მუჯირმა ოქროს თევზი აიყვანა

AutoSharing Option
"ოლიმპის" საფეხბურთო სკოლაში "ბენდელას თასის" მეოცე გათამაშების მონაწილე დიდების გუნდებიც ჩაერთვნენ. მიზეზთა გამო მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა - დავით მუჯირის შეკრებილი "ოქროს თევზი" შოთა გორგოძის "თბილისს" შეხვდა. მუჯირის გუნდში მის გარდა თამაშობდნენ დინამოელი გია კვარაცხელია, ყოფილი დინამოელი მიშა მაზიაშვილი, საქართველოს ნაკრების მცველები, ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი, ფუტსალის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, ამავე ნაკრების წევრი აკაკი კაკაშვილი და გლდანი-ნაძალადევის პოლიიცის უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე.

საინტერესო გუნდია "თბილისიც": მეკარე ალექსი შარაშენიძე, ექსდინამოელი ირაკლი ვაშაკიძე, ლეგიონერები ლაშა ღონღაძე ("დაუგავა",
ლატვია), კოტე ზარნაძე ("ოლიმპსი", ლატვია), დავით ჯანელიძე ("სკონტო", ლატვია), "ზესტაფონის" მცველი ლექსო ბენაშვილი, ბრესტის "დინამოს" ნახევარმცველი ზაზა ჭელიძე.

შედარებით გამოუცდელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "თბილისი" უფრო მობილიზებული და მონდომებული ჩანდა და ლაშა ნამორაძის გოლით დაწინაურდა.

მალე მუჯირმა ანგარიში გაათანაბრა, შემდგომაც "ოქროს თევზს" კიდევ ორჯერ მოუხდა ჩამორჩენის აღმოფხვრა - ქავთარაძისა და ბენაშვილის გოლებს კაკაშვილმა და ასათიანმა უპასუხეს და საბოლოოდ თამაში ფრედ - 3:3 დამთავრდა.

როგორც გვითხრეს, დღეს "ოქროს თევზში" საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ დათო სირაძის დამატებასაც აპირებენ და ვფიქრობ, ტურნირი გახურდება. მიზეზთა გამო გუშინ "საბურთალომ" ვერ ითამაშა და დღეს ზედიზედ ორ მატჩს ჩაატარებს:

14:30. "საბურთალო" - "პრობაციონერები"
15:30. "ოლიმპი" - "ოქროს თევზი"
16:30. "სეუ" - "საბურთალო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული