­­პორტრეტი: შოთა არველაძე - პროფესიონალი

AutoSharing Option
ეს წერილი ვირტუალურ ფილმად რომ გადაგვეღო, მას ცნობილი ფრანგული ფილმის, "პროფესიონალის" (მთავარ როლში ჟან-პოლ ბელმონდო) საუნდტრეკი (კომპოზიტორი ენიო მორიკონე) მოუხდებოდა. მაგარი მუსიკა და მაგარი ფილმი. ჩვენც მაგარ კაცზე და მაგარ პროფესიონალზე ვწერთ - შოთა არველაძეზე.

მე ასე მგონია: შოთას კარიერა, მისი ყოველი ნაბიჯი თუ გუნდიდან გუნდში გადასვლა, საქმისადმი მიდგომა თუ ზოგადად - საფეხბურთო ალღო, სამაგალითო უნდა იყოს ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელისთვის. მეტადრე იმ ბიჭებისთვის, დღეს თუ ხვალ რომ უნდა შეაღონ დიდი ფეხბურთის კარი.

ოთხმოცდაათიანების იმ დიდებულმა თაობამ საქართველოს დიდი სიხარული ვერ
მოუტანა. არადა, სხვა დროსა და სხვა ქვეყანაში ის თაობა საფეხბურთო ისტორიის დაუვიწყარ თავებს დაწერდა. არ გამოვიდა. ან როგორ უნდა გამოსულიყო?

ვაგებდით ომებს. გვციოდა, გვშიოდა, ქუჩაში ცეცხლს ვანთებდით და ისე ვთბებოდით. ვჭამდით "სიგუას ნამცხვარს", ნაკრების ფეხბურთელები კი ერთმანეთს ლამის სანთლით უცხელებდნენ წყალს ნაკრების ბაზაზე და ისე ბანაობდნენ.

საქართველოს ნაკრები ვერ იდგა ევროპულ რელსებზე. საქართველოს ნაკრებს ჰყავდა ზედმეტად ბევრი ვარსკვლავი და არ ჰქონდა სათამაშო სისტემა. ბიჭები თავის მუღამში იგებდნენ და აგებდნენ.

რა გასაკვირია, რომ ასეთი ქვეყნიდან გასულმა ბევრმა ქართველმა "მილიონების ციებ-ცხელებას" ვერ გაუძლო. შოთამ გაუძლო. მისთვის ფული და კარგი ცხოვრება არასოდეს დამდგარა ფეხბურთზე წინ. პროფესიონალებს ეს არ სჩვევიათ.

ამადაცაა, რომ იმ დიდი თაობიდან საქართველოს ნაკრების ახლო წარსულში შოთამ ყველაზე დიდი კვალი დატოვა. ამ ბიჭების კარგ თამაშთან სტატისტიკა უძლურია. მაინც მოვიგონოთ: შოთა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია 26 გოლით და თუ ქართველ ფორვარდთა "მარიფათს" გავითვალისწინებთ, შანსი არაა, უახლოეს მომავალში ეს რეკორდი დაემხოს.

რა თქმა უნდა, შოთა ყოველთვის ვერ იგებდა საქართველოს ნაკრებთან ერთად. რა თქმა უნდა, მარცხი ზოგჯერ უფრო ხშირი იყო, ვიდრე გამარჯვება, მაგრამ ერთი კი ცხადია - კარიერის მანძილზე შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისთვის, ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ერთ კაცს მოეთხოვება.

ქართულ ფეხბურთზე ვწერთ და ეს ღვაწლი მისთვის გამოვარჩიეთ, თორემ რომელ გუნდში არ გააკეთა? ამიტომ დღესაც უყვართ შოთა არველაძე "ტრაბზონსა" თუ "აიაქსში", "რეინჯერსსა" თუ "ალკმაარში"...

სადაც ადამიანია, იქვეა შეცდომაც. შოთასაც შეეშალა. არ ვიცი, როგორ მოუვიდა ეს, მაგრამ იმ წამიერმა სისუსტემ კარგა ხანს დატოვა კვალი ჩემს მეხსიერებაში, თუმცა აბა, უშეცდომო ვინ გინახავთ?!

თუ ვინმემ ზღო ამ შეცდომისთვის, ისევ შოთამ. ის ამ შეცდომის გამო ვერ იქცა რუსეთთან ისტორიული მატჩის მონაწილედ. არადა, თუ ვინმეს ეკუთვნოდა, სწორედ შოთას ეკუთვნოდა...

სამაგიეროდ, მე ვიცი, რომ შოთა არველაძე კინაღამ მოკვდა (პირდაპირი მნიშვნელობით) ერთ-ერთი სანაკრებო მატჩის შემდეგ. ექიმებს არნახული პროფესიონალიზმი რომ არ გამოეჩინათ... არველაძემ იმ თამაშში ირბინა იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანის ორგანიზმს ძალუძს და შეუძლია...

შოთას კარიერისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი ცხადყოფს - ჩვენ შეგვეშალა, მაგრად შეგვეშალა, როცა შოთა არველაძეს საბერძნეთთან მატჩისას ვუსტვინეთ. ის თავის საქმეს აკეთებდა, კაცი აჰყავდა მეტოქის შეტევის დროს. ფეხბურთში გოლი საერთოდ არ გავიდოდა, ვიღაც რომ არ ცდებოდეს. იმ დღეს შოთა შეცდა. შეიძლება, მცველი შემცდარიყო. ან ფორვარდი. ან ნახევარმცველი...

ეს კია - მაშინ სტადიონის ტრიბუნებიდან ისეთი ტალღა წამოვიდა, ბევრს კარიერას დაუნგრევდა. შოთას ვერ დაუნგრია. მჯერა: იმ დღეს შოთა არველაძისთვის ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტ ქომაგს არ დაუსტვენია. იმ ხალხმა უსტვინა, ვინც საქართველოს ნაკრების თამაშებზე ჯერაც გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის მაისურებით დადის. პროფესიონალმა კი შეცდომას აჯობა.

ერთი დეტალიც, შოთას საფეხბურთო ალღოს რომ უსვამს ხაზს. ის ყოველთვის პირველი იყო იმ კლუბში, სადაც თამაშობდა. ნუ, "აიაქსში" გენიალურ ლაუდრუპთან ერთად.

მაშ, რატომ მოხდა ისე, რომ ევროპულ ტოპჩემპიონატში შოთა არველაძემ მხოლოდ კარიერის მიწურულს ითამაშა და ისიც - ძალზე მოკრძალებულ "ლევანტეში"?

აქამდე ეს კითხვა არ დამისვამს ტყუპისცალისთვის. არ ვიცი, როგორ ხსნის ის ამას. მე ჩემი აზრი მაქვს - შოთა არველაძეს ერჩივნა, ვთქვათ, "რეინჯერსში" ყოფილიყო პირველი, ვიდრე მეორე, ვთქვათ, "მანჩესტერში" ან "იუვენტუსში"... საშუალო, ტიტულისგან შორს მყოფ კლუბში კი არველაძეს თავი არ და ვერ წარმოედგინა.

არ მოვიტყუები: ქართულ ფეხბურთში ლამის ყველასთან მისაუბრია, მიმსჯელია ფეხბურთზე. გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი: არ მეგულება რესპონდენტი, ვინც ასე მაგრად ერკვეოდეს ფეხბურთში. შოთასთან ფეხბურთზე საუბარი ერთი სიამოვნებაა.

მან იცის ადამიანებთან ურთიერთობა. მან იცის ფეხბურთელის ყველა საიდუმლო. მან იცის ფეხბურთი. ამიტომ მგონია: შოთასგან გვარიანი მწვრთნელი უნდა დადგეს და "ქასიმფაშას" მალე უკეთესი გუნდი უნდა მოჰყვეს.

პროფესიონალები ყველაფერს აღწევენ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 6 /
შოთამ ითამაშა, ნამდევილად, დიდი ფეხბურთი
ilia
12:26 05-04-2015
0
ქინქლაძე მაგარი იყო,მაგრამ მაგაზე დიდი და მაგარი 10-იანი ყავდა დინამოს ყიფიანი.
nugzari
06:12 05-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული