ლეგენდები: მიხეილ მესხი - ერის სიხარული, რომელსაც გული ატკინეს

AutoSharing Option
ეს წერილი 2014 წლის 19 ნოემბერს მომხდარმა ამბავმა გვიკარნახა. მიხეილ მესხს, მისივე სახელობის სტადიონზე ძეგლი გაუხსნეს. იმ დღეს გვერდი-გვერდ იდგნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული საფეხბურთო და პოლიტიკური მოღვაწეები. ეს ფაქტი გვახსენებს, რა მოვლენა იყო საქართველოსთვის მიხეილ მესხი, კაცი, რომელმაც კომუნიზმითა და ათეიზმით დაბნელებულ საბჭოეთში საქართველოში ხალხის გულები გაანათა.

მრავალ ჭირნახულ საქართველოში, რომელსაც ჯერ კიდევ არ განელებოდა 1956 წლის 9 მარტის ჭრილობები, მიხეილ მესხი ქართველებისთვის ფეხბურთელზე მეტი იყო - ჭეშმარიტად სახალხო გმირი, რომლის ფინტები და გოლები ქართველებში თავისუფლების განცდას აღვიძებდა.

გამსახურდიასა და კოსტავას
გადაეფარა...

1961 წლის 18 ნოემბერს, ბუენოს აირესში, არგენტინისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებთა შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ორივე გოლი როსტოვის სკა-ს თავდამსხმელმა ვიქტორ პონედელნიკმა გაიტანა. მაგრამ მედიამ მაინც ქართველები გამოარჩია - მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი.

"მესხი საუცხოოდ თამაშობდა. მან თავისი მეურვე სიმეონე დაქანცა. ის ყველაზე მეტად იყო "დამნაშავე" ორ გოლში, რომლებმაც რუსებს მოაგებინა.

მატჩის შემდეგ, წამყვანი არგენტინული კლუბების მეპატრონეებმა განაცხადეს, რომ საბჭოელების მარცხენა გარემარბში 50 მილიონ პესოს გადაიხდიდნენ. როგორც კი მსაჯმა საფინალოდ ჩასტვინა, ექსპანსიური ქომაგების ნაწილმა პოლიციის კორდონი გაარღვია და ფეხბურთელებს ეკვეთა", - წერდა ჟურნალი "ელ გრაფიკო".

"პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა", - ეს არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა სიმეონემ თამაშის შემდეგ მიხეილ მესხზე თქვა.

"საბჭოთა პერიოდში ჩვენთვის ბედნიერება იყო არა ხუთწლედის გეგმების შესრულება და გარდამავალი დროშის მიღება, არამედ ის წამი, მიშა მესხი ბურთს რომ მიიღებდა", - ეს სიტყვები საქართველოს დამსახურებულ მხატვარს ელგუჯა ბერძენიშვილს ეკუთვნის, რომელიც ძველ 35-ე სკოლაში მესხის თანაგუნდელი გახლდათ.

მან ერთ უცნობი ისტორიაც შემოგვინახა - თავის დროზე, მესხი სახლში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მალავდა. დღეს ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, საბჭოთა კავშირის დროს დისიდენტების შეფარება რას ნიშნავდა...

ჩხუბში უკან არ იხევდა
ფეხბურთის მოყოლა შეუძლებელია, ის საკუთარი თვალით უნდა იხილო. ამიტომ, მიხეილ მესხის მეზობელს, გურამ ჩომახიძეს მოვუსმინოთ, რომელიც "ნახალოვკაში", მიხეილ მესხის მეზობლად იზრდებოდა.

ბატონი გურამი ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი სპეციალისტია - მისი გაზრდილები არიან ჯაბა კანკავა, გოჩა ხოჯავა, ზაალ ელიავა, რეზო გეწაძე, სანდრო იაშვილი, გოგი ფიფია, ლაშა ჯაფარიძე. ანუ იმ გუნდის ბირთვი, რომელმაც შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

- მისი უბნელი ვიყავი და ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემზე 6 წლით უფროსი იყო, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი - მიშას დეიდაშვილ ზურა პაპიძესთან ვმეგობრობდი.

ის მსოფლიო დონის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი პიროვნება გახლდათ - თავმდაბალი და კეთილი, მეზობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე გადაყოლილი კაცი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი. მერე დიღომში გადავიდა, მაგრამ უბანში მოდიოდა, ბიჭებთან ბირჟაზე ჩამოჯდებოდა და ისევე უბრალო იყო, როგორც ბავშვობაში.

საერთოდ არ შეცვლილა. ამიტომაც გვიყვარდა, რომ ჩვენი მეგობარი კაცი მწვერვალებს შეეჭიდა და ცხვირი ერთხელაც არ აუწევია.

განსაკუთრებით, მოჭიდავე ჯემალ შენგელიასთან მეგობრობდა, თავად მიშაც ხომ ჭიდაობდა და ამიტომაც იყო ფიზიკურად ძლიერი. რამე რომ მოხდებოდა, უკან არ იხევდა, ჩხუბში ძალიან მაგარი იყო, სხვათა შორის - რისკიანიც. დიღმის სახლში აუზი ჰქონდა და მეორე სართულიდან ხტებოდა.

ყველას ეხმარებოდა, ფული თუ ჰქონდა - მატერიალურადაც, სიძუნწეს ვერ იტანდა. ხომ იცით, "ნახალოვკა" რა პრობლემური უბანი იყო. მიშას ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, მილიციიდან ბევრი უბნელი გაუთავისუფლებია.

მაშინ ბევრი ოცნებობდა მთავრობაში მოხვედრაზე ან შემოსავლიან სამსახურზე. კარიერის შემდეგ მიშას რა სამსახური არ შესთავაზეს, მათ შორის, ძალიან დიდი თანამდებობებიც. მაგრამ ყველაფერზე უარი თქვა, რადგან სულით ფეხბურთელს ისევ ამ სფეროში დარჩენა სურდა.

საფეხბურთო სკოლის აშენება გადაწყვიტა, რადგან უნდოდა, ქართული ფეხბურთისთვის შემტევი, ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარი თაობები გაეზარდა. ასე დაარსდა "ავაზა", სადაც მიშასთან ვმუშაობდი.

პირველი ფეხბურთელი იყო, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო სკოლა აუშენეს. იცით, რატომ? მოვლენა იყო - ისეთივე მოვლენა ფეხბურთში, როგორც გალაკტიონი - პოეზიაში.

ყველაფერს რუსულ შოვინიზმს აბრალებდა...
- მისი ყველაზე ახლო მეგობარი ეროსი მანჯგალაძე იყო, რადგან ისიც გამოირჩეოდა ადამიანურობით, ვაჟკაცობითა და სიმართლით. სამაგალითო მეგობრობა ჰქონდათ.

ფეხბურთიდან რატომ გაუშვეს? ეს იყო ქართული "ფენომენი". ურუგვაის "ნასიონალთან" გააცილეს. მიშას ორივე ტაიმის თამაში სურდა და მხოლოდ ერთზე დათანხმდნენ. გაუკვირდა, რატომო? შენ რომ მაგრად ითამაშო, ხალხი რას იტყვისო.

ურუგვაელებს მართლა გაუკვირდათ - ამას თუ უშვებთ, ვისღა ტოვებთო? კაცი 29 წლის იყო და საუკეთესო ფორმაში მყოფი აიძულეს, წასულიყო. ეს მარტო მისი კი არა, საქართველოს ტრაგედია იყო. მომხდარი ისე განიცადა, ხელებიც კი დაიზიანა.

იცით, რა "რეჟიმისტი" იყო? სლავა მეტრეველზე მეტიც კი - შანსი არ იყო, რეჟიმი დაერღვია. სლავას ცოტა "გადახვევა" კი უყვარდა. მეცინება, როცა ამბობენ, ბოლოს რეჟიმს არ იცავდაო. უბრალოდ, გული ისე ატკინეს... ეს მერე, კარიერის შემდეგ გაითქვა სახელი - მაგარი მოქეიფე იყო.

გული მარტო მაშინ კი არ ატკინეს. 1966 წელს მოროზოვმა ინგლისის მუნდიალზე მის ნაცვლად ჰუსაინოვი წაიყვანა. კაცი უნამუსოდ დაჩაგრეს. ამას მხოლოდ ჩვენი მეგობრობა არ მალაპარაკებს, სიმართლეა. ჰუსაინოვი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მიშას როგორ შეედრებოდა! სად ჰქონდა მსგავსი ტექნიკა და იმპროვიზაცია, რითიც მიშა ხალხს აღაფრთოვანებდა? იმ პერიოდში გაგიჟებული იყო, ყველაფერს რუსულ შოვინიზმს აბრალებდა.

წარმოიდგინეთ, კომუნისტები რა სიბნელეში გვამყოფებდნენ. თურმე, საყვედურობდნენ, უცხოეთში ჟურნალ-გაზეთებს რატომ ყიდულობ, პოპულარობას ეძებო? შვილები და შვილიშვილები მეყოლება და მინდა იცოდნენ, მათ მამასა და ბაბუაზე რას წერდნენო. წარმოგიდგენიათ? თურმე, ესეც არ შეიძლებოდა. არადა, საბჭოთა კავშირის ნაკრებზე უცხოეთში რამეს თუ წერდნენ, უპირველესად, მიშას გამოარჩევდნენ. ეს რუსებს არ სიამოვნებდათ.

ვიცით, რომ 1966 წელს არგენტინელებმა და ბრაზილიელებმა იკითხეს, მესხი ნაკრებში რატომ არ არისო? მან ხომ საბჭოთა კავშირის ნაკრების სამხრეთამერიკული ტურნეს დროს ფურორი მოახდინა.

ჩვენი გავერანებული ფეხბურთის შემხედვარე, დღეს ბევრი იტყვის, რომ ვაჭარბებ. მაგრამ მიშა მართლაც დიდი მოვლენა იყო...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 17 /
ლექსი რატომ წაშალეთ?სასაცილო იყო ალბათ არა?.......
leqsi
16:26 30-12-2014
0
მიშას თამაში არ მინახავს ცოცხლად.1974 წლიდან ყველა თამაში მახსოვს დინამოსი,მესხი იყო არა მარტო დიდი ფეხბურთელი არამედ დიდი შოუმენიც,რომლის სანახავად სტადიონები ივსებოდა,მისი არწაყვანაც როგორც 1966 წლის,ასევე 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,შოვინიზმთან ერთად მის სათამაშო სტილს უკავშირდება,მწვრთნელების უმეტესობას მაშინაც და ეხლაც შოუმენს და კრეატიულ ვარსკვლავს,მუშა და ტაქტიკური დავალების ზედმოწევნით ზუსტად შემსრულებელი ფეხბურთელი უჩევნიათ..რაც შეეხება შოვინიზმს ეგ რუსებში ყოველთვის არსებობდა....
დათო
23:33 29-12-2014
0

სიახლეები პოპულარული