გარბენა, უნდა იცოდეს შეტევა, დაცვა, ენერგიის სწორი ხარჯვა.

- ფიზიკურად მოუმზადებელი თაობა რომ მოდის, ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო წლებში აშკარად იგრძნობა, ფეხბურთელები 90 წუთს ვერ ძლებენ.
- კომპიუტერმა ფიზიკურად მოუმზადებელი თაობა გაზარდა. ეს პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ მონაცემებთან. ბავშვი დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ზის, არ მოძრაობს, კუნთები არ უვითარდება და ჯანიც არ აქვს. მერე მიდის ვარჯიშზე და იქაც სათანადოდ ვერ იტვირთება. ცხადია, ეს უშედეგოდ არ ჩაივლის. უმაღლესი ლიგის გუნდში რეკომენდებულია, რომ მოთამაშის პულსი 140-დან 170-მდე იყოს. ჩვენი მწვრთნელები კი მაქსიმუმ 150-ს სჯერდებიან, მეტზე კი აჩერებენ.

როგორ უნდა მოვთხოვოთ ფეხბურთელს ისეთი დატვირთვით თამაში, როდესაც პულსი 180-მდეც შეიძლება ავიდეს? სწორედ ეს დაბალი მოთხოვნებია იმის მიზეზი, ეროვნული ჩემპიონატის მატჩების მეორე ტაიმში ფეხბურთელებს ერთი სული რომ აქვთ, გასახდელამდე მიაღწიონ. ამის გამოა, რომ წარმატებას აღწევენ მხოლოდ ფიზიკურად ნორმალურად მომზადებული კლუბები. შესაძლოა, ნიჭიერი მწვრთნელი იყო, სწორი ტაქტიკა გქონდეს, მაგრამ კლუბს ფეხბურთელების ფიზიკურად მომზადების საშუალება თუ არ აქვს, შრომა წყალში ჩაგეყრება.

- ქეცბაიას ფიზმომზადების მწვრთნელთა სემინარის გამართვა სურს. საქართველოში თქვენი პროფილის მწვრთნელთა რაოდენობა მართლა ასეთი მცირეა?
- შეიძლება, ბევრი იბრალებდეს, მაგრამ ცოდნა, გამოცდილება და გადმოცემის ნიჭი არ ჰქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად ვეთანხმები ქეცბაიას, ფიზმომზადების მწვრთნელი ყველა გუნდს სჭირდება და არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე. ნორმალურ ევროპულ კლუბში ასეც არის - ერთი მოედანზე მუშაობს, მეორე - ტრენაჟორებზე, მესამე - საერთო გაწელვებს ხელმძღვანელობს, მეოთხე - აღდგენებს, არის კიდევ სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული მწვრთნელი. მოკლედ, ფიზმომზადება სხვადასხვა ფრაგმენტისგან შედგება, მაგრამ ჩვენთან შესაძლებლობა რომ არ არის, კლუბებს ერთიც არ ჰყავთ. ამიტომ ფეხბურთელებს მთავარი მწვრთნელები ამზადებენ, რომლებიც კონსპექტებიდან გადაწერილი ფიზმომზადების მეთოდებით არასწორად ტვირთავენ მოთამაშეებს და ესაა ჩვენი უბედურება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული