ასლან ბალაძის ისტორიები

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის მონაწილე, "ბათუმის" ყოფილი მეკარე ასლან ბალაძე ადამიანი-კურიოზია.

ის რამდენიმე ისტორიას "ლელოს" უყვება.

ვახშმად ქცეული ქორწილი
1982 წლის 19 თებერვალია, ჩემი ქორწილის დღე. ეს დღე საგანგებოდ შევარჩიეთ, სეზონის დაწყებამდე ბათუმის "დინამო" მშობლიურ ქალაქში ემზადებოდა და ვარჯიშის შემდეგ ქორწილში უპრობლემოდ წავიდოდი.

მოულოდნელად პრობლემა შემექმნა - თბილისის "დინამოსთან" ამხანაგური შეხვედრა მაინცდამაინც 19 თებერვალს დაგვინიშნეს. თამაშის გამოტოვების უფლებას მომცემდნენ, მაგრამ თბილისის "დინამოს" კანდიდატად მოვიაზრებოდი და ასეთ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი, მაგრამ ქორწილი უსიძეოდ ხომ ვერ
ჩაივლიდა? მოკლედ, ვფიქრობდი, რა წყალში გადავვარდე-მეთქი.

გამოუვალი მდგომარეობაა: ხალხი დაპატიჟებულია და ვერ გადავდებთ, იქით "დინამოზეც" ვერ ვიტყვი უარს. მეუღლის ოჯახს მოველაპარაკე, რომ პირველ ტაიმს ჩავატარებდი და ეგრევე ქორწილში წავიდოდი.

მაგრამ თამაში კარგად წამივიდა, გამიტკბა და მეორე ტაიმიც მივაყოლე. სანამ მსაჯმა ჩასტვინა, შხაპი გადავივლე და ამისთანები, გახდა შვიდი საათი. მე კიდევ ბათუმში ვარ და უნდა წავიდე ლანჩხუთში - მეუღლე გურულია და სუფრა იქაა გაშლილი.

მაშინ სად იყო დღევანდელივით კარგი გზები? ჩავედი ცხრა საათზე, მაგარი წვიმა იყო, ეზოს მივადექი და სადაა ქორწილი? ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა, სუფრაზე - 5-6 კაცი, მეუღლე კი - ატირებული.

მოყვრები ძლივს შევირიგე, დავჯექით ეს მცირერიცხოვანი ხალხი და მაინც მოვულხინეთ, მაგრამ ქორწილი ვახშმად გადამექცა.


სასტუმროს შვეიცარი
ჩვენ ხუთი დედმამიშვილი ვართ, მე - ყველაზე პატარა, უფროსები დაოჯახებულები, ნასწავლები და გზაზე დაყენებულები არიან. მამაჩემი თანამდებობაზე მუშაობდა, ქობულეთში კარგად იცნობდნენ და ყველა ესალმებოდა.

ქობულეთში დიდი ფეხბურთელი რეზო ჩელებაძე იყო. იმ პერიოდში თბილისის "დინამოში" მოხვედრა უდიდეს ბედნიერებად ითვლებოდა, დინამოელებს კი ვაღმერთებდით.

უცებ გავარდა ხმა, ასლან ბალაძე "დინამოში" გამოიძახესო. ქობულეთში დიდი აჟიოტაჟია, ყველა მილოცავს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს...

არადა, სახლიდან გასულ მამას მეზობელმა ქალბატონმა ჩაუარა და არ მიესალმა. ასე მოხდა რამდენჯერმე და გაუკვირდა მამაჩემს, ასეთი რა გეწყინა, სალამი რომ გამიძვირეო.

- ოთხ შვილს ასწავლე, მაგრამ ისეთი რა გაგიჭირდა, მეხუთეს თბილისში შვეიცრად რომ აგზავნი? ქობულეთში სასტუმრო არ არის, აქ მაინც იმუშავებდაო, - ეუბნება მეზობელი.

გაუკვირდა მამაჩემს: - რა სასტუმრო, რის შვეიცარი, ასლანს სასტუმროში რა უნდაო?!

- მთელი ქობულეთი მაგას ლაპარაკობს, ასლანი თბილისში მეკარედ გადადის და მე მიმალავ?!

ეს ქალბატონი ფეხბურთის აზრზე არ იყო და რომ გაიგო, თბილისში მეკარედ მიმიწვიეს, იფიქრა, მამაჩემმა სასტუმროში შვეიცრად მომაწყო.


ასლან აბაშიძის კონკურენტი
1999-დან 2004 წლამდე ბათუმში ბევრი თანამდებობა მეკავა: ვიყავი "ბათუმის" ბავშვთა საფეხბურთო და ბათუმის კომპლექსური სპორტული სკოლების დირექტორი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, "ბათუმის" გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთს ფედერაციამ კი დასავლეთ საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის კურირება დამავალა.

იმ დროს კლუბთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად ასლან აბაშიძეს შევხვდი.

ხომ იცის ჩემი თანამდებობების ამბავი და მეუბნება: - ასლან, ფოსტა-ტელეგრაფის უფროსობა გაკლია და აჭარა შენი გახდება.


უნივერსალ გრეკოვის ლონდრესეული ფინტები
მრავალ თანამდებობაზე მუშაობდა ბათუმში ავთო გრეკოვიც, რომელიც მერე მერაბ ჟორდანიას ფედერაციაში ბავშვთა ფეხბურთის განყოფილებში საქმიანობდა - ძალიან კარგი ადამიანი, მშვენიერი იუმორის პატრონი.

ავთო ერთდროულად იყო ბათუმის სტადიონის დირექტორი, სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ოპერაში ვიოლონჩელოზე უკრავდა და ეკლესიაში გალობდა.

აბაშიძის დროს აჭარაში რუსი გენერლები ხშირად ჩამოდიოდნენ. იმ პერიოდში ბათუმში რა იყო სანახავი? ზღვა, გარემონტებული სტადიონი, კორტები, ბავშვთა ოპერა და ცენტრში აშენებული ეკლესია.

ერთხელაც ჩამოვიდა გენერალი ბორისოვი, 2008 წელს ცხინვალსა და გორში რუსის ჯარს რომ ხელმძღვანელობდა.

აბაშიძემ ჯერ ოპერაში მიიყვანა და გრეკოვი წარუდგინა, რუსებს აჭარაში დიდი პატივს ვცემთ, აგერ, ბატონი ავთო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელიაო. ამ დროს რისი რუსი, დუმბაძის გოგოლისა არ იყოს, გურულია.

ამასობაში დრო გავიდა, შევიდნენ დარბაზში და აბაშიძემ ბორისოვი გადაახედა, აგერ ჩვენი გრეკოვი ვიოლონჩელოზე უკრავსო. გენერალი დააკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

სტადიონზე გადავიდნენ. გრეკოვი კი, როგორც "ლონდრეშია", გავარდა და აბაშიძემ რუსს უკვე სტადიონის დირექტორად გააცნო. ბორისოვი გაგიჟდა, მაგრამ არ იმჩნევს. იქიდან ეკლესიაში წავიდნენ, აბაშიძემ მოატრიალა და ისევ ავთო დაანახა, ხედავ, გალობსო.

კაცი გაგიჟდა, ეგონა, დასცინოდნენ, ეს გრეკოვი ის გრეკოვია, თუ მისი ტყუპისცალიო? არ იჯერებდა, ასეთი ფენომენი ცხოვრებაში არ მინახავსო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების პირველი მატჩის მონაწილე, "ბათუმის" ყოფილი მეკარე ასლან ბალაძე ადამიანი-კურიოზია. ის რამდენიმე ისტორიას "ლელოს" უყვება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გადასარევი წერილია. მომეწონა ძალიან. ასლან, გვახსოვხარ და გვიყვარხარ
nino surmanidze
23:32 30-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული