უტკინი არ არის ქართული ფეხბურთის ისეთივე მოტრფიალე, როგორიც მისი კოლეგები - ანდრონოვი ან მელნიკოვი არიან, მაგრამ დავით ყიფიანი გამორჩეულად უყვარს, ჯანო ანანიძე "თავისიანად" მიაჩნია, თბილისის "დინამოზე" კი ისეთებს ამბობს... თუმცა, სჯობს, ეს ყველაფერი თავად წაიკითხოთ ვასილი უტკინთან ექსკლუზიურ ინტერვიუში:
- ვინ იყო საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც მინახავს? ეს კითხვა ჩემთვის არც უნდა დაგესვათ - რა თქმა უნდა, დავით ყიფიანი! აბა, სხვა ვინ?! რა თქმა უნდა, არსებობენ სხვადასხვა გემოვნების ადამიანები, მაგრამ ჩემთვის ეს ერთმნიშვნელოვანია...
ცნობილია, რომ ლონდონის "ჩელსის" მეტსახელია "არისტოკრატები". ვინც ამას არ ეთანხმება, ამბობს, რომ ეს ზედმეტი ეპითეტია... მე კი გეტყვით - თუ საფეხბურთო სამყაროში არის კლუბი, რომელსაც "არისტოკრატებს" უწოდებენ, სწორედ ამ კლუბში უნდა თამაშობდეს დავით ყიფიანი!
- მას პირადადაც ხომ შეხვედრიხართ?
- სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენჯერმე... დავით დავითის ძემ იმდენი მაინც იცოცხლა, ჩემი ასაკისა და პროფესიის კაცს მასთან შეხვედრა რომ მოესწრო. ნამდვილი ბრიყვი ვიქნებოდი, ეს რომ არ გამეკეთებინა! სამწუხაროდ, ახლა აღარაფერი ეშველება, მაგრამ უზომოდ მწყდება გული, ვიტალი დარასელია რომ ვერ გავიცანი. ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან...
- გახსოვთ დარასელიას თამაში?
- არცთუ ის კარგად - მე ხომ მხოლოდ ათი წლის ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა... მაგრამ ვისაც უნახავს დარასელიას გოლი "კარლ ცაისთან" მატჩში, აღარ იკითხავს, რით იყო გამორჩეული ეს ფეხბურთელი!
- ბანალური კითხვაა, მაგრამ საინტერესოა თქვენი აზრი - როგორ ითამაშებდნენ ძველი თაობის ვარსკვლავები თანამედროვე ფეხბურთში?
- შესაძლოა, ეს პუბლიკისთვის თავის მოწონების მცდელობად ჩამითვალოთ, მაგრამ მართლაც ასე ვფიქრობ - მაშინდელ თბილისის "დინამოზე" ძლიერი გუნდი დღეს მსოფლიოში იშვიათია!
ფეხბურთმა ძალიან ბევრი დაკარგა იმით, რომ დავით ყიფიანმა არ ითამაშა 1982 წლის მსოფლიო თასზე... ვიხსენებ პლატინის, სოკრატესს, იმ მუნდიალის სხვა ვარსკვლავების თამაშს... პლატინიზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ "დავიდიჩი" სოკრატესს ნამდვილად აჯობებდა!
- თემა შევცვალოთ - თანამედროვე ქართულ ფეხბურთზე თუ გაქვთ წარმოდგენა?
- ბევრი არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ის არსებობს (იცინის)! რაც შეეხება ცალკეულ ფეხბურთელს,
მაქვს ინფორმაცია ჯაბა კანკავას შესახებ, რომელიც წარმატებით თამაშობს "დნიპროში". თუმცა, ორ წელიწადზე მეტია, დნიპროპეტროვსკელთა თამაში არ მინახავს.
- რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებზე რას იტყვით? პრემიერლიგაში ჯერ კიდევ შემორჩა რამდენიმე ქართველი, მაგალითად, ანანიძე და კვირკველია...
- საქმე ის არის, რომ ჯანო ანანიძეს არ ვუყურებ, როგორც ქართველ ფეხბურთელს, ის რუსად მიმაჩნია...
- რას ამბობთ? სადაური რუსი ანანიძეა?!
- მას ხომ დედა რუსი ჰყავს?!
- შესაძლოა, მაგრამ ჯანო ქობულეთშია დაბადებული და საქართველოს ნაკრებში თამაშობს. რა შუაშია რუსეთი?!
- ამას სხვანაირად ნუ გაიგებთ და ნურც ნაციონალიზმში ჩამომართმევთ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთშიც და საქართველოშიც ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელიც სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაშობს...
- ჯანო რუსი რომ იყოს, რუსეთის სახელით თამაშს დასთანხმდებოდა! მაგრამ ის ქართველია და საქართველოს ნაკრებში თამაშობს, ასე რომ, ამაზე არც არაფერია სალაპარაკო! ანანიძეზე, როგორც ფეხბურთელზე გკითხეთ, აქვს "სპარტაკში" მომავალი?
- ცუდად არ გაიგოთ, მე ვიგულისხმე, რომ ჯანო ჩემიანად მიმაჩნია - ეს არის და ეს! მომავალი? რამდენიმე დღეა, გაირკვა, რომ "სპარტაკში" კლუბის მფლობელსაც კი არა აქვს მომავალი, და რისი იმედი უნდა ჰქონდეთ ფეხბურთელებს?!
რაც შეეხება სოლომონ კვირკველიას, მომწონს მისი თამაში - ტანმაღალი, ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, თანაც, ძირითადი მოთამაშეა "რუბინში", რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა. მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი...
- საქართველოს ნაკრების თამაში ბოლოს როდის ნახეთ?
- ძალიან დიდი ხნის წინ! უმეტესწილად, სანაკრებო მატჩები ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე, მე კი, ბუნებრივია, რუსეთის ნაკრების მატჩებს ვადევნებ თვალს... არ დაგიმალავთ - წლების განმავლობაში ვოცნებობდი თბილისში ჩამოსვლაზე და როგორც იქნა, ამის მიზეზიც მოვიფიქრე - შარშან, 6 მარტს, საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე და დაბადების დღე თბილისში აღვნიშნე მოსკოვიდან ჩამოყვანილ მეგობრებთან ერთად!
კიდევ ერთი სურვილი მაქვს ასასრულებელი - ძალიან მინდა, თბილისში გამართულ საფეხბურთო მატჩს დავესწრო! თბილისის რესტორანში უკვე ნამყოფი ვარ, ფეხბურთზე - ჯერ არა... რაც მთავარია, უკვე ზუსტად ვიცი, სად წავალ საქეიფოდ!
- ჩანს, ძალიან მოგწონებიათ თბილისური რესტორანი...
- ისეთი გემრიელი კერძები, როგორიც შარშან მივირთვი თბილისის მეგრულ რესტორანში, არასდროს გამისინჯავს!
- რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული კომენტატორი ხართ და მწვავე კითხვებსაც არ ერიდებით... თავად ვასილი უტკინს რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად?
- არის ორი კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად მისვამენ: "სვამთ თუ არა რეპორტაჟის დაწყებამდე?!" და "ძნელია თუ არა, რეპორტაჟის დროს გინებისგან თავის შეკავება?!" - რა უნდა ვუპასუხო?! ხომ ხვდებით, როგორი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს ჩვენს საქმიანობაზე?
- რთულია, თანამედროვე რუსეთში იყო ჟურნალისტი, თუნდაც, სპორტული კომენტატორი?
- სინამდვილეში, კომენტატორობა იოლი საქმეა... რატომ? ყველა ნორმალური მამაკაცი უყურებს ფეხბურთს. უყურებს და რაღაცას ლაპარაკობს თავისთვის. და თუ ის, რასაც ასეთ დროს შენთვის ლაპარაკობ, ვინმესთვის საინტერესოა, ე. ი. კომენტატორი ხარ! ვფიქრობ, მამაკაცების ნახევარზე მეტი სწორედ ასეთია...
ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
პირველად დღეს დაიდო 13.20 საათზე