გია გეგუჩაძე: მგონია, რომ ჩვენ თვითონვე ვუქმნით პრობლემებს საკუთარ თავს

AutoSharing Option
კაცი, რომელიც დღევანდელ ქართულ ფეხბურთში წარმატებასთან ასოცირდება. მის გაწვრთნილ გუნდებს სხვათაგან ყოველთვის გამოარჩევ თვითმყოფადი სათამაშო სტილით. თავის დროზე სწორედ გეგუჩაძის მეთაურობით ითამაშა თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე და ეს შედეგი დღემდე სანატრელი გვაქვს.

გია გეგუჩაძე, უბრალოდ, კარგი, გულისხმიერი მოსაუბრე, ფეხბურთით მცხოვრები, მუდამ მასზე მოფიქრალი, ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი...

დღეს ის ჩვენი ჟურნალის სტუმარია...

23 წლისამ გადავწყვიტე, მწვრთნელობა დამეწყო
- ბატონო გია, როდის და როგორ შემოვიდა ფეხბურთი თქვენს ცხოვრებაში?
- ალბათ, დაბადებისთანავე. მამა იყო ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი. მან შემაყვარა სპორტის ეს
სახეობა. 6 წლის ვიყავი, როცა მამამ პირველად წამიყვანა ფეხბურთზე, "ავაზას" საფეხბურთო სკოლაში. ერთ წელიწადში ცნობილ "ფშმ"-ში გადავედი.

- პირველი მწვრთნელებიც გაიხსენეთ...
- გია ჩარკვიანი და ვოვა ელოშვილი. ბატონი ვოვა აღარ არის ცოცხალი, ღმერთმა აცხონოს მისი სული... ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები ამ ორი დიდი ადამიანის დახმარებით გადავდგი.

- აქტიური საფეხბურთო კარიერა რომელ გუნდებში გაატარეთ?
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში, "ლოკომოტივსა" და "შევარდენში" ვთამაშობდი. ჯერ კიდევ 23 წლისამ გადავწყვიტე, მწვრთნელობა დამეწყო.

- მაინც რამ ან ვინ განაპირობა თქვენი ასეთი თამამი გადაწყვეტილება?
- სწორედ იმ ორმა მწვრთნელმა, წეღან რომ ვახსენე. თანაც, მეც მივხვდი, რომ მოქმედი ფეხბურთელის რანგში ვერ მოხდებოდა ჩემი სრულად რეალიზება.

- პირველ სამწვრთნელო ნაბიჯებს როგორ იხსენებთ?
- დავიწყე ბავშვებთან მუშაობით. ერთ წელიწადში 35-ე სკოლაში გადავედი. იქ დიდებული ადამიანები დამხვდნენ. თურქია იყო დირექტორი, ძალიან კარგი ადამიანი. იქ დამხვდა თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული პროფესიონალი - ასატურ გუკასიანი. ამის შემდეგ იყო "მაისი", რომელიც ფიზკულტურის ინსტიტუტთან არსებობდა...

- როგორც ვიცით, ამის შემდეგ იყო საქართველოს თოთხმეტწლამდელთა ნაკრები...
- უფროსი ნოდარ ახალკაცი იყო მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ჩამოყალიბდა თოთხმეტწლამდელთა ნაკრები და იქ ნოდარ აკობიას ვეხმარებოდი. სწორედ აკობიამ გამიწია რეკომენდაცია თბილისის "დინამოში", სადაც დავით ყიფიანი იყო მთავარი მწვრთნელი. მადლობა უფალს, რომ მომცა დავით ყიფიანთან მუშაობის საშუალება და ბედნიერება.

დღეს დავით ყიფიანი გვაკლია...
- სანამ სხვაზე ვიტყოდეთ, ორიოდ სიტყვით დაახასიათეთ დავით ყიფიანი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემმა და უმცროსმა თაობამ უფრო მეტი იცოდეს მასზე...
- მე მოკლედ ვიტყვი - დღეს დავით ყიფიანი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მჯერა, ქართული ფეხბურთის საქმე ისე არ იქნებოდა, როგორც არის. იქნებოდა უკეთესად. ის დიდი პიროვნება იყო და სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობდა. ყველას ძალიან დაგვაკლდა, საქართველოს დააკლდა... "ლელოში" წავიკითხე თქვენი წერილი და გეთანხმებით - დღეს ქართულ ფეხბურთს ძალიან აკლია დიდი პიროვნებები. სწორედ ასეთი პიროვნება იყო დავით ყიფიანი...

- თქვენ იმუშავეთ საქართველოს ნაკრებისა და "დინამოს" ჰოლანდიელი მწვრთნელის, იოჰან ბოსკამპის თანაშემწედ. ამ კაცზე დღესაც კი აზრთა სხვადასხვაობაა ქართულ საფეხბურთო თემში...
- ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ მეგობრობას და ერთმანეთს ტელეფონით ვუკავშირდებით, მაგრამ ახლა რასაც გეტყვით, იმას საერთო არაფერი აქვს ჩვენს მეგობრობასთან. პირდაპირ უნდა ვთქვა - ამ კაცმა მთლიანად შეცვალა, გადაატრიალა ჩემი საფეხბურთო მსოფლმხედველობა.

ეს არის კაცი, რომელიც მუდამ მიილტვის პროგრესისკენ. მან სულ სხვა თვალით დამანახა ქართული ფეხბურთი და ამის გამო, მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

- ამის შემდეგ მოდის რუსთავის "გორდა" და თქვენი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები...
- იმ დროს მართლა ვერაფერი დამავიწყებს. მართალია, გუნდს ჰქონდა ლოკალური ამოცანა, ვგულისხმობ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას, მაგრამ მაინც ძალიან კარგი დრო იყო. ეს ამოცანა შევასრულეთ. მაშინ კლუბის პრეზიდენტი ცხონებული სერგო ბუიღლიშვილი იყო. ის მენდო, შანსი მომცა... მეორედაც მივედი "გორდაში"... მერე ისე მოხდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა, მაგრამ რუსთავთან მხოლოდ და მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს.

ეს წარმატება ძალიან სჭირდებოდა ქვეყანას
- მერე იყო თბილისის "დინამო", უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა და შეგრძნება იმისა, რომ იმ გუნდს კიდევ მეტის მიღწევა შეეძლო. თქვენ თუ დაგრჩათ უკმარისობის გრძნობა?
- საწყენია, რომ ის შედეგი დღემდე ვეღარ გავიმეორეთ. მეტიც, მაქვს შეგრძნება, რომ თანდათან ვშორდებით მას. მგონია, რომ ჩვენ თვითონვე ვუქმნით პრობლემებს საკუთარ თავს... ის შედეგი მაშინ ბევრმა ალოგიკურად მიიღო. ალბათ, მაშინ ეს წარმატება ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. მოხდა რამდენიმე კარგი დამთხვევა. დავით პეტრიაშვილი, კახა ჭუმბურიძე - მათი სახით კლუბის ხელმძღვანელობაში თავი საკუთარ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ადამიანებმა მოიყარეს.

პირადად მე ასე ვხედავდი იმ გუნდის განვითარებას: ევროპული წარმატება უნდა ყოფილიყო არა ერთჯერადი გამონათება, არამედ ყოველწლიური, სტაბილურობასთან ასოცირებული მოვლენა. მე აქცენტი მქონდა გაკეთებული განვითარების გრძელვადიან გეგმაზე. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა "დინამოს" საფეხბურთო აკადემია. იმ გუნდის წევრები დღესაც საქართველოს ნაკრების ძირითად ბირთვს წარმოადგენენ...

- ამის შემდეგ იმუშავეთ "გაგრაში", სადაც ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენით იყავით დაკავებული...
- ბედნიერი ვარ, რომ ეს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. აფხაზეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა იმთავითვე - არ გავიდოდა წელი, რომ სოხუმში არ დამესვენა. შევიტყვე, რომ არსებობდა "გაგრა". მას სათავეში ედგა ახლა უკვე ჩემი მეგობარი ბესო ჩიხრაძე. უანგაროდ ვიმუშავე იქ, ჩვენი თანამშრომლობა უდიდეს ორმხრივ პატივისცემაზე იყო დაფუძნებული...

მე საკუთარ თავს ვთხოვ პასუხს
- "ზესტაფონში" თქვენ ისტორია დაწერეთ - გუნდი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი და სულ ცოტა დააკლდა დიდ ევროპულ წარმატებამდე...
- დიდი მადლობა ილია კოკაიას ამხელა ნდობისთვის! ეს არის ადამიანი, ვისაც ფანატიკურად უყვარს ფეხბურთი. უზომოდ ვარ გულდაწყვეტილი, რომ დღეს ძველებურად აღარ გრძელდება ეს პროექტი.

რაც შეეხება ევროპულ წარმატებას, ორი მცდელობის შემდეგ გუნდი მზად იყო წარმატებისთვის. ჩემი აზრით, ფეხბურთის თვალსაზრისით და შინაარსობრივადაც ჩვენ ვაჯობეთ "შტურმს", მაგრამ ფეხბურთია და ვერ გათვლი ყველაფერს. იქნებ, ცოტა უიღბლობის ამბავიც იყო, თუმცა მე ამას ვერ დავაბრალებ და მაინც ვიტყვი, რომ ჩვენი წაგება უფრო ლოგიკური იყო, ვიდრე - არალოგიკური.

- ბევრი მიიჩნევს, რომ მაშინ "ზესტაფონი" რომ არ დაგეტოვებინათ, გუნდი სხვა დონეზე გავიდოდა. ალბათ, მეტი მოთმინება მართებდა კლუბის ხელმძღვანელობასაც...
- მე საკუთარ თავს ვთხოვ პასუხს. მე მმართებდა მეტი მოთმინება, ასე მგონია. სამი-ოთხი ახალი ფეხბურთელი გვჭირდებოდა. ევროპული კლუბები ასე არიან აწყობილნი - ორი მოთამაშე თითო პოზიციაზე... სულ ეს იყო.

- თქვენ მოკლე ხანში აჩვენეთ შედეგი "ტორპედოში", თუმცა გუნდის დატოვება მაინც მოგიხდათ...
- "ტორპედოში" მუშაობის პერიოდმა უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. არადა, ჩვენ გვქონდა ხუთწლიანი გეგმა. არ მინდა ნიუანსებზე საუბარი, მაგრამ ჩვენი ევროპული შედეგი "აქტობესთან" იყო კანონზომიერი. საქმე ისაა, რომ "ტორპედოში", საქართველოს მასშტაბით, შედეგი დაიდო ძალიან მალე. ეს ერთი მხრივ კარგი იყო და ყველამ გავიხარეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ევროპული მასშტაბით კონკურენტუნარიანი გუნდის აშენებას დრო სჭირდება. ერთი კი მინდა ვთქვა: ქუთაისში უდიდესი საფეხბურთო პოტენციალია.

- ამის შემდეგ იყო დაბრუნება "ზესტაფონში", სადაც ქომაგი გელოდათ, როგორც მხსნელს...
- რომ გითხრათ, კარგად ვიხსენებ-მეთქი იმ პერიოდს, არ ვიქნები მართალი. ზუსტად მაშინ დავრწმუნდი, რომ ერთი მერცხალი ვერაფრით მოიყვანს გაზაფხულს. საქართველოს ჩემპიონობა ყველა მწვრთნელისთვის დიდი პატივია. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც, მაგრამ ეს ჩემპიონობა გზაა იმისკენ, რომ ევროპაში თქვა შენი სიტყვა. ჩვენი ასპარეზობა ევროპის ლიგაზე გამოძახილი იყო ქართულ ფეხბურთში არსებული საერთო სიტუაციისა.

ფეხბურთს არა, სხვა რამეს ვთამაშობთ
- მაშ, მხოლოდ "ტრნავასთან" მარცხი არ ყოფილა "ზესტაფონში" განვითარებული მოვლენების მიზეზი?
- "ტრნავასთან" მარცხმა დაგვანახა და მიგვიჩინა ჩვენი ადგილი ევროპული მასშტაბით. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ჩემი აზრია ისიც, რომ ევროპაში ფეხბურთს თამაშობენ, თამაშობენ მსოფლიოში, ჩვენ კი... სხვა რამეს ვთამაშობთ.

- რა გვაკლია იქამდე?
- ბევრი რამ. თუნდაც, ორგანიზაცია, კეთილი ნება, გრძელვადიანი პროგრამა, სახელმწიფოებრივი ხედვა... მე არ მგონია, რომ სახელმწიფოს შეუძლია, შეინახოს ყველა გუნდი. ამას კერძო ინვესტორი უკეთ გააკეთებს. ის უკეთეს მწვრთნელს მოიყვანს, უკეთ მიხედავს ინფრასტრუქტურას, გრძელვადიან გეგმას განახორციელებს. ფეხბურთი დღეს მინდორზე არც იწყება და არც მთავრდება.

- თუ გყავთ გამორჩეულად საყვარელი გუნდი?
- საქართველოს ნაკრები! ჩვენი მუდმივი ტკივილი... იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა ჩვენი გენის, ჩვენი პოტენციალის. მინდა, წარმატება ვუსურვო კახა ცხადაძეს... უცხოური გუნდებიდან კი ადრე "ბარსელონას" ვქომაგობდი, ახლა - "ბაიერნს"...

- გამორჩეული მწვრთნელი?
- მე ვისთანაც მიმუშავია, დავით ყიფიანი და იოჰან ბოსკამპი. მსოფლიო ფეხბურთში დღეს დასაქმებული მწვრთნელებიდან - პეპ გვარდიოლა. ის ნამდვილი პედაგოგია. როგორც სისტემის შემოქმედი - იოჰან კრუიფი. მის ნაშრომებს გამუდმებით ვკითხულობ...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 7 /
საუკეთსო ართველი მწვრთნელი დღსდრეობიტ!!!
ილია
09:38 25-08-2021
0
მეც არაფერი მაქვს დგევანდელი მცვრტნელის საწინააგმდეგო,მაგრამ ვფიქრობ ბატონი გია საუკეტესო ვარიანტი იქნებოდა ნაკრებისტვის,მე მისი დზალიან მადლობელი ვარ,რადგან ყოველგვარი გადაჯარბების გარეშე ვიძახი,რომ დგეს ჯაბა კანკავას წარმატებული თამაში მთლიანად ამ პიროვნებას უკავშირდება,საქმე იმაშია,რომ ბატონმა გიამ დაინახა მისი სყრდენის პოზიციაზე გდაყვანის ვარიანტი,რაც მიმაჩნია ჯაბასთვის იდეალური იყო (ადრე ჯაბა თავდამსხმელი იყო)და საერთოდ ეს ის მცვრთნელია რომელმაც უამრავ ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
gia kankava
13:20 18-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული