ვაშა, მხოლოდ 0:2, მაგრამ გადავურჩით კი სირცხვილს?!

AutoSharing Option

14 ივლისი. აქტობე. ცენტრალური სტადიონი. მაყურებელი.

აქტობე 2:0 ოლიმპი
გოლები
: 1:0 სმაკოვი (40 პ). 2:0 სმაკოვი (57).
აქტობე: ანდრეი სიდელნიკოვი – ალენ ბონო, სამატ სმაკოვი, ხალიფა ელჰახი ბა, პეტრ ბადლო – ტიტი ესომბა (82. დარაბაევი), ანდრეი კარპოვიჩი, კონსტანტინ გოლოვსკოი (74. ტლეშევი), მარატ ხაირულინი, ევგენი ავერჩენკო – ივან პერიჩი (88. ხოხლოვი).
სათადარიგოები: ბოიჩენკო, დოსმაგამბეტოვი, მოკროუსი, სემიონოვი.
ოლიმპი: ბედიაშვილი - ღონღაძე, კვახაძე, ქემოკლიძე, რეხვიაშვილი – ჭედია (56. დობროვოლსკი), რაზმაძე, ჭელიძე (86. დოლიძე), ბოლქვაძე (75. ხიდეშელი), გეწაძე - მოდებაძე.
სათადარიგოები: ბათიაშვილი, გიგაური.
არბიტრი:

ბიულენტ ილდირიმი (თურქეთი)
გაფრთხილება: ღონღაძე (40).

”აქტობე” ყაზახეთის წლევანდელ ჩემპიონატში არც ისე დამაჯერებლად გამოდის, 18 მატჩში უკვე ხუთჯერ დამარცხდა, რაც ჩემპიონისთვის ცუდი მაჩვენებელია. სახლში “ლოკომოტივთან” წაგების შემდეგ, გულშემატკივარმა ვეღარ მოითმინა და სტადიონზე არეულობა მოაწყო. ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ “ოლიმპის” გუშინდელი მეტოქის რიგებში დალაგებული ვითარება არ გახლდათ და მისი ხელმძღვანელობა გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციაზე ფიქრობდა.
სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონმა "აქტობეს" რეაბილიტაციის საშუალება მისცა. "აქტობეს“ მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ მუხანოვი სიფრთხილეს იჩენდა, „ყაზახური კლუბები ქართველების მსგავსი ტრადიციებითა და წარმატებებით ვერ დაიკვეხნიან”-ო, მაგრამ ყაზახურების კაპიტან სამატ სმაკოვი მართალი გამოდგა, ქართველების ყველა ძლიერი მოთამაშე უცხოეთში გამოდის და ეს ეტაპი უნდა გავიაროთო.

ყაზახეთში “სპორტ-ექსპრესის” კორესპოდენტმა ერიკ სადიკოვმა მატჩამდე მომხდარი სახალისო ამბავი გვიამბო: რუსთაველ ფეხბურთელებს ყაზახი ჟურნალისტები რომ დაესივნენ, მათ დენის დობროვოლსკიზე გაიშვირეს ხელი, ჩვენი უკრაინელი ლეგიონერი და “ოლიმპის” კაპიტანიაო.

დენისს ინტერვიუ ჩამოართვეს და ყველგან კაპიტნად და ლეგიონერად დაასახელეს. სინამდვილეში, აფხაზეთში დაბადებული და დევნილობაში თბილისში გადმოხვეწილი დობროვოლსკი აბა რა ლეგიონერია.
"ოლიმპს" ყაზახეთში თან ახლდა ქვემო ქართლისა და რუსთავის ხელმძღვანელთა 25-კაციანი ჯგუფი.
შეპირებული პირდაპირი რეპორტაჟი ინტერნეტ-ტელევიზიით ვერ ვიხილეთ და უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისა და ყაზახური “სპორტსის" ინფორმაციას დავეყრდენით.
 “აქტობეს” საუკეთესო შემადგენლობით ვერ თამაშობდა, რადგან ერთ-ერთი ლიდერი ელიმ კენჟისარიევი გასულ ევროსეზონში ბრემენის “ვერდერთან” მოედნიდან გააძევეს და დისკვალიფიციას იხდიდა. მასპინძლებს ტრავმირებული იური ლოგვინენკო და ანტონ ჩიჩულინი აკლდათ.

კენჟისარიევის არყოფნაში, ვლადიმერ მუხანოვმა დაცვა გადააწყო და მარჯვენა ფლანგზე ალენ ბონო ათამაშა, მარცხნივ კი - პეტრ ბადლო.
მოედანზე არც ყაზახეთის ჩემპიონატის გასული პირველობის საუკეთესო ბომბარდირი მურატ ტლეშევიც არ ყოფილა, მუხანოვი მის ნაცვლად ახალწვეულ ივან პერიჩს ენდო.

თემურ მახარაძის “ოლიმპმა” კი შეხვედრა 4-2-3-1 განლაგებით დაიწყო: კარში კაპიტანის სამკლაურით გია ბედიაშვილი იდგა, დაცვის ფლანგებზე თემურ ღონღაძე (მარჯვნივ) და გიორგი რეხვიაშვილი (მარცხნივ), ცენტრში ლექსო კვახაძე და რეზო ქემოკლიძე. ნახევარდაცვის ფლანგებზე გიორგი ჭედია (მარჯვნივ) და რეზო გეწაძე (მარცხნივ) განლაგდნენ, საყრდენებად - ლუკა რაზმაძე, დათო ბოლქვაძე და ოდნავ წინწაწეული გიორგი ჭელიძე. თავდასხმაში მახარაძემ მხოლოდ ირაკლი მოდებაძე განაწესა.
მატჩი ქართველების შეტევით დაიწყო. 3-ე წუთზე დათო ბოლქვაძემ ბურთი საჯარიმოში 30 მეტრიდან ჩაკიდა და მეკარე ანდრეი სიდელნიკოვი ბურთს იოლად დაეუფლა.

15—ე წუთი: საკუთარ საჯარიმოსთან ანდრეი კარპოვიჩმა ირაკლი მოდებაძესთან იუხეშა, მაგრამ რუსთაველებმა საჯარიმო უხეიროდ გაითამაშეს.
თავიდან ყაზახების ერთფეროვან შეტევებს ქართველი მცველები იოლად იგერიებენ, შემდეგ კი რუსთაველთა კართან ვითარება დაიძაბა, ყაზახების უპირატესობა გამოიკვეთა და სახიფათოდ უტევდნენ: 21-ე წუთზე ტიტი ესომბამ მარჯვენა ფლანგიდან ბურთი სჯარიმოში ჩაკიდა, ივან პერიჩმა ბურთი კარისკენ ნახტომში გააგზავნა, მაგრამ მისი თავური კარს აცდა.
ერთ წუთში საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ყაზახების ნახევარმცველმა ევგენი ავერჩენკომ უხეიროდ დაარტყა.
 27-ე წუთზე პეტრ ბალდო საჯარიმოში შეიჭრა და პერიჩი მოძებნა – ამ უკანასკნელმა მცველებს კი დაასწრო, მაგრამ სიზუსტემ უმტყუნა.
„აქტობეს“ უპირატესობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა: 37-ე წუთზე საჯარიმოში უკვე კონსტანტინე გოლოვსკოი შეიჭრა და ორი მცველს გაცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი კარს ააცილა.

„ოლიმპმა“ კონტრშეტევა 32-ე წუთზე განახორციელა – ამჯერად არაზუსტად დავით ბოლქვაძემ ითამაშა.
35-ე წუთზე კვლავ გოლოვსკოიმ იაქტიურა, რომლის კუთხურის შემდეგაც, პერიჩის თავური დარტყმა „ოლიმპის“ კარს ასცდა.
38-ე წუთზე გოლოვსკოი კარს ესომბას ჩაწოდების შემდეგ შეუტია.
ყაზახების შეტევებმა შედეგი მაინც გამოიღო: 40-ე წუთზე აქტობელი მარატ ხაირულინი საჯარიმოში თემურ ღონღაძემ წააქცია და თურქმა არბიტრმა ბიულენტ ილდირიმმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დანიშნა. მასპინძელთა კაპიტანმა სამატ სმაკოვმა ბურთი დაბალ კუთხეში დაარტყა, ბედიაშვილმა მიმართულება გამოიცნო, მაგრამ თავისიანები ვერ გადაარჩინა – 1:0.
 „ოლიმპი“ გამოცოცხლდა და ტაიმის მიწურულს „აქტობეს“ კართან სახიფათო მომენტი რეზო გეწაძემ და ბოლქვაძემ შექმნეს.
მეორე ტაიმი რუსთაველებმა აგრესიულად დაიწყეს და ვლადიმერ მუხანოვის შეგირდებს საკუთარ საჯარიმოში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

