სიჭინავა კანდიდატურას აუცილებლად წამოაყენებს

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები კარს მოგვადგა - ყრილობა 22 იანვარს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა კანდიდატურები 12 იანვრის საღამოს 6 საათამდე უნდა წარადგინონ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას კანდიდატურა ფეხბურთის ფედერაციის ოცმა სუბიექტმა წარადგინა: თბილისის "ვიტ ჯორჯიამ", ზუგდიდის "მგლებმა", ქუთაისის "ტორპედომ", სამეგრელო ზემო-სვანეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონულმა ფედერაციებმა, აჭარის, სამაჩაბლოს (სამხრეთ ოსეთის) და ქალთა ფეხბურთის ფედერაციებმა, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირმა, ეზოს ფეხბურთის, პლაჟის ფეხბურთისა
და საფეხბურთო სკოლების ასოციაციებმა, ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირმა და მსაჯთა და მსაჯების დამკვირვებელთა კავშირმა.

საარჩევნო რეგლამენტით, პირველი ტურის მოსაგებად კანდიდატს ხმების მარტივი უმრავლესობა, ანუ 17 ხმაც ჰყოფნის. სიჭინავას წარმომდგენთა რაოდენობიდან ცხადია, რომ მას კონკურენტი არ ეყოლება, დარჩენილმა 13-მა სუბიექტმა მოქმედ პრეზიდენტს ერთიანი კანდიდატიც რომ დაუპირისპიროს. ეს ელემენტარული არითმეტიკაა - ცამეტი ოცის წინააღმდეგ ვერ მოიგებს.

თუმცა ბოლო დღეებში ისმოდა ხმები, თითქოს სიჭინავას კანდიდატურის წამოყენება გადაწყვეტილი არ ჰქონდა. ეს ჭორად ჩავთვალეთ, მაგრამ გუშინ არჩევნებში მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა, დაინტერესდა, რა ვიცოდით არჩევნებთან დაკავშირებით და დააკონკრეტა - გვაცნობეს, თითქოს სიჭინავამ არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა, არგუმენტად კი ის დაგვისახელეს, რომ კანდიდატურა დღემდე არ წამოუყენებია და თქვენ რა იცითო.

ხმები ფედერაცის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა კატეგორიულად უარყო: "სიჭინავას კანდიდატურა ჯერ არ წარმოუყენებია, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რომ ეთქვა, ეს აუცილებლად მეცოდინებოდა. 12 იანვრამდე ორი დღეა დარჩენილი და სიჭინავა კანდიდატურას აუცილებლად წამოაყენებს."


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული