გიორგი დარასელია: "ტორპედოსთვის" ყოველი თამაში ფინალის ტოლფასი იქნება

AutoSharing Option
გიორგი დარასელია ქუთაისის "ტორპედოს" 2014 წლის 15 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში. იგი ამ კლუბს წინა საუკუნის 90-იან წლებშიც (და ცოტა უფრო ადრეც) წარმოადგენდა, ოღონდ ფეხბურთელის რანგში - სულ 155 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ქუთათურები 3 კვირის წინ შეუდგნენ მზადებას და სადაცაა, თურქულ შეკრებაზეც გაემგზავრებიან.

იქამდე კი, როგორია 46 წლის სპეციალისტის შთაბეჭდილებები, მოსაზრებები, შეფასებები და გეგმები, როგორც "ტორპედოსთან" დაკავშირებით, ასევე სხვაზეც, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბატონო გიორგი, ფეხბურთელობისას ყველაზე მეტი მატჩი ქუთაისის "ტორპედოში" ჩაატარეთ, დღეს უკვე ამავე
კლუბის მთავარი მწვრთნელი ხართ. ფიქრობდით, რომ როდისმე ამ პოსტზე დაინიშნებოდით?

- მოვყვეთ იქიდან, რომ პროფესიონალური კარიერა "ტორპედოში" დავიწყე. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. 1988 წელს "ტორპედო" საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში აღზევდა. შემდეგ, ნახევარი წელი თბილისის "დინამოში" მომიწია გადასვლა. პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან კი ისევ "ტორპედოში" დავბრუნდი. საქართველოში სულ შვიდწელიწადნახევარი ვითამაშე. ვიყავი ფოთის "კოლხეთსა" და "სამტრედიაშიც". ამას მოჰყვა ისრაელის რამდენიმე კლუბში კარიერის გაგრძელება.

თავიდანვე დიდი სურვილი მქონდა, რომ "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელიც ვყოფილიყავი და უფრო დიდ წარმატებებისთვის ამ რანგში მიმეღწია. მეტიც, მინდოდა, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერაც აქ დამეწყო.

- დღეს რამდენად გეხმარებათ ის ფაქტორი, რომ "ტორპედოს" ფეხბურთელი საკმაოდ დიდხანს იყავით?
- რა თქმა უნდა, მეხმარება. სანამ ისრაელში წავიდოდი, ქუთაისში ვცხოვრობდი. ამ ქალაქსა და გულშემატკივრებს მე დიდი ხანია, რაც ვიცნობ. ძალიან ბევრი მეგობარი და ახლობელი მყავს აქ, რომელთა დამსახურებაც არის, რომ დღეს "ტორპედოს" მწვრთნელი ვარ.

- თქვენი აზრით, რომელია უფრო რთული, ფეხბურთელობა თუ მწვრთნელობა?
- არსებობენ იშვიათი გამონაკლისები, რომელთაც ფეხბურთი არ უთამაშიათ და დიდი მწვრთნელები გახდნენ. იმისთვის ვემზადებოდი, რომ როცა ფეხბურთელის კარიერას ღირსეულად დავასრულებდი, მაშინვე სამწვრთნელო საქმიანობა დამეწყო. მართლაც, სამ თვეში უკვე მწვრთნელი გავხდი. ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. 33 წლის ვიყავი, როცა თამაშს თავი ტრავმების გამო დავანებე.

მეგონა, მწვრთნელობას იოლად ავუღებდი ალღოს, მაგრამ გაცილებით უფრო ბევრ სირთულესთან მომიწია შეჭიდება, ვიდრე თამაშის დროს. თუნდაც ის, როგორ უნდა ილაპარაკო მაშინ, როცა მარტო რჩები ვარჯიშზე 30-მდე კაცის წინაშე, რაც ჩემთვის ახალი იყო.

მოგეხსენებათ, ისრაელში თავიდან თანაშემწედ ვმუშაობდი. გავიდა წლები და PRO-ლიცენზიაც ავიღე. აქვე მინდა დავამატო, რომ დღეს უკვე საქართველოშიც არის ამ ტიპის ლიცენზიის აღების საშუალება, რაც გაიოზ დარსაძის დამსახურებაა.

ხანდახან ჯობია, ადრე დაამთავრო პროფესიონალური კარიერა, რათა ხალხს ცუდად არ დაამახსოვრდე. არის თაობა, რომელმაც შენი წარსული არ იცის და დღეს გხედავს მოედანზე. იმას უყურებს, დღეს რა გააკეთე და არა გუშინ და გუშინწინ.

- თქვენი, როგორც მწვრთნელის, მუშაობის უპირველესი მიმართულება რა არის?
- პირველ რიგში, უნდა იყოს დისციპლინა, რაც მინდვრიდან არ იწყება. ეს გულისხმობს საცხოვრებელ ბაზაზე მოქცევას, ავტობუსში, თამაშზე გასვლის წინ და ყველგან, სადაც გუნდია. არიან მაღალი დონის ფეხბურთელებიც, რომლებიც დისციპლინაში მოიკოჭლებენ. მე ასე ვხედავ ამ საკითხს, რომ კარგი ფეხბურთელი დისციპლინასაც უნდა იცავდეს. როგორც მიაჩვევ მწვრთნელი, ისე შეასრულებს იგიც.

ფეხბურთელს უნდა ესმოდეს, თუ რას ითხოვ მისგან. ეს მწვრთნელის მოვალეობაა.

- "ტორპედოში" მოსვლის დღიდან როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?
- როგორც აქამდეც აღვნიშნე, გუნდს აქვს საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები. რასაკვირველია, სამუშაო ყველა კუთხით საკმაოდ ბევრია, თუმცა ჩემი თავის დაზღვევის მიზნით, არ ვიტყვი იმას, რომ წლები დასჭირდება ამ ყველაფერს.

"ტორპედო" ჩემით არ იწყება და არ მთავრდება. კლუბის პირველი პირიდან დაწყებული, მინდვრის მუშის ჩათვლით, ყველამ ერთმანეთის გვერდში დგომით, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა დავუბრუნოთ ქუთაისის "ტორპედოს" ძველი სახე და ტრადიციები.

დღეს გუნდში მყოფ ფეხბურთელთა აბსოლუტურ უმრავლესობას "ტორპედოში" აქამდეც უთამაშია.

მათ უყვართ და იციან, რას ნიშნავს ამ ქალაქში თამაში. საწვრთნელი პერიოდის დაწყების დღიდან ვსწავლობთ ერთმანეთის ხასიათს, ზოგიერთის ვიცოდი კიდეც. ორი კვირა დაგვჭირდა, რომ ყოფილიყო ურთიერთშეთანხმება და ერთმანეთის გაგება, რისთვისაც მადლობელი ვარ მათი. ჩვენს გუნდში არ იქნება გართულება, რადგან ჩვენ ვითხოვთ იმ ელემენტარულს, რაც ფეხბურთელს სჭირდება.

მთავარია, მწვრთნელები და ფეხბურთელები როგორ შევასრულებთ საქმეს, თორემ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ. გასული სამი კვირის განმავლობაში გუნდში ყველაფერი ისე ლაგდებოდა, როგორც ქუთაისელ გულშემატკივრებს გაეხარდებათ.

გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ კიდევ გვინდოდა ქუთაისელი ფეხბურთელების მოყვანა, რაც გარკვეული მიზეზების გამო ამ ეტაპზე არ გამოგვივიდა, მაგრამ კიდევ გავაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით.

"ტორპედოს" მაისურის ჩაცმაზე ზოგიერთს პრეტენზია აქვს, მაგრამ ამას დამსახურება სჭირდება. ვინც ღირსია, მან აუცილებლად უნდა ითამაშოს. კარგი ფეხბურთელი ყველა მწვრთნელისთვის გამოსადეგია.

ჩვენ ვაკვირდებით დუბლებსა და ჭაბუკთა გუნდებსაც. ვარჯიშის შემდეგ დუბლების მწვრთნელები მოდიან ჩემს ოთახში და ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვუწევთ კონსულტაციებს.

- ამ ეტაპზე დასრულდა თუ არა გუნდის დაკომპლექტება?
- 95 პროცენტით გუნდი უკვე დაკოპლექტებულია. მინდა, რომ კიდევ ერთი ნახევარმცველი მოვიყვანო, რომლის საკითხი შეიძლება ამ დღეებშიც გადაწყდეს, სანამ თურქულ შეკრებაზე წავალთ.

პირველ გუნდში იქნება 24 ფეხბურთელი, თამაშისწინა შეკრებაზე კი გადავა 18, რომლებიც საწვრთნელ ბაზაზე დარჩებიან.

- ფეხბურთელთა შერჩევისას აქცენტს რაზე აკეთებთ?
- ყველამ იცის, რომ გუნდში ბევრი ადგილობრივი ფეხბურთელია. ამაზე აქცენტს მომავალშიც გავაკეთებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათ ვერ დავეყრდნობით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ უფლება გვაქვს, რომ სამი ლეგიონერიც მოვიყვანოთ.

- საზოგადოდ, ლეგიონერის მიმართ როგორია თქვენი შეხედულება?
- მოგეხსენებათ, რამდენიმე წელი მე თვითონ ლეგიონერი ვიყავი. იგი სამაგალითო უნდა იყოს; ხუთი თავით მაღლა იდგეს იმ ფეხბურთელზე, რომელიც მის პოზიციაზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ჩამოყვანას არავითარი აზრი არა აქვს. მირჩევნია, იმავე ფეხბურთელმა ითამაშოს ჩვენმა, ვიდრე ლეგიონერმა, თუ თამაშის სტილით დიდი განსხვავება არაა მათ შორის.

- რა სირთულეების გადალახვა მოგიწევთ "ტორპედოში"?

- წარმატებებს მაშინ მივაღწევთ, როცა ვიშრომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. ეს ძალიან რთულია. წარმატება ერთ დღეში არ მოდის, ამას დრო უნდა, რაც ჩვენ ცოტა გვაქვს. ჩვენ ადრე დავიწყეთ მზადება, ხშირად გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები, თითქმის დღე და ღამე ერთად ვართ იმისთვის, რომ მეტად გავიცნოთ ერთმანეთი. ვნახე, ვის რა პოტენციალი აქვს და რა უნდა მოვთხოვოთ. ჩვენი ფეხბურთელები უნდა ჩავაყენოთ ისეთ ფორმაში, რომ მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ სეზონის განახლებას.

- როგორი სათამაშო სტილის დანერგვას აპირებთ გუნდში?
- მე მინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ითამაშონ რაც შეიძლება შემტევი და ლამაზი ფეხბურთი. ამასთან ერთად, ნაკლები გოლი რომ მივიღოთ. ჩვენი სათამაშო სტილი იქნება ისეთი, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს მოეწონებათ. რაც შეიძლება აგრესიული, სწრაფი თამაში, ბრძოლა ყველა მონაკვეთში და ნაკლები ბურთის დაკარგვა.

ისე უნდა მოვამზადოთ ფეხბურთელები, რომ, თუკი საქართველოს ნაკრებში გამოიძახებენ, იქ მწვრთნელებს არ დასჭირდეთ მათთვის ზედმეტი სწავლება.

- თქვენი ვარაუდით, რა შანსები ექნება "ტორპედოს" ამ სეზონში?
- მეორე ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება - რაც შეიძლება, გავაუმჯობესოთ სატურნირო მდგომარეობა და ვაჩვენოთ ისეთი ფეხბურთი, რომ ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები სტადიონზე მოვიდნენ. თქვენ ნახავთ, რომ ერთი-ორი თამაშის მოგების შემდეგ მათ დააინტერესებთ, თუ როგორ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

ადამიანი სტადიონზე მოდის იმისთვის, რომ ნახოს ბრძოლა, ლამაზი ფეხბურთი, გოლი, შეტევა, დაცვა, პასი, დრიბლინგი და სახლში მივიდეს გახარებული. ვერ ვიტყვი, რა იქნება, მაგალითად, 1 თვის შემდეგ, ეს არ გამოვა სწორი ჩემი მხრიდან.

4 თვის განმავლობაში მაქსიმუმ 20 თამაშის ჩატარება მოგვიწევს. ამიტომ მივყვებით და გზადაგზა ყველაფერი გამოჩნდება. ყოველი თამაში ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება. მეორე ეტაპს სათასო გათამაშებით ვიწყებთ. ყველას პატივს ვცემთ, თბილისის "დინამოდან" დაწყებული, "ზუგდიდით" დამთავრებული, მაგრამ ფარ-ხმალს არავისთან დავყრით.

- თურქული შეკრება მოახლოვდა, როგორი გეგმები გაქვთ?
- თურქული შეკრებისთვის ქუთაისშიც სათანადოდ მოვემზადეთ, ფიზიკურად და ტაქტიკურად. ჩვენ აქცენტი ბურთით ვარჯიშებზე გავაკეთეთ და ასე იქნება შემდეგ ეტაპზეც. ფეხბურთში რაც უნდა ბევრი ირბინო უბურთოდ, ბოლოს მაინც ბურთი უნდა შეაგდო კარებში. სირბილიც საჭიროა, მაგრამ თავის დროზე. ყველა ვარჯიშს თავისი დანიშნულება აქვს.

თურქეთში 4 საკონტროლო თამაში გვექნება საკმაოდ ძლიერ გუნდებთან. ასევე, იქნება კარგი მინდვრები. ის თამაშები ჩვენთვის არის მზადების დასასრული სეზონის მეორე ეტაპის დასაწყისისთვის.

- როგორ უნდა ამაღლდეს საქართველოს ჩემპიონატის დონე?
- ფეხბურთისადმი სწორი მიდგომით. თუ ყველა მწვრთნელი და ფეხბურთელი მაქსიმუმს გააკეთებს, დონის ამაღლება შესაძლებელი იქნება. ბევრი ფული არაა საჭირო, რომ ქართულ ფეხბურთში წარმატებებს მივაღწიოთ. ფინანსური მხარე ყველაფერს არ წყვეტს. კი, საჭიროა პირობებისთვის, მაგრამ რა პირობებიც არის დღეს, იმითაც შეგვიძლია წარმატებებისთვის ბრძოლა.

- გორის "დილასა" და ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" მთავარ მწვრთნელად მუშაობით კმაყოფილი უნდა იყოთ...
- გორის "დილაში" მისვლიდან პირველივე თამაში თბილისის "დინამოსთან" გვქონდა, რომელიც 2:0 მოვიგეთ. ეს იყო დღემდე ერთადერთი გამარჯვება "დილასთვის" "დინამოსთან" მატჩებში. ასეთი აღმაფრენით დავიწყეთ, თუმცა მაინც ვერ დავიჯერებდი, ვინმეს რომ ეთქვა, შემდეგ ათ თამაშსაც მოიგებო. ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ მოვა ის დღეც, როცა წავაგებთ, მაგრამ ეს სერია რაც შეიძლება უნდა გავაგრძელოთ-მეთქი. საბოლოოდ, 18 თამაშიდან 16 მოგებით იმ წელს "დილა" მეორე ადგილზე გავიდა.

რუსულ "სკა-ენერგიაში" ნახევარი წელი ვმუშაობდი. ჩემთან ერთად იყვნენ ქართველი ფეხბურთელებიც. ჩვენი სახელები და გვარები ამ კლუბის ისტორიაში ჩაიწერა, რადგან მათთვის უპრეცედენტო წარმატებას მივაღწიეთ და პლეი ოფში გავედით.

- დასასრულ, როგორ დააიმედებდით ჩვენს გულშემატკივრებს, რომ "ტორპედოს" დღევანდელი გუნდი მოკლეხნიანი არ იქნება?
- პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ქალაქისა და კლუბის ხელმძღვანელობაზე და შემდეგ სპორტულ მხარეზე, რომ გუნდის მშენებლობა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. "ტორპედოს" ყველანაირი პირობა აქვს, რომ ყველა გუნდს გაუწიოს კონკურენტობა. ახალი ჩემპიონატიდან კი, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს. ყველა ღონეს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქუთაისის "ტორპედო" წარმატებული კლუბი იყოს, როგორც საქართველოში, ისე ევროასპარეზზეც.

- დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

წყარო: fctorpedo.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
555 რატომ აირჩიე ხუთიანები? სააკიანის ბანდიდან ხარ?
stoperi
16:42 27-01-2015
0
მინდა უბრალოდ 5 იანების ავტორს ვუთხრა რომ შენ ფეხბურთს ვერც ვერასოდეს ნახავს ვერავინ იმიტომ რომ ცარიელი ბოღმა ხარ აშკარად ჩანს ეტა რაზ))) და თუ თქმის *** გაქვს საკუთარი სახელით დაწერე ან პირადად მწვრთნელს უთხარი რასაც აქ ჯღაბნი ეტა დვა )))) აბა კარგად ბრძანდებოდე ))))
1234
13:55 27-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული