რატომ იკარგებიან ქართველი ფეხბურთელები?

AutoSharing Option
ბოლო წლებში უცხოეთში ბევრი ქართველი ფეხბურთელი ჩაიკარგა. 2007 წელს კიევის "დინამოში" ჩარიცხული 18 წლის ლაშა თოთაძე შეაქეს, არატიპური ქართველიაო, მაგრამ ამით დანარჩენ ქართველებს გადაუსვეს ხაზი. ამ ერთ ფრაზაში გამოიხატა ჩვენი ფეხბურთელებისადმი ჩამოყალიბებული უარყოფითი დამოკიდებულება, ანუ იგულისხმებოდა, რომ ტიპური ქართველი ზარმაცი და უქნარააო.

ალეკო ამისულაშვილი, კახა ალადაშვილი, ოთარ მარცვალაძე, დავით იმედაშვილი, სანდრო კობახიძე, ბექა გოცირიძე უკრაინის წამყვან კლუბებში ახალ "კალაძეებად" და "დემეტრაძეებად" წაიყვანეს, მაგრამ ფეხბურთელებმა იმედები ვერ გაამართლეს.

გოცირიძის ამბავი გასაგებია, ტრავმის შემდეგ ფორმის აღსადგენად დრო სჭირდებოდა, კობახიძე კი ნიჭიერია, მაგრამ
"დნიპრო" და უკრაინული ფეხბურთი საიმისო არ აღმოჩნდა.

ამისულაშვილმა, ალადაშვილმა, მარცვალაძემ და იმედაშვილმა კიევის "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდეს და კიევი დატოვეს. თუმცა გავიდა დრო და გამოჩნდა, რომ ზარმაცი და უქნარა არც ერთი ყოფილა და რომ მათი სკამზე სხდომის მიზეზი სხვა რამ იყო - რა თქმა უნდა, ძნელია, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ უკრაინულ მოთხოვნებს ალღო აუღო, მაგრამ პრიმერადივიზიონიც არაა. ამ შემთხვევაში მთავარი უკრაინელების დამოკიდებულება, უფრო სწორად, უნდობლობა იყო.

ისინი ქართველებს აღარ ენდობიან და თუ იწევევენ, ჩვენებურებში უფრო ნაკლებს იხდიან, ვიდრე რუმინელ, უნგრელ, სერბ, ხორვატ და სამხრეთამერიკელ მოთამაშეებში, ძვირადღირებულ ლეგიონერებს კი სკამზე არ სვამენ და ქართველები ჩრდილში ექცევიან.

ამას ბევრი ქართველის სიზარმაცეც უწყობს ხელს - ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპის ბრაზილიელების წოდებას ნებისმიერს შევეცილებით. ბევრს (იმედია, არა უმრავლესობას) კარგი ანაზღაურებაც აკმაყოფილებს და სპორტული წინსვლის ჟინი უქრება, მაღალი ხელფასის მოთხოვნა უფრო აქვს, ვიდრე - მაღალ დონეზე თამაშის.

ცალკე თემაა ქართველი მენეჯერების უზომო მადა, გადაგდება-გადმოგდების ტრადიციად ქცეული მცდელობები და ეს ყოველივე საერთო აზრს ქმნის, რომ ქართველებთან ურთიერთობა არ ღირს.

ფორუმში გულშემატკივარი წერდა: "საინტერესოა, ასე რატომ ემართებათ მხოლოდ ქართველებს? იქნებ ეს არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია და მეტი არაფერი... ასე არ შეიძლება, ბიჭები ხომ ცოდოები არიან? დროა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სათანადოდ იზრუნოს ამ პრობლემაზე!"

ფედერაციას სატრანსფერო საქმიანობაში ჩარევა კატეგორიულად ეკრძალება, მაგრამ თავად ფეხბურთელები კონტრაქტის გაფორმებამდე ფედერაციის შესაბამის სამსახურს რჩევას თუ დაეკითხებიან, ურიგო არ იქნება - რეზო შენგელიას ბევრი ფეხბურთელი დაუკვალიანებია და საბედისწერო შეცდომებისგან უხსნია.

გასული წლის იანვარში რუსეთის პრემიერლიგელ პერმის "ამკარში" თორნიკე თარხნიშვილი გასინჯეს, განსაჯეს და სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. თუმცა საქმეში კიეველი მენეჯერი ჩაერია (ამას მაინც ვერ დავაბრალებთ ქართველს) და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა.

კარგად მახსოვს თარხნიშვილის მაშინდელი ინტერვიუ, რომელიც "ამკარის" მწვრთნელის ნათქვამს გულნატკენი იხსენებდა - ხელმძღვანელობა 18 წლის ქართველში ამხელა თანხას არ გადაიხდის, სხვა ეროვნების რომ ყოფილიყავი, კიდევ დაგტოვებდიო. მიზეზი? როდესაც გაბრწყინების დრო გიდგებათ, ქართველები სწორედ მაშინ ივიწყებთ ფეხბურთს და რა გარანტია მაქვს, შენში გადახდილი ნახევარი მილიონი წყალში არ გადაიყრებაო?!

