მესამე რაუნდი ხელის გაწვდენაზეა

AutoSharing Option
გეფლე-დინამო 1:2

15.07. სოლნა. რასუნდა. 10 000 მაყურებელი
გოლები: 0:1 ვაწაძე (11. ჯუისის პასით), 1:1 ბერგრენი (51. პენ.), 1:2 ხმალაძე (87. პენ.)
გეფლე: ჰუგოსონი, დალბერგი, სენატორე, ჯავო, ტეორინი, ბერგრენი, ბერნარდსონი, ჰანსონი (46. გერნდტი), კრისბახი, ორლოვი, ლანტო
სათადარიგოები: ჰედვალი, გრამი, ნისტრიომი, ოჰაგენი, პორტინი, ვესტლინი
დინამო: ლორია, თომაშვილი, კაკუბავა, ხმალაძე, ედნილსონი, კახელიშვილი, თექთურმანიძე, რობერტინიო (34. ლექვთაძე), კოშკაძე (76. ფირცხალავა), ჯუისი, ვაწაძე (82. მეტრეველი)
სათადარიგოები: შეყრილაძე, მამუჩაშვილი, გ. გველესიანი
გაფრთხილება: თექთურმანიძე (47), კახელიშვილი (50)
არბიტრი: დ. ბატინიჩი (ხორვატია)

თბილისის "დინამომ" უეფას ევროპის ლიგის
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. სამწუხაროდ, მისი გამარჯვება ვერ ვიხილეთ და პირდაპირი ტელე თუ ინტერნეტტრანსლაციის ნაცვლად, მხოლოდ ტექსტურ რეპორტაჟს დავჯერდით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კახა კაჭარავას გუნდმა სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით განმეორებითი შეხვედრის წინ უდიდესი ჰანდიკაპი დაიბევა. ჰოდა, გულშემატკივრებს, რომელთაც "დინამოს" გამარჯვების ხილვა სურთ, ერთი კვირის შემდეგ შეუძლიათ ეროვნულ სტადიონზე მისვლა და იმედია, ყველანი ერთად ვნახავთ დედაქალაქური კლუბის კიდევ ერთ წარმატებას.

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ "გეფლე" თვით შვედეთშიც კი არ მიეკუთვნება წამყვანი კლუბების რიცხვს და ევროასპარეზზე მხოლოდ ფეარ პლეის ქვოტით მოხვდა, მაგრამ ეს ფაქტი "დინამოს" წარმატებას ოდნავადაც არ აპირებს. ჩვენების გამარჯვება კი მით უფრო იმიტომაა დასაფასებელი, რომ "დინამოს" სხვადასხვა სახის პრობლემები არ აკლია და გუნდის შემადგენლობა სულ ცოტა ხნის წინ კიდევ უფრო შესუსტდა. ყოველივე ამის ფონზე კი არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ დინამოელებმა მცირე გმირობა ჩაიდინეს. ევროტურნირზე სტუმრად გამარჯვებით ხომ ქართული კლუბებისგან განებივრებულნი არ ვართ.

მატჩის მიმოხილვაზე კი რა გითხრათ, ისღა დაგვრჩენია, მხოლოდ უცხოურ ვებგვერდებზე ამოკითხული ინფორმაცია მოგაწოდოთ, საიდანაც ისეთი სურათი იქმნება, რომ შეხვედრა შვედთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ სტუმრებმა მდგომარეობა უმალ გამოასწორეს და ანგარიშიც გახსნეს. მათე ვაწაძემ "გეფლეს" კარი დონალდ ჯუისის პასით დალაშქრა.

ტექსტური მიმოხილვის თანახმად, მატჩი ამის შემდეგაც ორმხრივი შეტევებით განახლდა. "დინამოს" კარის დააჯ გიორგი ლორიას რამდენიმე დარტყმა მოუგერიებია, მასპინძელთა კარს კი ვაწაძე, კოშკაძე, კახელიშვილი, ჯუისი და თექთურმანიძე დამუქრებიან.
ასე მიიწურა პირველი ტაიმი, მეორე ნახევრის დებიუტში კი გიორგი კახელიშვილმა საკუთარ საჯარიმოში ორლოვი წააქცია და ბერგრენმა თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა.

შემდეგ ეპიზოდებში უკვე ედნილსონის გვარი ფიგურირებს. "დინამოს" პორტუგალიელ საყრდენს შეტევებშიც უაქტიურია. გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესული ზვიად მეტრეველის მონდომებამ მოგვიტანა. ჯავომ მის წინააღმდეგ იუხეშა, ეს კი მასპინძელთა საჯარიმოში მოხდა.

თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან "დინამოს" სტაჟიანი პენალტისტი ლევან ხმალაძე მივიდა და თავისიანები დააწინაურა. სხვათა შორის, ხორვატმა არბიტრმა მისი პირველი შედეგიანი დარტყმა გააუქმა და ხმალაძეს მეორედ მოუხდა ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულება.
მსაჯის საფინალო სასტვენამდე ბევრი დრო აღარ რჩებოდა, მაგრამ "დინამომ" კიდევ მოასწრო ერთი გოლის გატანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

"დინამოს" გამარჯვებასთან ერთად, კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი მოედანზე ნიკოლოზ ფირცხალავას გამოჩენაა. შეგახსენებთ, სულ ცოტა ხსნის წინ ეს ახალგაზრდა ნახევარმცველი საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა და იმედია, საბოლოოდ გადაიფიქრა.
ისიც აღსანიშნავია, რომ "დინამოს" გამარჯვებაში საკუთარი წვლილი სტადიონზე შეკრებილმა დაახლოებით 50-მა ქართველმა ქომაგმაც შეიტანა.

მოკლედ, "ზესტაფონმა" და "დინამომ" ქართულ ფეხბურთს ვიტჯორჯიული სირცხვილი ოდნავ მაინც ჩამორეცხეს და დაამტკიცეს, რომ ჩვენი საკლუბო დონე არც ისე კატასტროფულია, როგორც "ოლიმპისა" და "ვიტ ჯორჯიას" მეტოქეებს ჰგონიათ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული