შოთა არველაძე: ჩემი უცხოელი მეგობრები საფერავს "ქართულ ვიაგრას" ეძახიან!

AutoSharing Option
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს უთამაშია თურქეთში, ჰოლანდიაში, შოტლანდიაში, ესპანეთში. ჰყავს უამრავი უცხოელი მეგობარი და აქედან გამომდინარე - სტუმარიც...

სწორედ ამიტომ დავინტერესდით, როგორი მეგზურია უცხოელი სტუმრებისთვის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რას აჩვენებს პირველ რიგში, რით უმასპინძლდება და რა მიაჩნია საქართველოს სავიზიტო ბარათად...

მაშ ასე - შოთა არველაძე უცხოელი სტუმრის მასპინძლის ამპლუაში:

- იმით დავიწყებ, რაც უკვე გამიკეთებია: ჩემი გაცილების მატჩს რომ ვამზადებდით, სტუმრები მყავდა ჰოლანდიიდან და ისრაელიდან. რით უნდა გააკვირვო უცხოელი, რომელსაც მთელი მსოფლიო, უძვირფასესი კურორტები შემოუვლია? გადავწყვიტე,
არაგვზე წამეყვანა რაფტინგზე.

გზად ბაზალეთის ტბა დავათვალიერეთ, ჟინვალჰესი ვნახეთ და სარაფტინგოდ ამის მერეღა წავედით.

უკან დაბრუნებისას საკუთარი ხელით ჩავაკვრევინეთ თონეში შოთი პური. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ! მერე ბოდბეში წავედით. ვაჩვენე წმინდა ნინოს საფლავი, ღვთისმსახურებასაც დაესწრნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დიდად მორწმუნე არცერთი მათგანი იყო, უზომოდ ნასიამოვნები დარჩნენ...

- ეგ გასვლითი ტური. თბილისში სად მიგყავს ხოლმე სტუმრები?
- გააჩნია, რა ასაკის არის ჩემი სტუმარი, სადაურია, რა ინტერესები აქვს... თუ ზოგადი წარმოდგენაც კი არ აქვს საქართველოზე, ჯერ მუზეუმებში წავიყვან, უძველეს ნაკეთობებს ვაჩვენებ; მოვუყვები, რომ ქართველები უძველესი ფესვებისა და უდიდესი კულტურის მქონე ერი ვართ.

გავაცნობ ფიროსმანის ნახატებს, "ვეფხისტყაოსანს"... დასათვალიერებლადაც ისეთ ადგილებს ვარჩევ ხოლმე, სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ფოტოების გადაღებით არ კმაყოფილდებიან და იქიდანვე ურეკავენ ოჯახის წევრებს და ემოციებს უზიარებენ...

აუცილებლად მიმყავს სახლშიც. თანაც, ვცდილობ, არა ვახშამზე, არამედ საუზმის დროს დავპატიჟო. ვახშამი მაინც სხვა რამეა, მომზადებული ხარ, მეზობლებიდან სკამები შემოგაქვს და ა.შ. საუზმე კი განსხვავებულია - მინდა, სტუმარმაც იცოდეს, როგორია დილა ჩემს ოჯახში...

- როგორი რეაქცია აქვთ ხოლმე?
- როგორ გინდა გააკვირვო შეძლებული ადამიანი, თითქმის მთელი მსოფლიო რომ აქვს შემოვლილი და ყველაფერი უნახავს?!

არ ვამბობ, ჩემთან მხოლოდ მდიდარი სტუმრები ჩამოდიან-მეთქი, მაგრამ უმეტესობა საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელია და მსოფლიო აქვთ მოვლილი. ამიტომ ვცდილობ, წავიყვანო, მაგალითად, კახეთში, მარანი დავათვალიერებინო, ღვინო გავასინჯო. ისეთი რაღაცები ვაჩვენო, მხოლოდ საქართველოში რომ გვაქვს, სხვაგან რომ ვერ ნახავს...