ჩვენი ფეხბურთის ბოლო წლების უბედურება ისაა, რომ მას თავად მოვჭერით თავი და ახლა შედეგებს ვიმკით. ძნელია "ამკარის" მაშინდელი მწვრთნელის არგუმენტები არ გაიზიარო, რადგან ქართველი ფეხბურთელის სახელი საკმაოდ წახდა. ამ დამოკიდებულებას ჯერ კიდევ ზაზა ჯანაშიას დარდიმანდობამ დაუდო სათავე. ევროპული გრანდების სასურველი მოთამაშე ("ინტერი", "შტუტგარტი", "ლაციო", "იუვენტუსი" იწვევდნენ) ფეხბურთიდან 27 წლისა წავიდა. განა თავისი უზომო ნიჭის საკადრისი კარიერა ჰქონდა გიორგი ქინქლაძეს?

ეროვნულ ნაკრებში 17 წლის გაბრწყინებული ოთარ ხიზანეიშვილი "ანჟიდან" ისე გამოუშვეს, ძირითად შემადგენლობაშიც ვერ მოხვდა. ზურაბ ხიზანიშვილსაც ბევრად უკეთეს დონეზე უნდა ეთამაშა. გოგიტა გოგუა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაშია", არადა, "აიაქსსა" და "შალკეში" იწვევდნენ.

ვარსკვლავური პოტენციალის ლაშა ჯაკობია ლიეჟის "სტანდარდში" 17 წლისა ჩაირიცხა, ახლა კი უგუნდოა. ოდესღაც "რომას", "არსენალის" და "შალკეს" სამიზნეში მოხვედრილ მალხაზ ასათიანს მოსკოვის "ლოკომოტივმა" კონტრაქტი არ გაუგრძელა.

ამას დაემატა ჩვენი ჩემპიონატის დონის დაქვეითებაა. ვინც კი არ დაიზარა, ყველამ გაგვისწრო - დონით, პირობებით და კლასით ყირგიზებსა და ტაჯიკებს თუ ვჯობნით. ყველა დანარჩენმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ ჩამოგვიტოვა.

შესაბამისად, ჩვენი მოთამაშეების კლასი დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი აქვთ, უკრაინისა და მსგავსი დონის პირველობებზე სათამაშოდ, ადაპტაცია-გარდაქმნისთვის ერთი წელი მაინც სჭირდებათ, უცხოეთში კი დროს არავინ მოგცემს, ამ ერთ წელიწადში ასათვისებელი შენს ქვეყანაში უნდა გესწავლა.

მიმდინარე ჩემპიონატში უამრავი შეხვედრა ვნახეთ და მათსა და "ტელევიზორის ფეხბურთს" შორის საშინელი განსხვავებაა. სისწრაფე, საერთო დონე, ტაქტიკური განსწავლულობა, სათამაშო დისციპლინა და ფიზიკური მომზადება ჩვენში საბჭოური "პრიმასტერების" დონემდე დაეცა. პარადოქსია - საქართველოს ჩემპიონატში ლიდერობენ გუნდები, რომელთა უპირატესობის საფუძველი ფიზიკური მომზადებაა. ლიდერისა და აუტსაიდერის შეხვედრების 99 პროცენტი იდენტურია - ლიდერი იგებს არა მხოლოდ მწვრთნელის ტაქტიკის, არამედ მეორე ტაიმში შემორჩენილი ძალის ხარჯზე, ფეხბურთელები კი სასურველი სისრულით არ იტვირთებიან.

ასეთ პირველობაზე გაზრდილ მოთამაშეებს გაუზრდელები უფრო ჰქვიათ და უფრო მაღალ დონეზე თავის უცებ დამკვიდრება უჭირთ, ფსიქოლოგიურად ითრგუნებიან, დნეპრის, მასკვას თუ სენა-ტემზის ნაპირებთან კი მზა ფეხბურთელები სჭირდებათ და ადაპტაციისთვის დროს არ აძლევენ.

ფაქტი კი ისაა, რომ სახელიც წაგვიხდა, კლასიც და ახლა ქართველის ევროპული ლიგის კლუბში მოხვედრაც სასწაული გვგონია. უკრაინა-რუსეთს ვინ ჩივის, აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც აღარ გვწყალობენ. წავიდა ის დრო, ქართველი ესთეტიკური ფეხბურთის სიმბოლო რომ იყო, სახელის გატეხვას კი თავის გატეხვა მართლა სჯობია.

ამ უნდობლობას ეწირება ბევრი ნიჭიერი და არცთუ ზარმაცი ქართველი ფეხბურთელი, რადგან უცხოეთში იციან მხოლოდ მაგალითები და არა გამონაკლისები.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"







.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოდითგანვე ასე იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, ყველა ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ტურნირებს ქართველები იგებდნენ, მაგრამ მერე იკარგებოდნენ. იცით რა გვჭირს? ნებისყოფის სისუსტე და დისციპლინის მიმართ ვერ შეგუება. ფეხბურთი რეჟიმის დარრვევას ვერ იტანს. ამათ კი ყველაფერი ერთად უნდათ, ღვინო, დუდუკი, ქალები და ფეხბურთიც. ესენი ერთმანეთს ვერ ეთავსებიან და რჩებიან ფეხბურთის გარეშე.
tolika
18:24 11-01-2011
0
ქართველ ფეხბურთელებს აუკრძალეთ BMW და მერსედესის ქონა 30 წლამდე, თორემ X5ის ყიდვამდე უნდათ მაგათ ფეხბურთი.ძველ დინამოელებს კითხეთ ახალკაცის დროს როგორ რეჟიმში ცხოვრობდნენ მთელი კარიერის განმავლობაში
გლეხი
19:06 11-01-2011
0

სიახლეები პოპულარული