დღეს კი ”საბურთალოში" ბავშვთა ტურნირი დაიწყება, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 გუნდი მონაწილეობს.
”საიუბილეო გათამაშება ბავშვთა ტურნირით გაიხსნება. 24 დეკემბერს თამაშები 10 საათიდან დაიწყება, ფინალი კი 29 დეკემბერს გაიმართება. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ”ბენდელას თასი" წლეულს თვისებრივად ახალ მასშტაბს შეიძენს. 27 დეკემბრიდან ”საბურთალოზე" დიდების ოთხთა ტურნირი
სულ მთავარ ტურნირში ოთხი გუნდი იქნება, ორი ლეგიონერებისა და ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული, აგრეთვე პრობაციონერების და ტურნირის ორგზის გამარჯვებული სეუ. მატჩები 16 საათზე დაიწყება, ფინალი კი 29 დეკემბერს გაიმართება", - გვითხრა ”ბენდელას თასის" ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამიერიდან ”ბენდელაზე" მესამე ტურნირიც გაიმართება, ოღონდ იანვარში, სტანდარტულ სტადიონზე და მასში მონაწილეობაზე წინასწარი თანხმობა უმაღლესი ლიგის ლიდერებმა განაცხადეს, რაც ”ბენდელას" მნიშვნელობას ზრდის.
”იანვარში ”ბენდელას" მესამე ტურნირი რუსთავში გაიმართება, წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადეს თბილისის ”დინამომ", ”ზესტაფონმა", რუსთავის ”ოლიმპმა", ცხინვალის ”სპარტაკმა", თბილისის ”ვიტ ჯორჯიამ" და ”გაგრამ". ტურნირს რუსთავი უმასპინძლებს. თუმცა არ არის გამორიცხული, გუნდების ნაწილმა შესარჩევი მატჩები ზესტაფონშიც ჩაატაროს. საქმე ისაა, რომ დასავლეთ საქართველოს კლუბებმა ”ბენდელაზე" მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ”ზესტაფონი" კი მზად არის, ჯგუფური ეტაპის მატჩებს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლოს. გარდა ამისა, თბილისში ჩამოსულმა რევაზ ძოძუაშვილმა გვითხრა, რომ თაუზის ”თურანს" მოსამზადებლად საქართველოში ჩამოსვლა და ტურნირში ჩართვა სურს.
გავითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ იანვარში გუნდები მოსამზადებელ ეტაპს გადიან და მატჩები ყოველ მესამე დღეს ჩატარდება, კლუბებმა სამზადისის გრაფიკი რომ დაიცვან. საბოლოოდ გათამაშება ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპამდე, ანუ 12 თებერვლამდე დასრულდება და ვფიქრობ, კარგი მოსამზადებელი ტურნირი გამოგვივა", - ამბობს ჭუმბურიძე.
იგი მადლიერია დავით კირკიტაძისა, რომლის იდეაც იყო ”ბენდელას" დიდ მოედანზე გამართვა: ”უკვე შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ”ბენდელას" ჰყავს არა სპონსორები და პარტნიორები, არამედ მეგობრები, რომლებიც თხოვნის გარეშე, საკუთარი სურვილით გვიკავშირდებიან და თანადგომას გვიცხადებენ. წლეულსაც ასე მოხდა. ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დამიკავშირდა და რუსთავის სტადიონზე თამაში შემოგვთავაზა, თანაც ტურნირის მასპინძლობის ხარჯს საკუთარ თავზე იღებს.
გვერდში დაგვიდგნენ: ”იბერია ბიზნეს ჯგუფი", ”კუს ტბა", ”ჯეოსელი", ”ყაზბეგი", ”კრომბახერი", ”სარაჯიშვილი", ”მაკდონალდსი", ყავა ”პელე", ”ოილენდი", ”ალგორითმი", ”მორკინალი", ”ვულე ვუ", მე მათ ვუწოდებ არა სპონსორებს, არამედ მეგობრებს, რადგან მათი მიზანი გმირის, ზაზა ბენდელიანის დაფასებაა. ამ ხალხის დამსახურებაა, ტურნირზე ბევრი პრიზი რომ დაწესდება. საშეჯიბრო მხარეს კი საკუთარ თავზე თბილისის ფეხბურთის ფედერაცია იღებს".