ტაოპრივატბანკის ყადაღა - სფფ-ს თუ სიჭინავას წინააღმდეგ?

AutoSharing Option
გუშინ დილით მოულოდნელი ამბავი შევიტყვეთ - ფეხბურთის ფედერაციის ანგარიში დააყადაღეს. საყრილობო ამბების გასაგებად ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილს დავუკავშირდით და ჩვენი ლაპარაკი სულ სხვა მიმართულებით წარიმართა:

- არც ვიცი, რამდენად უპრიანია ახლა ყრილობაზე ლაპარაკი, როდესაც ფედერაციაში მისულთ გვაცნობეს, რომ "ტაოპრივატბანკმა" ფეხბურთის ფედერაციის საბანკო ანგარიშები გაყინა.

ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ "ტაოპრივატბანკიდან" სესხად 300 ათასი ევრო გამოიტანა. ჩვენ ამ სესხსაც ისევე ვისტუმრებდით, როგორც სხვა ვალებს. საერთოდ, დაყადაღების მიზეზია ცოტა გაურკვეველი. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ფედერაცია რამდენიმე კომპანიასთან სპონსორობის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს, სანაკრებო
საჭიროებისთვის ყოველდღე თანხებია გასაცემი, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები კი კარს მოგვადგა. ამდენად, მომხდარი ჩვენს გაოცებას იწვევს და იმედს ვიტოვებთ, რომ ფედერაციას ნორმალური მუშაობის საშუალება მალე მიეცემა.

ცხადია, ფედერაციის ხელმძღვანელობა "ტაოპრივატბანკის" თავკაცებს შეხვდება და ვითარებაში გარკვევას შეეცდება. ასეთ დროს ფედერაციის საქმიანობის შეჩერება დაუშვებელია, მით უფრო, რომ არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი.

ცხადია, ანგარიშის დაყადაღება ფედერაციის საქმიანობას და საარჩევნო მზადებას ხელს შეუშლის და ეს არის ძალიან საყურადღებო. საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თანხებია საჭირო, რომელსაც დაყადაღებული ანგარიშიდან ვერ გავცემთ.

დვალიშვილთან საუბრის შემდეგ საკითხის დეტალები ფედერაციის ბუღალტერიაში გავარკვიეთ.

ფეხბურთის ფედერაციის ძველმა ხელმძღვანელობამ "ტაოპრივატბანკიდან" 300 ათასი ევროს ოდენობის სესხი აიღო, რომელიც 2010 წლის დასაწყისამდე უნდა დაეფარა. ამ დროს ფედერაციას უკვე ზვიად სიჭინავა ხელმძღვანელობდა, რომელმაც გაზაფხულამდე ძველი, 18 მილიონიანი დავალიანების 6 მილიონ ლარამდე ჩამოყვანა მოახერხა.

ამ დროისთვის ფედერაციის თავკაცებმა მოლაპარაკება წამოიწყეს "ტაოპრივატბანკის" ხელმძღვანელობასთან, ვალი აღიარეს და სთხოვეს, რომ მისი რეფერენსირება მოეხდინა. ეს რას ნიშნავს? რადგან ფედერაცია აღიარებდა დავალიანებას, მთლიანი თანხის ახალ სესხად გაფორმებას და გადახდის ახალი გრაფიკის შემუშავებას ითხოვდა. მიუხედავად რამდენიმეგზის თხოვნისა და წერილობითი მიმართვისა, ქართული ფეხბურთის მნიშვნელობაზე აპელირებით, "ტაოპრივატბანკის" თავკაცებმა ფედერაციის ამ თხოვნაზეც არანაირი რეაგირება არ მოახდინეს.

ბანკისთვის ისიც არაფერს ნიშნავდა, რომ ფედერაციამ ძველი ვალების მნიშვნელოვანი ნაწილი გაისტუმრა.

"ტაოპრივატბანკის" ხელმძღვანელობამ 2010 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იჩივლა და თანხის ამოღება მოითხოვა. 15 დეკემბერს აღსრულების თბილისის ბიურომ დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო, 27 დეკემბერს კი ფეხბურთის ფედერაციის ყველა ანგარიში და უძრავ-მოძრავი ქონება დააყადაღა. ოფიციალურად "ტაოპრივატბანკს" ვერ მოედავები - დავალიანების გადაუხდელობა დასჯადი საქციელია. ყველა იურიდიული დოკუმენტი იმაზე მიუთითებდა, რომ ფედერაციამ საკუთარი პირობები არ შეასრულა. თბილისის სააღმსრულებლო ბიუროს დადგენილებით, დაყადაღდა ფედერაციის კუთვნილი ყველა სხვა საბანკო ანგარიში და უძრავ-მოძრავი ქონება, ფედერაციის თანამშრომლები კი საახალწლოდ ხელფასებს ვერ მიიღებენ.

ახლა ფედერაცია კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დგას - თუ პრობლემა ახალ წლამდე არ მოგვარდა, ამოქმედდება ე.წ. სეკვესტრირების წესი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის ანგარიშიდან წლის ბოლოს აუთვისებელი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოიჭრება. "ტაოპრივატბანკში" ფედერაციას დაახლოებით 200 ათას ევრომდე აქვს დარჩენილი და, როგორც შევიტყვეთ, ბანკის მმართველებს ამ თანხის კრედიტის საფასურად ჩამოჭრას სთავაზობენ, სულ რომ არ დაიკარგოს, მაგრამ ამაზეც უარი მიიღეს.

ეს ყველაფერი ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ზოგს მიაჩნია, რომ საკითხი არ იყო ძნელად მოსაგვარებელი და აკი ეჭვიანები მომხდარში ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ დაგებულ მახეს ხედავენ. ჩვენ ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი ფედერაციას ისედაც 7 მილიონი ლარით ეხმარება.

ამ დროს "ტაოპრივატბანკში" ფედერაციის ანგარიშზე არსებული 200 ათასი ევროს ბანკისთვის გადარიცხვა თუ შეიძლება - ან რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, ბანკის მიზანი ხომ თანხის ამოღებაა - რატომ უნდა იზარალოს ფეხბურთმა (ამ შემთხვევაში ფედერაციის სახით) და რატომ უნდა დაესაკუთროს მის 200 ათას ევროს სახელმწიფო, რომელიც იანვრიდან მისთვის 7 მილიონი ლარის გამოყოფას აპირებს? ან რაში უნდა აძლევდეს ხელს ეს ბანკს?! ამ საკითხში ბევრი რამ გაურკვეველია და ცალმხრივი დასკვნის გაკეთება არ გვსურს, სანამ "ტაოპრივატბანკის" განცხადებას არ გავეცნობით. გუშინ კი ბანკის განმარტებებს უშედეგოდ ველოდით.

საბედნიეროდ, "ტაოში" აღებული კრედიტი ფედერაციის ქონებით არ არის უზრუნველყოფილი, ანუ ფედერაციის შენობა ბანკში არ ჩაუდიათ და ვინმეს ტვინი რომ გადაუტრიალდეს, შენობას ვერ გაყიდის.

თუმცა, ვიდრე ფედერაციის თავკაცები უფრო დიდი დავალიანების გასტუმრებაზე ფიქრობდნენ, "ტაოპრივატბანკის" 300 ათას ევროიანმა სესხმა პროცენტებითა და ჯარიმებით 400 ათას ევროს მიუკაკუნა.

ფედერაცია კი დავალიანების გასტუმრების ახალი გრაფიკის შედგენას ითხოვს, რათა ყრილობისთვის მზადება, სანაკრებო და, საერთოდ, საფეხბურთო მეურნეობის საქმიანობა არ შეფერხდეს და ნორმალური სამუშაო რეჟიმი აღდგეს.

ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშის დაყადაღება "მოდაში" მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს შემოვიდა. როცა არ ეზარებოდათ, ფედერაციას ანგარიშს უყინავდნენ და რატომღაც ეს ამბავი ძალიან საეჭვოდ და ხშირად მნიშვნელოვან სანაკრებო შეხვედრებს ემთხვეოდა, რა თქმა უნდა, თუ ამას დამთხვევა შეიძლება ეწოდოს.

ჟორდანიას მმართველობისას ფედერაციის ანგარიში სულ ცხრაჯერ დააყადაღეს და ეს მეტი არაფერი იყო, თუ არა ხელის შეშლა. თუმცა ამ ყველაფერს ძალიან პრაგმატულად ასაბუთებდნენ - ფედერაციის ვალები გადასახდელი იყო და ვერც შეედავებოდი.

იმ დროის სესხი სიჭინავამ გაითვალისწინა და ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, ამჟამად ფედერაციას თითოეული საჭიროებისთვის ცალკე ანგარიში აქვს გახსნილი - ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის, ფიფასა და უეფას გრანტებისთვის, მსაჯებისთვის, მშენებლობებისთვის და ა.შ. მაგრამ ერთი ანგარიშის დაბლოკვამ ყველა დანარჩენის დაყადაღება განაპირობა.

ცხადია, დაყადაღებას დავალიანება იწვევს, თუმცა იმედია, მომხდარი გაუგებრობად ჩაითვლება და მალე დასრულდება. ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ მართავს ფედერაციას, ამ შემთხვევაში მთავარია, ფედერაციამ გამართულად იმუშაოს და ნაკრებებს და საფეხბურთო მეურნეობას დღევანდელზე მეტი პრობლემა არ შეექმნას.




.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაასორეტ ტექსტი, საკმაოდ ბევრი უზუსტობაა. საამღსრულებო ბიურო არ არსებობს. არსებობს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც ყავს ტერიტორიული ორგანოები, თბილისის სააღსრულებო ბიურო, აჭარის სააღსრულებო ბიურო და ა.შ. აღსრულების თბილისის ბიურო ბუნებაში არ არსებობს
nukri
13:50 29-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული