ოთარ ხიზანეიშვილი: დაწერეთ პირდაპირ - ყველაფერი ჩემი ბრალია!

AutoSharing Option
33 წლის ოთარ ხიზანეიშვილი ახლა უგუნდოდაა. გამოცდილი ცენტრალური მცველი ბოლოს "ზესტაფონში" იყო და ოპტიმალურ ფორმამდეც ბევრი აღარ უკლდა, თუმცა იმერულ კლუბში ყველასთვის ცნობილი მოვლენები მოხდა და ოთარიც უგუნდოდ დარჩა.

ხიზანეიშვილს უთამაშია არაერთ გუნდში, მათ შორის - მოსკოვის "სპარტაკში", "აუგსბურგსა" და "ფრაიბურგში". საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 20 მატჩია. ფაქტია, ხიზანეიშვილს უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, ვიდრე ითამაშა.

"ლელო" ოთარს შეეხმიანა და ინტერვიუ სთხოვა...

- "ზესტაფონიდან" წასვლის შემდეგ ვინმე თუ შეგეხმიანათ?
- რომ არ მოგატყუოთ, ჯერ არავისგან არაფერი ისმის. ვარ ასე, მოლოდინის
რეჟიმში... ვნახოთ, რა იქნება...

- ფორმას როგორ ინარჩუნებთ?
- მინიფეხბურთს ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. დავრბივარ... ვცდილობ, რაღაც დონეზე შევინარჩუნო კონდიცია - ამ ეტაპზე სულ ესაა.

- "ზესტაფონში" გატარებულ პერიოდს როგორ შეაფასებდით?
- ფეხბურთელები და მწვრთნელები ყველანაირად ვედექით გვერდში ერთმანეთს. ფული არ იყო, ერთი თეთრი არ აგვიღია, მაგრამ თავი არ დაგვიზოგავს. რაც მოხდა, ყველამ ვიცით. არადა, ჩემი აზრით, ამ რესურსითაც შესაძლებელი იყო უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. მე არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. ადამიანები ვართ და ყველას შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ ჩვენ უმაღლესი ლიგიდან არ გავვარდებოდით. ამაში დარწმუნებული ვარ. რთული ამოცანა იყო, მაგრამ შესრულებადი.

- 33 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლაზე ხომ არ დაფიქრდით?
- რომ არ დაგიმალოთ, ბოლო დროს დავფიქრდი ამაზე. ალბათ, წლებს თავისი მიაქვს... ჩემი ორგანიზმის თაობაზე ყველაზე უკეთ მე ვიცი - უცებ შევდივარ ფორმაში, ერთი შეკრება მინდა და ეგ არის. საქმე ისაა, რომ საქართველოში დღეს არ არის პირობები. რაც მე ვნახე და ვიგრძენი, ესაა - საქართველოში დღეს არის ერთადერთი გუნდი, სადაც შექმნილია ყველა პირობა საიმისოდ, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთი ითამაშოს.

- ფაქტია, თქვენ ვერ გამოავლინეთ ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობები - რა იყო ამის მიზეზი? თუნდაც დღეს, თქვენ სერიოზულ ევროპულ ჩემპიონატში უნდა თამაშობდეთ...
- თქვენს გაზეთს ბევრი მკითხველი ჰყავს. ვიცი, ახალგაზრდა თაობა კითხულობს მას და დაწერეთ პირდაპირ: ჩემი ბრალია ეს და სხვისი არავისი. მიზეზები არასაფეხბურთოა. ახლა დაკონკრეტებას მოვერიდები. ჩემი შესაძლებლობები ყველაზე კარგად მე ვიცი და არც არასოდეს მქონია გადაჭარბებული წარმოდგენა ჩემს თავზე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, მხოლოდ 30-40 პროცენტი ვითამაშე ჩემი შესაძლებლობების, მეტი არა.

მინდა, მივმართო ახალგაზრდა ფეხბურთელებს - ფეხბურთელის კარიერა არის ხანმოკლე და სანამ ფეხბურთში ხართ, მიეცით მას ყველაფერი. შრომა არ დაგეკარგებათ. დასრულდება კარიერა და მერე ყველაფრის მოსწრება შეიძლება. არ არის საჭირო სიჩქარე. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და სანამ ფეხბურთში ხარ, მხოლოდ ფეხბურთით უნდა იცხოვრო.

- ტრავმებმაც შეგიშალათ ხელი...
- კი, ესეც იყო. ტრავმებმა ბევრი წამართვა, მაგრამ მთავარი მიზეზები მაინც არასაფეხბურთოა.

- თავის დროზე თქვენ საკმაო ხანი ითამაშეთ ბუნდესლიგაში. რატომ ვერ მოახერხეთ იქ დამკვიდრება?
- თავიდან რომ ჩავედი, 9 თამაში ვითამაშე და სამჯერ მოვხვდი სიმბოლურ ნაკრებში. ამაზე უკეთეს დასაწყისს ფეხბურთელი ვერ ინატრებდა. კარგი პრესა მქონდა... მერე იყო "შტუტგარტთან" მატჩი და ტრავმა მივიღე. წელიწადი და რვა თვე დამაკარგვინა იმ ტრავმამ. ფეხბურთი აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში, ახალგაზრდა ვიყავი, უსაქმურობისგან იყო თუ სხვა რამისგან, გადავერთე სხვა რაღაცებზე და სწორედ ამ დროს ამერია ყველაფერი...

ხომ იცით, ერთხელ რომ აერევა ფეხბურთელს კარიერა, მერე მიდის და მიდის უკან... მართლა ბევრი გადავიტანე, თუმცა ვიპოვე საკუთარ თავში ძალა და ისევ დავუბრუნდი ფეხბურთს.

- გერმანიაში უკეთეს გუნდში დამკვიდრების შანსი თუ გქონდათ?
- კი, იყო ამის შანსი. "შალკეს" სურდა ჩემი გადაბირება. მაშინ ამ გუნდს რალფ რანგნიკი წვრთნიდა. "შალკეში" ლევან კობიაშვილი თამაშობდა. ტრავმამ გამომაცალა ეს შანსი.

- კარიერაში ბევრი დასამახსოვრებელი მატჩი გითამაშიათ, რომელ მათგანს გამოარჩევდით?
- გამოვარჩევდი სანაკრებო მატჩს რუსეთთან. ეს იყო დღე, როცა მთელი საქართველო გავახარეთ. სხვა დროს ფეხბურთში არასოდეს მიმიღია ამხელა ემოცია. ხშირად ვერ ვახერხებდით ხალხის გახარებას, ესეც ფაქტია.

- ვინ იყო თქვენი საუკეთესო პარტნიორი დაცვაში?
- საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს დავასახელებ. ერთი სიამოვნება იყო კახა კალაძესთან ერთად თამაში. მე იშვიათად მინახავს მისნაირი საიმედო მცველი. უნდა დავასახელო ალეკო ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი...

- რომელი ფორვარდის წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში ყველაზე მეტად?
- ისე მოხდა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი გამორჩეული ფორვარდის წინააღმდეგ ვითამაშე. მე მიროსლავ კლოზეს დავასახელებ - უდიდესი თავდამსხმელია!

- ოთარ, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?
- არა, ეს გამორიცხეთ. ჩემი ნერვების კაცს სამწვრთნელო სფეროში არაფერი ესაქმება. მწვრთნელობას ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოვკიდებ. რამე სხვა საქმით დავკავდები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
შენით როგორ ვტრაბახობდით ბაღდათლები !!!....კარგია ახალგაზრდა თაობას სწორ მომავალს, რომ ურჩევ...
12-12
20:09 06-06-2015
0
მაგარი კაცი და ფეხბურთელი
guja
19:31 06-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული