ფეხბურთი პატარაობიდანვე მიყვარს. 1986 წელს მარადონას თამაში რომ ვნახე, ვისაც კი კაცის მოტყუება შეეძლო, დიეგოს ვადარებდი. ლეო მესისაც. თუმცა, მესის მარადონას მე კი არა, მთელი მსოფლიო ადარებს. ვინ უკეთესია, ახლა ამის გამორკვევას არ მოვყვები, მესიზე გადავალ. იგი 24 ივნისს 28 წლისა გახდა. კიდევ რამდენ წელს ითამაშებს? იმაზე ნაკლებს, ვიდრე აქამდე უთამაშია. ამიტომ ნელ-ნელა მცირდება მესის მოედანზე ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა.
არადა, ისიც
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კარგი საქმე გააკეთა: უბრალო ხალხს "ბარსელონას" თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალება მისცა - 11 აგვისტოს ხომ ევროპის სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს და "დინამო არენაზე" ერთმანეთის პირისპირ "ბარსელონა" და "სევილია" წარდგებიან.
მთელი სეზონი ორმაგად ვქომაგობდი "ბარსას", რადგან მესის თამაში თბილისში მენახა. ითქვა, რომ 22 ივნისს, დილის 9 საათიდან მატჩის ბილეთები Biletebi.ge-ზე გაიყიდებოდა, მაგრამ, საიტზე რომ შევედი, ეკრანზე გამოანათა - ვერ მოგართვიო.
საიტი ისე გაიჭედა, ამ პუბლიკაციას რომ ვწერ, ჯერაც არ ამოუსუნთქავს. ვებგვერდზე შეტევა განხორციელდაო - განგვიმარტეს. საოცარია, ათი ათასი მომხმარებლის შესვლა თავდასხმად აღიქვეს. იყო დრო, ასი ათასამდე შეიარაღებული მტრის შეტევებს ვიგერიებდით და ახლა ასე დავჩაჩანაკდით, რომ მაუსმომარჯვებული ხალხი გვაშინებს?
არა, სახუმაროდ საქმე ნამდვილად გვაქვს, საქართველოში ვცხოვრობ და მეშინია, რომ 29 ათასი ბილეთი ისე არ გაიყიდოს, ერთი ცალი მე არ შემხვდეს. არ გინახავთ შემთხვევა - უბილეთოდ მაინცდამაინც ის დარჩენილა, ვინც რიგში პატიოსნად დგას და ცრუმოძრაობებით არ მიიწევს სალაროსკენ? უბრალო ადამიანის "ცრუმოძრაობამ" შეიძლება მასსავით რიგში მდგომი დააზიანოს, ზედა ეშელონებს კი მეტი კომპეტენტურობა მოეთხოვებათ.
ახლა ის, ვისაც ეგონა, რომ სუპერთასის ბილეთებისთვის საიტზე ერთდროულად 5 ათასზე ნაკლები კაცი შევიდოდა, კომპეტენტურია?!
რომ ვერ იყიდო ბილეთი და ცოცხლად ვერ ნახო "ბარსა", ამით რა დაშავდება? - მეტყვის მავანი. არაფერიც არ დაშავდება, აგერ, გერმანია რომ იყო ჩამოსული, მხოლოდ მეორე ტაიმს ვუყურე, პირველ ტაიმზე ბავშვთა კალათბურთზე ვიყავი. შემეძლო, კალათბურთიდან ახლობელთან შემევლო და ტელევიზორში მიმედევნებინა საქართველო-გერმანიისთვის თვალი.
არც მეგობრების წრეში, სავარძელში მოკალათებით იქნება სუპერთასის ყურება ურიგო, მაგრამ ცოცხალი ფეხბურთი მინდა. ტელევიზორში ვხედავთ, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები ფორმულა ერთის "ფერარებივით" როგორ დაქრიან. ამ რბოლის თბილისში გამართვის ბედნიერება წლეულს გვეღირსა. როგორია, დაძლიო ინტერესი და "ბარსელონა"-"სევილია" ტრიბუნებიდან არ ნახო? მთელი ცხოვრება ხომ კარტინგს ვუყურებ...
P.S. ვიმედოვნებ, კარტინგის მოყვარულები არ გამინაწყენდებიან, მეც ძალიან მომწონს, უბრალოდ, შედარება ტემპის გამო მოვიყვანე - ფორმულა 1-თან ხომ სისწრაფეში ვერც ერთი რბოლა ახლოს ვერ მოვა.
გვეშველება რამე?
"ბარსელონა"-"სევილიას" მატჩის ბილეთების გაყიდვის თარიღად 22 ივნისის დილის 9 საათი რომ გამოცხადდა, მთელი საქართველო კომპიუტერს მიუჯდა, პასპორტი და საკრედიტო ბარათი მოიმარჯვა და... თურმე, ერთ გულშემატკივარს დიდი ინტერნეტ-კაფე დაუქირავებია, მეგობრებისთვის პასპორტები გამოურთმევია და რამდენიმე ათეული ბილეთის ყიდვას აპირებდა.
თუმცა დაქირავებული კომპიუტერების ფულიც არავინ დაუბრუნა და ბილეთებიც ვერ იყიდა...
კიდევ უამრავი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა 22 ივნისს.
ბევრი ქართული ხუმრობა კომენტარების სახით ამოვიკითხეთ. ზოგმა Biletebi.ge-ს გაჭედვასთან დაკავშირებით გავრცელებული კომენტარების ტოპ-ათეულიც შეადგინა, რომელსაც მკითხველსაც ვთავაზობთ.
* ამდენი კოლინასთვის არ უგინებიათ მთელი კარიერის განმავლობაში...
* თქვენ დაგკბინათ სუარესმა, როცა ჩამოვა...
* საიტზე შეტევაა. საინტერესოა, ვინ უტევს, მესი?
* რა შეტევა, რა ციხის აღება, ჯვაროსნებს თამაშობთ?
* ხალხი ტუალეტში ნოუთბუქებით დადის, თან არეფრეშებს...
* Biletebi.ge-მ იმდენი ხალხი გადააგდო, "ოცნება" გაკვირვებული დარჩა.
* ნატოში უფრო მალე შევალთ, ვიდრე Biletebi.ge-ზე.
* მატარებლის ბილეთების ყიდვა მინდა ჩაქვისკენ და ბილეთები.ჯი-ს რა დაემართა, ხომ არ იცით?
* ვცვლი ბილეთების შეძენის რიგს 88-იან კარგი მდგომარეობის 06-ში. მოყვება ბევრი ნაწილი. მსურველს ველოდები ვაგზალზე, ხელში მეჭირება 06-ის გასაღები.
* ის ვერ გაგირკვევიათ, ვინ როდის და რატომ უნდა გამოტოვოს ნაკრების ოფიციალური თამაში და ბილეთებს გაყიდით ნორმალურად?
* ისე, პირდაპირ გეთქვათ, რომ ეს ბილეთები უბრალო ხალხისთვის არ იყო გათვლილი. ბრალიანი ხალხი კი ისედაც ახერხებს ამდაგვარი დონის თამაშების ყურებას სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ კი ისევ მოგვიწევს ტელევიზორიდან თვალყურის დევნება. იმედია, ელოქტროენერგიას მაინც არ გამორთავენ 11 აგვისტოს.......
* 2500 კაცზე რო დატესტეთ სერვერი, ბნელა? კვლევა ჩაგეტარებინათ და ასე მაინც გაიგებდით ობიექტურ სურათს, თუ რა მოხდებოდა. თქვენ გამო მე რატომ ვერ უნდა წავიდე ამ თამაშზე???
* დღეს რამდენი Refresh თუ Click Biletebi.ge-ზე გავაკეთე, იმდენი დოლარი მე!
* დილას Biletebi.ge-ს გაჭედვაზე კუში იყო 1.001, არგაჭედვაზე - 100.0.
ერთ-ერთ კომენტარში დანინახსაც გამოუძახეს. იგი ძველ საბერძნეთში გაკვირვებისა და უნდობლობის ღმერთი იყო. ამა თუ იმ სიტუაციაში ვინც ვერ არკვევდა, რა ხდებოდა, დანინახის სახელს ახსენებდა...
დიდო დანინახ, გვეშველება რამე?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არც დომენტი, არც რეზი არაფერ შუაში არიან.