- ისეთი უცხოელებიც ხომ შეგხვედრია, წარმოდგენაც რომ არ აქვთ შენს სამშობლოზე? როგორ უხსნი ხოლმე სად არის, რა ქვეყანაა საქართველო?
- ადგილმდებარეობის ახსნა ადვილია - რუსეთი, თურქეთი, მათ შორის - შავი ზღვა... მერე ვუყვები, რომ უძველესი ისტორიის ქვეყანა ვართ, რომ უნიკალური დამწერლობა გვაქვს - მსოფლიოში არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი! რომ მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანული ქვეყანა ვართ და ტრადიციებიცა და კულტურაც, დიდწილად, აქედან გამომდინარეობს - მშობლის, უფროსის, სტუმრის განსაკუთრებული პატივისცემა ვიცით, ნათესავებზე არ ვქორწინდებით და ა.შ.

არასდროს მითქვამს - სხვა ერებზე უკეთესები ვართ-მეთქი. უბრალოდ, ხაზს ვუსვამ, რომ ქართველებს გამორჩეული მეგობრობა, სიყვარული, სტუმართმოყვარეობა შეგვიძლია!

- როცა მხოლოდ ერთგან შეგიძლია სტუმრის წაყვანა, რას აჩვენებდი პირველ რიგში, რომელია ადგილი, საქართველოს სტუმარმა აუცილებლად რომ უნდა ნახოს?
- აუცილებლად წავიყვან სახლში! ხომ უნდა იცოდეს, სად გავიზარდე, სად ვცხოვრობ...

- ქართულ სამზარეულოს გვერდს ვერ ავუვლით - დაასახელე კერძი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტუმარმა აუცილებლად უნდა გასინჯოს...
- გააჩნია სტუმარს, მის ეროვნებას, ცხოვრების წესს... ჩემი გაცილების მატჩის შემდეგ 400-კაციანი ბანკეტი გადავიხადე, 127 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. და თუ დაიჯერებთ, მენიუში ღორის მწვადი და ხინკალი არ გვქონდა! ზოგიერთი ერის წარმომადგენელი ღორის ხორცს არ მიირთმევს და უხერხულობა რომ არ შეგვექმნა, ასე ვამჯობინეთ.

მენიუს მიმართ ზოგადადაც ასეთივე დამოკიდებულება მაქვს - მე ყველაფერს შევთავაზებ და რაც მოეწონება, იმას შეჭამს... ისე კი, ჩემი უცხოელი მეგობრების უმეტესობა ქართულ ყველზე გიჟდება - ყველი და პომიდორი გვაჭამე, მეტი არაფერი გვინდაო (იცინის). ყველაზე მეტად კი სულგუნი მოსწონთ!

- ქართული ღვინო...
- უცხოელებს სულ ვეუბნები, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. იმ ლეგენდასაც ვუყვები, ქართველებმა ღმერთთან შეხვედრაზეც რომ დააგვიანეს და თან ნასვამები მივიდნენ - უფალო, შენს სადღეგრძელოს ვსვამდით და ამიტომ დავიგვიანეთო...

თუმცა ღვინოზე მხოლოდ ლაპარაკი არ კმარა, უნდა გაასინჯო კიდეც და ძალიანაც მოსწონთ. სხვათა შორის, ზოგიერთი ჩემი მეგობარი საფერავს "ქართულ ვიაგრასაც" კი ეძახის!

- ჭაჭას რაღას ეძახიან?
- "ჭაჭისტები" ნაკლებად - ჩემს უცხოელ მეგობრებს უფრო ღვინო ურჩევნიათ ხოლმე...

- საქართველოს მთავარი ღირსშესანიშნაობა, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ, რაც აუცილებლად უნდა იცოდნენ შენმა უცხოელმა მეგობრებმა...
- ურთიერთობა! მგონია, რომ განსაკუთრებულად, ყველასგან განსხვავებულად შეგვიძლია ურთიერთობა, სიყვარული, მეგობრობა...

რატი შელეგია
სპეციალურად georgianjournal.ge-სთვის


იხილეთ ინტერვიუს ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 1 /
გახსოვთ რა თქვა მამათქვენმა თურქულ მუთლუს აკუმლატორზე, იგივეს არ ნიშნავსოო/ ხოდა ეგ ღვინოც იგივეა, თანაც უცხოელებმა იციან ნორმა.
jemali
17:19 24-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული