საფიქრალი: ბავშვებო, გადით ეზოში!

AutoSharing Option
დღეს, ქართული ფეხბურთის ჭირსა და ვარამზე როცა ვსაუბრობთ, ხშირად მხედველობიდან გვრჩება ერთი და მთავარი - ქართულ ეზოებსა და ქუჩებში ფეხბურთს თითქმის აღარ თამაშობენ, ან საერთოდ აღარ თამაშობენ.

ოცდათორმეტი წლის წინ პატარა ქალაქში დავიბადე. ჩემი ბავშვობა სხვა იყო, სხვა რეალობით. ჩვენ ხშირად ვეკიდეთ მატარებელზე, ქუთაისში ცივი პურისთვის რომ ჩაგვესწრო. ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ჩვენ არ გვქონდა კომპიუტერი. ჩვენში არ იყო დაყოფა კარგ და ცუდ ბიჭებად. ჩვენ მუდამ დაგვდევდნენ მშობლები, მაგრამ ჩვენ იშვიათად ვიყავით სახლში. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რამეს
ვაფუჭებდით.

ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ჩვენთვის არ ჩანდა მუქ ფერებში. ჩვენს მშობლებს კი მაგრად უჭირდათ. როგორი საქმეა - ორ წელიწადში ყველაფერი ხუხულასავით დაინგრა. შეშის ღუმელი არ მენახა, სანამ ცენტრალური გათბობა არ გამოირთო. ჩვენი მოხუცები იტყოდნენ, ქვეყანაც მაშინ დაიქცაო. მთლად მაშინ ალბათ არ დაქცეულა, მაგრამ ჩვენს ყოფაში რაღაც რომ შეიცვალა, მაშინ შევატყვე, 10 წლისა ქალაქის ცენტრალური ბაზრიდან ღუმელის მილებს რომ მოვათრევდი მამასთან ერთად.

ადამიანს ასაკი რომ ემატება, სენტიმენტებიც მძაფრობს. იმ დროზე დაუსრულებლად შემიძლია ვწერო. დიდხანს არ გაგრძელებულა ის დრო. ალბათ, ხუთი-ექვსი წელი. იმ დროს დღეს ბევრი წყევლის ჩვენში, მაგრამ ჩემთვის ის დრო ყველაზე მაგარი დროა. აბა, ბავშვმა გაჭირვებისა იმდენი რა იცის? თუ იცის, იოლად გადაიტანს ხოლმე.

ის დრო მართლა არასოდეს დამავიწყდება. არ დამავიწყდება, მაგალითად, ის, როგორ ვიმუშავეთ 1994 წლის ზაფხულში მთელი ერთი თვე უბნის ბიჭებმა იმის "ხათრით", რომ ნაღდი ტყავის ბურთი გვეყიდა და მერე მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები ჩვენს პატარა სტადიონზე გადაგვეტანა. მაშინ ჩვენს ქალაქში ფერადი ლითონების შეგროვების ბუმი იყო. მიწას თხრიდი და ვარგის ლითონს ვედროში აგდებდი. მერე "კეთილი ძიები" მოდიოდნენ და ის ლითონი ფულის ნაცვლად მიჰქონდათ.

მახსენდება, როგორ დავდევდით ბურთს გათანგულნი დილიდან საღამომდე. დღემდე არ მავიწყდება ჭის წყლის გემო, ბურთის დევნისგან დაღლილნი რომ დავეწაფებოდით ხოლმე. დედები გვეუბნებოდნენ, დაღლილზე ცივი წყალი არ შეიძლება, გული გაგისკდებათო. გული არავის გახეთქია, შეგონება კი შეგონებად დარჩა.

მაშინ პატარა ქალაქის ერთი პატარა სტადიონი სულ სავსე იყო. ორი გუნდი თამაშობდა, ოთხი-ხუთი კი ელოდა. ქაღალდი, კალამი და მიდიოდა ათასგვარი ცხრილების შედგენა. უფრო მეტად კი ისე იყო, რომ მოგებული სათამაშოდ რჩებოდა.

ახლანდელ ბიჭობას ალბათ გაეცინება. ბურთი რომ არ გვქონდა, ბუშტისმაგვარ, ლარიან ბურთს ზომაზე დავჩუტავდით. ის შედარებით მაგრდებოდა და ისეთი "გარჩევები" მიდიოდა, თქვენი მოწონებული...

ვთამაშობდით გუნდი გუნდზე, უბანი უბანზე, საძმაკაცო საძმაკაცოზე და თუ ვინმე რაიონებს შორის ტურნირის ჩატარებას მოაბამდა თავს, ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. არ ვთამაშობდით მხოლოდ მოგებისთვის. ხშირად ისეც ყოფილა, ანგარიში არ დაგვითვლია და ვერც ღამეს გავუჩერებივართ.

ჩვენს თამაშს სტადიონის წინ უბნის დიდობა უცქერდა. ის ბიჭები დღეს ჭაღარაშერეულნი ჩვენი უფროსი მეგობრები არიან. მაშინ ჩვენს შორის ასაკში სხვაობა იმაზე მეტად იგრძნობოდა, ვიდრე დღეს, თუმცა ისინი ჩვენთან თამაშს არ თაკილობდნენ. იმ თამაშებში მხოლოდ ფეხბურთს კი არა - წაგებას, ერთმანეთის გატანას და სიყვარულს ვსწავლობდით.

ახლა, როცა წლები გავიდა და როცა საბოლოოდ მივხვდი, რომ იმ დროს ვერაფერი დააბრუნებს, უფრო ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ ამბებზე. მახსოვს თითქმის ყოველი დღე, მახსოვს, როგორ ეცემოდა ჩამავალი მზის სხივი ჩემს პატარა სტადიონს და გული საშინლად მტკივა.

გული მტკივა იმაზეც, რომ ჩემი მაშინდელი მეგობრები, დიდი თუ პატარა, ბევრი აღარ არის პატარა ქალაქში. ბევრი საქართველოში აღარ არის. ბევრი საერთოდ აღარ არის. ეს ცუდია. რთულიცაა. აღდგომა მიყვარს და აღდგომის მეორე დღე მკლავს - საფლავებზე გასვლის სევდას ვერ ავუდივარ...

ვთამაშობდით უბანში და ვთამაშობდით სკოლაში. ის რა დღე იყო, ფეხბურთის "მუღამში", სულ მცირე, ორი გაკვეთილი რომ არ გაგვეცდინა. არადა, ვერავინ იტყვის, რომ არ ვსწავლობდით ან მასწავლებლებს არ ვცემდით პატივს - უბრალოდ, ხშირად ფიზკულტურის გაკვეთილთან შელევა გვიჭირდა.

ახლა, როცა ჩემს ქალაქში ჩავდივარ (მადლობა ღმერთს - ხშირად!) გული მიკვდება, როცა ჩემს სტადიონზე საერთოდ ვერ ვხედავ ბავშვს, ან თუ ვხედავ, სულ - რამდენიმეს. ფეხბურთსაც ვეღარ თამაშობენ, ცოტანი არიან. მაქსიმუმ, "სტოპიატი" მოახლაფორთონ.

აღარც ბავშვია და ზოგადად, აღარც ხალხი. მოზრდილთა უმრავლესობა ქვეყნიდან, ქალაქიდან დრომ გააქცია. ზოგიც აღარ არის ცოცხალი, თუმცა ჯერ ისე არ გადავშენებულვართ, თუნდაც პატარა ქალაქის პატარა უბანში ათი ბავშვი რომ არ მოგროვდეს.

დროა, ვიყვიროთ, შევძახოთ, ვიბღავლოთ - ბავშვებო, გადით ეზოში! ამ დროს ვერასოდეს დაიბრუნებთ!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 8 /
magari statiaa ,simartles wer aleko
zaza
22:51 08-03-2015
0
საღოლ კაკაურიძე კაი სტატიაა..ბავშვობა გამახსენდა...სამწუხაროდ ის დრო აღარ დაბრუნდება,ესეთები წერე ხოლმე....
qartveli
17:33 07-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული