ჩვენც შევაჯამოთ და გავაცილოთ წელი 2014, რომელმაც მაინცდამაინც დიდი სიხარული ვერ მოუტანა ქართული ფეხბურთის დამფასებელს და დავლოცოთ ახალი, 2015, ცვლილებების წლად რომ გვესახება...
ახლა კი ერთხელაც გადავავლოთ თვალი 2014 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს, რამაც ქართულ ფეხბურთში კვალი დატოვა და ვთქვათ, რომ ჩვენს წერილში ქრონოლოგია დაცული არ არის. ცხენის წელმა დიდი ვერაფერი სიკეთე გვარგუნა, იქნებ თხისამ გვიშველოს...
ახალი წელი ახალი მწვრთნელით... ანუ, ნეტავ რეიტინგი უკუღმა იკითხებოდეს
წლის ბოლოს საქართველოს ნაკრებში რევოლუცია როცა ყველა კითხვა გაღიზიანებს, როცა ჟურნალისტი მტერი გგონია, როცა მას სთხოვ იმის გაკეთებას, რაც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გააკეთოს, როცა ფეხბურთელი შიშით თამაშობს, მაშინ, უმჯობესია, წახვიდე.
ბევრი ქეცბაიას წასვლას მხოლოდ ჟურნალისტებს აბრალებს. აქ, კოლეგების პრესტიჟი უნდა დავიცვა - ჯერ ერთი, ყველაფერი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაიწყო. კითხვის ნიშანი მტრობა არ არის.
მეორეც - არა მგონია, ბერძნული "ოლიმპიაკოსის" შეფობაზე იმხელა გავლენა გვქონდეს ქართველ ჟურნალისტებს, რომ... ყველამ ვიცით, რაც მოხდა საბერძნეთში და დეტალებს ერთხელაც აღარ ჩავუღრმავდებით.
ერთი კია: რაც და როგორც უნდა იყოს, საქართველოს უყვარს და ეყვარება თემურ ქეცბაია - ფეხბურთელი, რომელიც მუდამ ლომივით იბრძოდა საკუთარი ქვეყნისთვის იმ წლებში, როცა ბევრი ფეხებს უფრთხილდებოდა.
ფიფას რეიტინგი ხომ კიდევ ერთი თემაა, ჩვენი საწუხარი... როგორც ზაალ ბარათაშვილი იტყოდა, ამაზე მეტი რაღა გინდა, ვეჟო?! - თვით ფარერებმა გაგვასწრო. ნეტავ, ეს რეიტინგი უკუღმა მაინც იკითხებოდეს...
სიმართლეს სად წაუხვალ - ცხადაძეს უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო. მისგან სასწაულს არავინ ელის და ვგონებ, მესიანური მოლოდინებისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლებული უნდა იყოს ქართული საფეხბურთო თემი, თუმცა შედარებით უკეთესობას 2015 წელსვე ვითხოვთ.
ისე კი, ახალ მწვრთნელს შიში არ ეტყობა. დანარჩენს მომავალი გამოაჩენს. ცხადაძის ერთ-ერთი მესიჯი ესეც იყო - ლელო ერთად დგომით უნდა გავიტანოთ! მით უმეტეს, სულ მალე გერმანია და პოლონეთი გველიან.
ის ურჩევნია მამულსა....
ქართულ ფეხბურთში თუ რამ გვახარებს, ასაკობრივ ნაკრებთა წარმატებებია. გიორგი დევდარიანის 19-წლამდელებმა და გოჩა ტყებუჩავას 17-იანებმა გვარიანად იყოჩაღეს და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზურები მოიპოვეს.ღმერთმა ქნას, 2015 წელი მათთვის ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს. ამ ნაკრებებში არიან ბიჭები, სულ მალე ეროვნული გუნდის კარი ხმაურიანად რომ უნდა შეაღონ. ჰოდა, ჩვენც ეს არ გვინდა?! ამით საქართველო და ქართული ფეხბურთი მხოლოდ მოიგებს.
ერთი კი უნდა ვისურვოთ 2015 წლისთვის: ამ ბიჭების კარიერაში ეს წელი პროგრესისა ყოფილიყოს, რაკი, საყოველთაო აზრით, 18 წლამდე ქართველ ფეხბურთელთა უმეტესობა მართლა მაგარია. და რა ხდება მერე? ამ სატკივარს თუ პასუხი მოვუნახეთ, მერე, ალბათ, აღარაფერი გაგვიჭირდება.
თექვსმეტობანა, ანუ წერე და იკითხე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-დან 16-მდე გაზარდა. აბა, 4 ახალი გუნდის აღზევება ყელში ვის რად უნდა გაეჩხიროს, მაგრამ ფაქტია - იმ 12-დან ნაღდ გუნდს ორი-სამი თუ ჰგავდა და მათ კიდევ შეჭირვებულები მიემატნენ...პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს საკუთარი სტადიონიც კი არ აქვს და არც ხიზნის როლთან შეგუება უჭირს.
ზაფხულში ქართული სპორტული მედია ერთხმად აღუდგა ფედერაციის ამ სურვილს წინ, მაგრამ ქართული ფეხბურთის სახლის ბინადრებმა ჩვენი ხმა ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გამოუშვეს.
ის კი არა, ფედერაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ისიც კი გვითხრა ცხარე კამათში - გუნდს სტადიონი რად უნდა? ადგეს და იქირავოსო!..
შედეგი ხელისგულზეა: რამდენიმე ქართული გუნდი სულს ღაფავს და არავინ იცის, შეძლებს თუ არა ეროვნული ჩემპიონატის განახლებას (ჩამთავრებას ვინღა ჩივის?).
ვამბობთ ხუთს, ვგულისხმობთ ორს
2014 წელს გამოიკვეთნენ ის პიროვნებები, მომავალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის რომ იბრძოლებენ. დაზუსტებით შეგვიძლია დავწეროთ, რომ ქართული ფეხბურთის პირველკაცობისთვის იბრძოლებენ ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ბერლინის "ჰერტას" მენეჯერი ლევან კობიაშვილი.დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ვლადიმერ გუცაევიც. საკუთარი ვერდიქტი მალე უნდა გვამცნოს ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ყაველაშვილმა - ის არჩევნების თარიღის გაცხადებას ელის.
არც ისაა გამორიცხული, ავანსცენაზე მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავაც გამოჩნდეს.
ვამბობთ ხუთს, მაგრამ ვგულისხმობთ ორს - სასწაული უნდა მოხდეს, არველაძესა და კობიაშვილს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ვინმემ კონკურენცია გაუწიოს.
ჩიხ-ურაააა და სამი ჩიხი
ევროთასებზე ქართული გუნდების ასპარეზობას კატასტროფული თუ არა, კატასტროფულთან მიახლოებული ნაღდად ეთქმის. თბილისის "დინამომ", "ზესტაფონმა" და "სიონმა" რბოლა უსახელოდ დაასრულეს და გვარიანი სირცხვილიც გვაჭამეს.არა გვგონია, გადაჭარბებული შეფასება იყოს, მით უმეტეს, ჩვენი კლუბების მძლეველების - "აქტობეს", ტრნავის "სპარტაკისა" და "ფლამურტარის" გრანდობა არსად გაიშვას. იმ მარცხს წამყვან ქართულ გუნდებში დიდი რყევები და საშუალო ასაკის ლარის კურსივით დაცემა მოჰყვა.
ზემოთაც ვთქვით - ერთადერთი სიხარული "ჩიხურამ" მოგვიტანა. მაკედონიურ "ტურნოვოს" ზედ თურქული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი, "ბურსასფორიც" მიაყოლა, თუმცა მერე ყოჩაღ დავითს მის მასშტაბებთან შედარებით გოლიათთან, ბაქოს "ნეფთჩისთან" გაუჭირდა და მეზობელი "ზესტაფონის" ჯავრი ვერ იყარა.
სად არის ნაციონალების შტაბ-ბინა?
გვარიანად გამწვავდა აქამდე არსებული დაპირისპირება სპორტის სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის. სპორტის მინისტრმა ფედერაცია სულაც "ნაციონალების შტაბ-ბინად" მოიხსენია.ფეხბურთის ფედერაციაში დასაქმებული ხალხის პოლიტიკურ გემოვნებაზე პასუხს ვერ ვაგებ და, სიმართლე ითქვას, ძალიანაც არ მაინტერესებს. როგორც რიგითი ქომაგი, ალალად გავიხარებდი, მეტი კინკლაობის მაგივრად მეტი საქმე რომ მენახა.
მაგალითად, ფეხბურთის ფედერაციას შეძლებისდაგვარად მიეხედა ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემათა ქარავანისთვის, სახელმწიფოსგან კი გვეხილა ფეხბურთის განვითარების პროგრამა, რომელსაც იმ დროიდან ველოდებით, ნეტარხსენებულ სახელმწიფოს მეთაურს ქართველმა ხალხმა რომ დაუჩოქა და დარჩენა სთხოვა, მან კი "მისივე გადაფურთხებული ალოკა"...
ვინ იქნება შემდეგი?
ქართულ ფეხბურთში ჩაბმული კერძო ინვესტორების ბედმა უკვდავი "თეთრი ბაირაღები" გამახსენა და ერთხელაც დამაფიქრა შოშიას ბედზე, გახსოვთ, როგორ მღერის? გეხსომებათ...ჩვენს კერძო ინვესტორებს დასაჭერად არავინ დასდევს, თუმცა ისინი მაინც ერთურთს ასწრებენ ქართული ფეხბურთიდან გაქცევას. ვინ იცის, რამდენი გულანთებული პატრიოტი გასცლია ჩვენი ფეხბურთის უპერსპექტივობას, ქაოსსა და სიბინძურეს.
"ახალ გადინებას" სათავე ქუთაისის "ტორპედოს" მფლობელმა "ვისოლმა" დაუდო, წლის ბოლოსთვის კი ქართული ფეხბურთიდან ილია კოკაიაც წავიდა, ვინც არაფრისგან შექმნა "ზესტაფონი" და ათი წელი კედლად ედგა მას.
ამ ხალხისთვის საკანონმდებლო შეღავათები კი არა, ტკბილი სიტყვაც ვერ გავიმეტეთ და აგერ, შედეგიც. ჩვენ მხოლოდ შიშნარევი მოლოდინით შეგვიძლია დავსვათ კითხვა - ვინ იქნება შემდეგი?
აბა, ღლავებს ვინ დაიჭერს, კარგო?!
წლის სკანდალი ქართულ ფეხბურთში 8 მსაჯის დაკავება იყო. ისინი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებით მანიპულირებდნენ. კარგია, რომ დანაშაული გაიხსნა და საზოგადოებამ ქართულ ფეხბურთს მიტმასნილი 8 ხორცმეტის ვინაობა შეიტყო, მაგრამ ეს საქმის ნახევარიც არ არის.
ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ უკან ბობოლა შემკვეთი არ იდგა. საშური საქმე სწორედ იმ შემკვეთების დასჯა მგონია, რადგან დაუსჯელობის შემთხვევაში, ისინი უპრობლემოდ გააბამენ მახეში ახალ მსხვერპლს.
ერთი ძველი ქართული სიმღერა რომ ჩვენებურად გადავაკეთოთ, დაახლოებით ასე გამოვა: "აბა, ღლავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ლიფსიტები ზიან". საწყენია.
საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ დამნაშავე მსაჯები მალე გათავისუფლდებიან. როგორც გავიგეთ, მათ მხოლოდ გარკვეული ხნით აეკრძალებათ საქმიანობა. აქ ის შემთხვევაა, კანონი გვერდზე რომ უნდა გადავდოთ - მათ ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობის მორალური უფლება აღარ აქვთ.
ისე კი, "ვაის" გავეყარეთ და "უის" შევეყარეთ - ბოლო მატჩები ვისაც უნახავს, დაგვეთანხმება - მსაჯები პრაქტიკულად აღარ იღებენ წითელ-ყვითელ ბარათებს. ყოველივე ეს კი რიგით ქართველ ფეხბურთელს ჯანმრთელობის ფასად უჯდება.
წლის ტრანსფერი
წელი წლის ტრანსფერის გარეშე როგორ შევაჯამოთ?! ქართულ ფეხბურთს ახლა უმძიმესი დროება უდგას. საუკეთესო სპორტსმენებს ასახელებენ და გამორჩეულებში ფეხბურთელის ჭაჭანება არ არის. ცუდია. რა ურაპატრიოტიც უნდა იყო "შენი" სახეობისა, ვერავის დაასახელებ.
ევროპულ ტოპლიგაში ერთი ტრანსფერი მაინც გავჩარხეთ. 19 წლის ლუკა კიკაბიძე ფრანგულ "ბასტიაში" გადავიდა. ქართველ ფეხბურთელს ჯერჯერობით კორსიკული გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს, მაგრამ ამას დროის გასვლასთან ერთად ეშველება.
ევროპულ ტოპლიგაში ტრანსფერი გამოვარჩიეთ. შეიძლება, რამდენიმე სხვა გარიგებაც გამოვყოთ.
მაგალითად, თორნიკე ოქრიაშვილის "გენკში" გადასვლა, თუმცა, ჯერ ერთი, ბელგიის ჩემპიონატი ევროპის საუკეთესო პირველობებში არ შედის და მეორეც, თორნიკემ ბევრ რამეს გადაუსვა ხაზი შუა ევროპაში ჩადენილი არაპროფესიული საქციელით.
HOMO NOVUS
ასე ეძახდნენ ძველ რომში ახალ აღზევებულ ადამიანს. საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს უნდა მივესალმოთ. 2014 წელი საბა კვირკველიასია! ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 21 წლის, ბევრისთვის უცნობი უკანახაზელი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა.თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა ყაზანის "რუბინში" გიგანტური პროგრესი განიცადა. მოხვდა რუსული პრემიერლიგის საუკეთესო უკანახაზელებს შორის. მასზე საუკეთესოობა ალალია!
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობა თბილისის "დინამოდან" ესპანურ "ხიმნასტიკში" გადასულმა ჩისკომ ირგუნა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტული კი არავის დაუთმო კიდევ ერთმა დინამოელმა, ქართული ფეხბურთის იმედმა გიორგი პაპუნაშვილმა.
გმადლობთ და ნახვამდის!
2015 წელს ლურსმანზე ბუცები ორმა მეგობარმა, ქართული ფეხბურთის ორმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა ჩამოჰკიდა. აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულეს 37 წლის ლევან კობიაშვილმა (საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი, 12 გოლი) და მისმა თანატოლმა ალექსანდრე იაშვილმა, ვინც საქართველოს უპირველეს გუნდში 67 შეხვედრა ჩაატარა და 15-ჯერ დაამწუხრა მეკარეები.ამ ბიჭებს ქართული ფეხბურთის ქომაგთაგან ალალი მადლობა ეკუთვნით. "ნახვამდის" კი შემთხვევით არ დაგვიწერია. "იაშკა" და "კობი" აუცილებლად იმსახურებენ გამოსათხოვარ მატჩს.
იმსახურებენ იმას, რომ ისინი კიდევ ერთხელ ნახოს "ეროვნულის" მინდორზე ჩვენმა გულშემატკივარმა.
უმნიშვნელოვანესი 2015
2015 წელი მართლაც უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს ქართული ფეხბურთისთვის. სხვა თუ არაფერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ქართული ფეხბურთის ახალ პირველკაცს დაასახელებს. გარდა ამისა, თბილისი ევროპის სუპერთასს უმასპინძლებს. მნიშვნელოვანი მატჩები ელის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელის თამადობით...
ღმერთმა ქნას, 2015 წელი შემობრუნების წელი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"