48-ე წუთზე „ოლიმპმა“ მშვენიერი შეტევა განავითარა, რომლის დაგვირგვინებას თავური დარტყმით ირაკლი მოდებაძე ცდილობდა - სმაკოვმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და „აქტობე“ გადაარჩინა.
ყაზახებმა მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს და უმტკივნეულო ვითარებაში მეორე გოლი მივიღეთ. ეს 53-ე წუთზე მოხდა: შეტევა კვლავ ღონღაძემ შეაჩერა, თუმცა, ჯარიმა კუთხურის ალამტან ახლოს დაინიშნა: საჯარიმო სმაკოვმა ზუსტად შეასრულა და „აქტობეს“ უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა - 2:0.

გოლის შემდეგ მახარაძემ მარჯვენაფლანგელი გიორგი ჭედია საყრდენი დენის დობროვოლსკით შეცვალა და მოედნის ცენტრში დააყენა, გიორგი ჭელიძე კი მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა.
აქედან აშკარად გამოჩნდა: „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელის საფიქრალი არა ანგარიშის გათანაბრება, არამედ მასპინძელთა შეტევების შეჩერება და უფრო დიდი ანგარიშით წაგების თავიდან აცილება გახლდათ. ვერც გაამტყუნებ, 16-კაციანი განაცხადის მქონე გუნდს მეტი რა მოეთხოვება?
თამაში ორმხრივ შეტევებში და საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში გაგრძელდა. „ოლიმპის“ შეტევა 60-ე წუთზე ღონღაძის არაზუსტი დარტყმით დასრულდა.

66-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ყაზახებში ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ესომბამ ჩაკიდა, ავერჩენკომ ბურთი კარისკენ შეუჩერებლივ გააგზავნა, მაგრამ მცველი ფეხებში ჩაუხტა და სტუმრები გადაარჩინა.

ქართველებმა ბოლოს აქტიურად შეუტიეს: 84-ე წუთზე მშვენიერი მომენტი ჰქონდა ირაკლი მოდებაძეს, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და დაარტყა, მაგრამ მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და ამჯერად „აქტობე“ გადარჩა.
79-ე წუთზე მოწინააღმდეგეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს: ლექსო კვახაძის საჯარიმო (მან სულ ხუთჯერ სცადა ჯარიმით კარის აღება) „აქტობეს“ კარს მცირე მანძილით აცდა, საპასუხო შეტევა კი მურატ ტლეშევის არაზუსტი გასროლით დასრულდა.
მთავარი მსაჯის მიერ დამატებულ დროში „ოლიმპი“ ორჯერ გადარჩა: ხაირულინის მშვენიერი დარტყმა გია ბედიაშვილმა მოიგერია, ტლეშევს კი მცველი გადაეფარა და უფრო დიდი „სიამოვნება“ და სირცხვილი თავიდან აგვაცილა.
თუმცა, აგვაცილა, კი? ბოლო სამი წელია ქართული კლუბები მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნის, ყაზახეთის გუნდებთან მარცხდებიან და მეტი სირცხვილი რა გვინდა? უკვე ფარერების, სან-მარინოს, ლუქსემბურგის დონეზე დავეცით - ესაა ქართული ფეხბურთი და მისი "ამბიცია"...

ზაფხულში „აქტობედან“ სამი ფეხბურთელი გაუშვეს, სამიც ახალი მიიყვანეს და დარდობდნენ, გუნდი არ აგვერიოსო.
საინტერესოა, რას ფიქრობდნენ „ოლიმპში“, როდესაც საჩემპიონო შემადგენლობიდან 14 ფეხბურთელს ხელი დაუქნიეს? ამის გათვალისწინებით, თემურ მახარაძის გუნდმა ყაზახეთში კიდევ კარგი შედეგი აჩვენა. თუმცა, ვეჭვობ, წაგება ისევ მას არ დააბრალონ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული