უეფას მაღალჩინოსნებმა ”მიხეილ მესხი” მოინახულეს

AutoSharing Option
უეფას ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჯოზეფ მეფსვუდი და ნაციონალური დეპარტამენტების თავმჯდომარე ტერი ფავერი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში მათ პირველი სამუშაო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე გამართეს.

უეფა-ს მაღალჩინოსნებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ასევე ფეხბურთის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერებინეს. 

უეფა-ს ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს როგორც მოედნის საფარი, ასევე გასახდელები და სხვა დანარჩენი სპორტული ინფრასტრუქტურა. ჯოზეფ მეფსვუდისა და ტერი ფავერის სტუმრობა "ლოკომოტივის" სტადიონზე უკავშირდება
გრძელვადიან გეგმას, რომლის მიხედვითაც მიხეილ მესხის სტადიონის უეფა-ს სტანდარტების დონეზე სრული რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განუცხადა, უეფა-ს ხელმძღვანელი პირები გაეცნობიან "ლოკომოტივის" სტადიონის ინფრასტრუქტურას, შეაფასებენ და ამის შემდეგ უკვე მოამზადებენ სპეციალურ დასკვნას, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, თუ რა კონკრეტული თანხაა საჭირო იმისათვის, რომ სტადიონის განახლება მოხდეს. ზვიად სიჭინავას განცხადებით, სავარაუდოდ მიხეილ მესხის სტადიონის განახლების პროცესი 2011 წლიდან დაიწყება. 

2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში უეფა-ს მაღალჩინოსნები ასევე დაათვალიერებენ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას", რომელზეც ასევე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ჯოზეფ მეფსვუდი და ტერი ფავერი შეხვედრებს გამართავენ ფეხბურთის ფედერაციის სხვადასხვა ხელმძღვანელ პირებთან. 


”ინტერპრესნიუსი”
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული