"გმირობა შემეძლო, მაგრამ ანტიგმირი გავხდი. გმირი კი ჩისკო გახდა"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის გამართული სუპერთასის მატჩის ბედის გადაწყვეტა საჩხერელთა მცველ თემურ ღონღაძეს შეეძლო, მაგრამ 62-ე წუთზე დანიშნული პენალტი კარს ააცილა, რის გამოც დღემდე გულდაწყვეტილია.

"სიმართლე გითხრათ, არა მგონია, რომ წაგება ლოგიკური იყო. ერთი გოლის თამაში იყო და ყველაფერი ისე მიდიოდა, დამატებითი დროის მოლოდინში ვიყავი.

ამ ერთი გოლის გატანა შემეძლო და ჩემზე მეტად პენალტის გამოყენება არავის სურდა, მაგრამ... სამწუხაროდ, ყველაფერი ხდება - ის დღე ჩემი არ ყოფილა. თუმცა
ამით ცხოვრება არ მთავრდება.

ძალიან უსიამოვნო შეგრძნება კია, როცა გადამწყვეტ მომენტში გუნდს ვერ ასარგებლებ. გული ძალიან დამწყდა... "ჩიხურა" მეგობრული გუნდია და ამით ყველაფერს ხაზი არ უნდა გადაესვას. შესაძლოა, სხვას დაერტყა და გაეფუჭებინა.

უბრალოდ, დასანანია, რომ ერთი მომენტით შემეძლო, გმირი გავმხდარიყავი, მაგრამ ანტიგმირი გავხდი. გმირი კი ჩისკო გახდა.

თითქოს, ყველაფერი ლამაზი ზღაპარივით დაიწერა. იმიტომ, რომ ჩისკო ამას იმსახურებდა. კაცს ერთი მომენტი ჰქონდა და გამოიყენა. ამაში მისი კლასი გამოჩნდა. საქართველოს ჩემპიონატში მისი დონის ლეგიონერი შეიძლება მხოლოდ "ზესტაფონის" ფლანგის შემტევი ვიეირა დავასახელო, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. სხვას ვერ ვიხსენებ", - ამბობს ღონღაძე.

29 წლის მცველი სეზონის დაწყებამდე "ზესტაფონიდან" "ჩიხურაში" გადავიდა, რაც მოულოდნელი ტრანსფერი იყო. ის ამბობს, რომ სხვა გზა არც ჰქონდა:

"ზესტაფონთან" მე პრობლემა არ მქონია. ჩემი წამოსვლა მხოლოდ კლუბის ბიუჯეტის შემცირებამ გამოიწვია. ყველამ იცის, რომ ტრნავის "სპარტაკთან" წაგების შემდეგ გუნდის განახლება და ბიუჯეტის შეკვეცა გადაწყდა.

თუმცა ბევრისთვის ცნობილი არ არის, რომ ფინანსური კრიზისი გვქონდა და ხელფასი დაახლოებით 75 პროცენტით შემიმცირეს.

"ზესტაფონს" მეტის გადახდა არ შეეძლო და იძულებული გავხდი, ასეთი ნაბიჯი გადამედგა. ამ შემთხვევაში, მატერიალურმა მხარემ გადაწონა, რადგან ჩვენი სამსახური ფეხბურთია".

"ჩიხურას" დიდი ნაკლი მოკლე სათადარიგოთა სკამია. ცხადია, ეს გუნდზე ცუდად მოქმედებს. ღონღაძის თქმით, "ჩიხურას" ერთსულოვნება აძლებინებს:

"საჩხერეში თავს კარგად ვგრძნობ. ერთსულოვანი და მებრძოლი გუნდი გვყავს და ამ მწირ რესურსს მაქსიმალურად ამიტომაც ვიყენებთ. გუნდის საკადრო პოლიტიკა "ჩიხურას" გაძლიერებისკენ მიდის.

ჩემპიონატშიც ისეთი ვითარებაა, რომ სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ ნამდვილად არ დაგვიკარგავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული