ზვიად სიჭინავა: ახალი სესხი უნდა ავიღოთ, რომ ბანკის ვალი გავისტუმროთ

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციასა და "ტაოპრივატბანკს" შორის წარმოქმნილი გაუგებრობა ორ დღეში ამოიწურა, ფედერაციის ანგარიშებს ყადაღას მოუხსნიან, მაგრამ შესაძლოა, ამ გაუგებრობას სხვა გაგრძელება მოჰყვეს.

გუშინ ზვიად სიჭინავამ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია:

- ყველამ ვიცით შეკრების მიზეზი, ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშებს ყადაღა დაადეს. "ტაოპრივატბანკთან" პრობლემა 2009 წელსაც არსებობდა, მაგრამ ფედერაციამ დავალიანება აღიარა და ჩვენი დღევანდელი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2010 წლის იანვარში ბანკს სესხის რესტრუქტურიცაზია ვთხოვეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. "პრივატბანკის" მმართველებს აგვისტოშიც შევხვდით და სექტემბერშიც. იმ დროისთვის ჩვენი ვალი 348.000 ევრო იყო. მაშინ 300.000-ის გადახდა გვსურდა,
რასაც ბანკი არ დათანხმა.

მოგვიანებით შევთანხმდით, რომ ყოველთვე 20.000 ევროს გადავუხდიდით. ამის დასტურად "პრივატბანკში" წერილიც გავაგზავნეთ. ოქტომბერში თანხა ბანკში გადავრიცხეთ კიდეც, მეორე ნაწილის გადახდა კი დეკემბერში გვსურდა, მაგრამ 27 დეკემბერს ჩვენი ყველა ანგარიში, უძრავ-მოძრავი ქონება და კუთვნილი ბაზები დააყადაღეს. მიზეზად კი ეს გვითხრეს, მეორე გადარიცხვას 15 დეკემბერს ველოდითო.

მე ვიკითხე, სად იყო ჩვენი შეთანხმების ის ნაწილი, სადაც თანხის ეტაპობრივ გადახდაზე შევთანხმდით და ეს ფურცელი ვერ ნახეს. ეს ის "ყვავილებია", რასაც ამ ორ დღეში წავაწყდით.

საწყენი ისაა, რომ ძველი ფედერციის აღებული 300-ათასიანი სესხის ნაცვლად საურავებითა და ჯარიმებით, ბანკს 450 ათასი ევრო უნდა გადავუხადოთ.

"ტაოპრივატბანკთან" დღეს მაინც შევთანხმდით, რომ ყადაღა დღესვე მოიხსნება. ოთხშაბათს ბანკს 150.000 ევროს გადავუხდით, ახალი წლიდან კი ყოველთვე - 25.800 ევროს. თანახმა ვართ ნებისმიერ ჯარიმაზე, ოღონდ ფედერაციის ანგარიშები არ დაყადაღდეს და ორგანიზაციამ კიდევ არ იზარალოს.

- რა მიზნით გამოიტანა ძველმა ფედერაციამ ეს 300 ათასი ევრო?
- ფედერაციამ "ტაოპრივატბანკიდან" სესხი 2008 წლის 29 დეკემბერს გამოიტანა და იმავე დღეს თანხა "საქართველოს ბანკში" არსებულ ფედერაციის ანგარიშზე დასვა. იმავე დღეს 20.159 ევრო გერმანიაში კომპანია "მაინცის" ანგარიშზე გადაირიცხა, რადგან 2008 წლის აგვისტოს ომის გამო მაინცის სტადიონი ჩვენი ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის გუნდის მატჩის გასამართად ვიქირავეთ. ეს 20.159 ევრო სტადიონის იჯარისთვის იყო განკუთვნილი.

დარჩენილი თანხის კონვერტაცია ლარებში მოხდა და გამოვიდა 663.223 ლარი. 2008 წლის 30 დეკემბერს 469.999 ლარი თბილისის "დინამოს" ანგარიშზე გადაირიცხა, 162.400 ლარი კი - "ზესტაფონის".

- რატომ კლუბების ანგარიშზე? ფედერაციამ უეფადან მათთვის ჩარიცხული თანხა გამოიყენა და ვალებს უბრუნებდა?
- ალბათ, ასეა, ფედერაციამ უეფადან კლუბებისთვის დარიცხული თანხა დახარჯა და კლუბებს დავალიანება გაუსტუმრა. 2008 წლის 31 დეკემბერს კი ფედერაციამ "ზესტაფონს" 165 ათასი ევრო ასესხა, საიდანაც 115 ათასი ლარი ფედერაციის მაშინდელი გენერალური მდივნის, უჩა უგულავას პირად ანგარიშზე აღმოჩნდა, 2010 წელს კი "ზესტაფონმა" კუთვნილი 70.000 ევრო უკან მიიღო.

მე წინა ხელმძღვანელების მიმართ პრეტენზიები არ მქონია, მაგრამ მაქვს "ტაოპრივატბანკთან" გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც საინტერესო დეტალია: ბანკიდან კრედიტი ისეა გამოტანილი, რომ საბუთებზე ყოფილი პრეზიდენტის, ნოდარ ახალკაცის ფაქსიმილეა დაფიქსირებული, ექსპრეზიდენტს კი პირადად ხელი არ მოუწერია. აქამდე არ ვიცოდი, ფაქსიმილეთი სესხის გაცემა თუ შეიძლებოდა. არ ვიცი, ეტყობა, ახალკაცს თითი სტკიოდა. ფეხბურთის ფედერაციას ბანკისთვის გარანტიები არ წარუდგენია.

საქმეში საგამოძიებო ორგანოები უნდა ჩაერთონ და გაარკვიონ, შეიძლება თუ არა ფაქსიმილეთი და ყოველგვარი გარანტიების გარეშე ჩვენი ბანკებიდან 300.000 ევროს სესხად აღება.

- თანხა უგულავას ანგარიშზე რატომ გადაირიცხა?
- ვერ გეტყვით. საწყენი ისაა, რომ 15 ივნისიდან სესხს ყოველდღიურად ჯარიმის სახით 266 ევრო ემატებოდა. ახლა დამატებითი სესხი უნდა ავიღოთ, "ტაოპრივატბანკის" ვალი რომ გავისტუმროთ. ეს კი შეაფერხებს იმ პროგრამების განხორციელებას, რომელსაც 2011 წლისთვის ვგეგმავდით. ამ ქვეყანაში ვიღაცამ რაღაცაზე პასუხი უნდა აგოს, ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებ და მზად ვარ, საქმეში საგამოძიებო ორგანოები ჩავრიოთ.

- გამოძიების ჩართვა არჩევნების შემდეგ გსურთ?
- მთავარია გამოძიება დაიწყოს.

- დაყადაღებას წინასაარჩევნო სარმად ხომ არ მიიჩნევთ?
- არ ვიცი და არ მაინტერესებს, მაგრამ მწყინს, რომ 348 ათასის ნაცვლად ბევრად მეტის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ ვამაყობდით, რომ ვალებს ვისტუმრებდით და 2011 წლის დეკემბრამდე გეგმები გაწერილი გვქონდა. ახლა დამატებითი საზრუნავი გაგვიჩნდა.

- რამდენია ფედერაციის ამჟამინდელი ვალი?
- 4.3 მილიონი ლარი უნდა გადაგვეხადა, მაგრამ ახლა 4.8 მილიონის გადახდა მოგვიწევს.

კითხვა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძესაც დაუსვეს:

- თქვენ წინა ფედერაციის გენერალური მდივანი იყავით და ამ სესხის ამბავი თუ იცოდით?
- დიახ, ვიცოდი, ისევე, როგორც სხვა სესხების. ეს ჩვეულებრივი ვალი იყო. მის გასტუმრებაზე ზრუნვა 2010 წლის 18 იანვარს დავიწყეთ, მაგრამ პრობლემებს მაინც წავაწყდით.

- ფაქტობრივად, გამოდის, რომ ფედერაციამ ეს სესხი კლუბების დავალიანების გასასტუმრებლად აიღო.

ზვიად სიჭინავა:
- დიახ, კლუბების დავალიანების დასაფარად. მაშინ რეზი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო და არა გენერალური მდივანი, ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს კი პრეზიდენტი და გენერალური მდივანი იღებენ.

- ასეთი უცნაური სესხები კიდევ დაგრჩათ?
- ფული "საქართველოს ბანკიდანაც" არის გამოტანილი, რომელსაც გრაფიკზე შევუთანხმდით, სულ 1.380.000 ევროს გადავიხდით, 2011 წლის იანვრიდან კი 410.000 ევროს გადავურიცხავთ.

- ასეთი უსიამოვნო ფაქტის შემდეგ "ტაოპრივატბანკში" ანგარიშის დახურვას და სხვა ბანკში გადატანას ხომ არ აპირებთ?
- სანამ სესხი გასასტუმრებელი გვაქვს, ანგარიშს ვერ დავხურავთ, შემდეგ კი ვნახოთ, ბევრი საინტერესო ბანკია, მაგალითად "საქართველოს ბანკი".

პრესკონფერენციის შემდეგ რევაზ არველაძემ "ლელოს" უცნობი ფაქტი გაუმხილა: "მაშინ ფედერაციას უჭირდა, ჩვენი ხელმძღვანელებიდან ზოგიერთი საკუთარი სახსრებით გვეხმარებოდა და შესაძლოა, ეს თანხა უგულავას პირად ანგარიშზე ამ ვალის საფასურად დაჯდა".

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ წინა ფედერაციაში თუკი ვინმე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, ერთ-ერთი სწორედ უჩა უგულავა იყო და სანამ კომენტარს არ გააკეთებს, მისი რაიმე სახით დადანაშაულება გაუმართლებლად მიგვაჩნია. გუშინ კი უგულავა გასული იყო მომსახურების ზონიდან - ჩვენც მის შემოსვლას დაველოდებით.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




.




მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ

otar
12:03 30-12-2010
0
ტაო ბანკიც თუ ბანკია რა მაგათთან საქმე როგორ დაიჭირეთ ვის რას აწერენ და ზედმეტს ახდევინებენ ვერ გაიგებ. ყველაზე უფარჩაკესი ბანკია ტაო
vaxo
19:37 30-12-2010
0

სიახლეები პოპულარული