[ოთხშაბათის საკითხავი] სიხარული, კერპი და ცხოვრების ბილიკი

AutoSharing Option
ფოტოზე: შოთა არველაძე და "ტრაბზონსფორის" ყველაზე პატარა ქომაგი
მორიგი კვირის მთავარი ამბების შეჯამების დროც მოვიდა. კვირა იყო ტევადი და კარგი ამბებით გამორჩეული. ევროტურნირების პირველ მატჩებს შიშით ველოდით. ყველაფერი კარგად დასრულდა. ორმა ქართულმა გუნდმა მოიგო, ერთმა ფრედ ითამაშა.

შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ევროდუელი ორი მატჩისგან შედგება. საპასუხო შეხვედრებიც კარს მოგვადგა. იმედი ცოცხალია, სამივეს შანსი აქვს...

შოთა არველაძე "ტრაბზონის" მწვრთნელად დაინიშნა. ეს არ არის პატარა ამბავი. ვფიქრობთ, დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში ასეთი გაქანებისა და ფინანსური შესაძლებლობების გუნდი ჯერ არც
ერთ ქართველ სპეციალისტს არ დაუმოძღვრავს...

დღე ჩვენი სიხარულისა
2 ივლისი ნაღდად ქართული დღე იყო. ევროთასებზე მონაწილე სამივე ჩვენებურმა გუნდმა გაგვახარა. ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დიდი ვერაფერი საჯილდაო ქვაა, მაგრამ დღეს ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, ასეთი პატარა სიხარულებიც დიდად გვეჩვენება ხოლმე...

თბილისის "დინამომ" შინ 2:1 მოუგო "გაბალას". "დინამომ" ითამაშა ნაღდი ფეხბურთი, განსაკუთრებით მაშინ, 10 კაცით რომ დარჩა. ამ ნაღდ ფეხბურთს თან შეცდომები და უზუსტობებიც ახლდა, მაგრამ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?!

იყო "დინამო" და იყო გიორგი პაპუნაშვილი, ვინც მთელი მატჩის სიმძიმე შეიგდო თავის მხრებზე. და იყო ალექსანდრე იაშვილიც. თითქოს წლებით დამძიმებული ჩვენი ჯილა, ვინც დიდებულად ითამაშა ნახევარი საათი და თამაშიც გარდატეხა. იაშვილის ყველა შეხება ბურთთან, მისი ყველა პასი, დარტყმა თუ დრიბლინგი ცხადყოფს - ის არის კაცი სხვა სამყაროდან, სხვა ფეხბურთიდან...

მე არ მინახავს მატჩისშემდგომი შეხლა-შემოხლა. ფაქტი ერთია: მას გამართლება არ აქვს. სულო ცოდვილო, ეს დაინტერესებული მხარის ინსპირირებული მგონია. საქართველოსა და აზერბაიჯანს გასაყოფი არაფერი აქვთ, ისტორიას კი ვეღარ შევცვლით და ვერც ჩვენი "საამაყო" ქართველების "ნაღვაწს" გამოვასწორებთ.

ბათუმის "დინამო" კვიპროსულ გრანდ "ომონიასთან" საშინაო მატჩში ბევრს განწირული ეგონა, მაგრამ გამოჩნდა, რომ შოთა ჭეიშვილის გუნდი იოლი საკბილო არავისთვის იქნება. მწვრთნელის ფაქტორი თავისთავად და, ზესტაფონში მეტოქეებს განსაკუთრებით უჭირთ ხოლმე. გახსოვთ, როგორ მოუგო იქ "გაგრამ" უდავო ფავორიტად შერაცხილ კიდევ ერთ კვიპროსულ გუნდს - "ანორთოსისს"?

"დინამო" შეკრული და აწყობილი გუნდია, "არაქართული" გუნდი. რატომ "არაქართული"? იმიტომ, რომ მწვრთნელი და ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად არიან.

აუცილებელი "მესიჯი" ჩვენი კლუბების მესვეურებს - ნუ აკეთებთ ექვსთვიან გუნდებს! ექვსწლიანი გააკეთეთ!

"ცხინვალმა" მთელ მსოფლიოს ერთხელაც ამცნო - ცხინვალი საქართველოა! კლუბის ისტორიაში პირველი ევროქულა და პირველი ევროგოლი რიგითი ამბავი ვერაფრით იქნება. კახა კაჭარავას ბიჭებმა მეორე ნომრად ითამაშეს (რაც მოულოდნელი არ ყოფილა) რუმინეთში და რამდენჯერმე აშკარა გოლსაც გადარჩნენ, მაგრამ ნადირივით დაგეშილ მეტოქეს კარში გიორგი ნადირაძე დაუხვდა და...

როგორ ვტიროდით ტრაბზონში...
წლების წინათ ტრაბზონში ვიყავი. დიდი ვერაფერი, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ქალაქი იყო - ბევრი გზასაცდენილი ქართველი ქალითა და საშოვარზე გადახვეწილი ჩვენებური კაცებით. არ ვიცი, ახლა როგორაა, მაშინ კი ასე იყო. წლები ბევრს ცვლის, მაგრამ ქართველი კაცების დიდი ნაწილი დღესაც დღიურ საშოვარზე ფიქრობს და არც ის მგონია, იმ ჩვენს ქალებს, ახლა უკვე ასაკშეპარულთ, არ გამოსჩენოდათ შემცვლელ-მემკვიდრეები...

ტრაბზონში ერთი არაჩვეულებრივი ადგილია - სტადიონი. არაფერია ამ ქალაქში უფრო ლამაზი და მიმზიდველი. ამ სტადიონზე თავისიანებს მაგრად ქომაგობენ. ამ სტადიონზე მაგრად თამაშობდნენ შოთა და აჩი.

იმ დღეს "ტრაბზონი" არ თამაშობდა. სტადიონის წინ ჩავიარე და შუახნის თურქს გამოველაპარაკე. ჩვენი ნაკრების მაისურა მეცვა. შოთას იცნობ? - მეკითხება. არადა, უკვე წლებია, შოთა აღარ თამაშობს "ტრაბზონში". ვპასუხობ, რომ ვიცნობ და არაერთხელ მისაუბრია მასთან.

მერე ვკადნიერდები და შოთას ჩემს უფროს მეგობრად ვაცნობ თურქს.

ხდება გაუგონარი რამ - ეს ჯმუხი თურქი ტირილს იწყებს. დიახ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ტირის და თან შინ მეპატიჟება. არ მივყვები. მეც ცრემლები მომდის. ჩემი ქართველობის, ერის, შოთისა და აჩის გამო ვარ ამაყი!..

გავიდა წლები და ბევრი რამ წაიღო. დღეს შოთა არველაძე "ტრაბზონსფორში" დაბრუნდა. ეჭვგარეშეა - სტადიონს ანშლაგი გარანტირებული აქვს. ტრაბზონში კერპი დაბრუნდა. ხალხს შოთა უყვარს. შოთამ ეს სიყვარული გოლებით გამოსჭედა.

"ტრაბზონსფორი", თურქული მასშტაბებით, სერიოზული გუნდია. შოთას ბევრს მოსთხოვენ. შოთამ უნდა გაუძლოს. იქიდან ევროპულ გრანდამდე ერთი ნაბიჯია. ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას!

ცხოვრების ბილიკი ვაკიდან... ვაკეში
თბილისური სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დაწყების თარიღი ცნობილია. ალბათ, საქართველო ასეთი დიდი ინტერესით თვით მეორედ მოსვლასაც კი არ დაელოდებოდა.

რა თქმა უნდა, სირცხვილია, რაც ბილეთებთან დაკავშირებით დაგვემართა, მაგრამ ბოლო დროს იმდენი სირცხვილი ვჭამეთ, ბილეთების თემის საერთო-ეროვნულ პრობლემად გამოცხადება ცოტა უხერხულად მიმაჩნია.

ბილეთები კი არა, ჯერ ის ვიტიროთ, ანდორასა და სან მარინოს გარდა, ნაკრებს რომ ვეღარ ვუსწრებთ ევროპაში. ნაკრების კაპიტანი რომ არ ვათამაშეთ პოლონეთთან და კიდევ ათასი ჯანდაბა თუ დოზანა.

ესენი კიდევ როგორღაც გაყიდიან ამ ბილეთებს. მესი კი, ჩამოვა თუ არა, ქართული ფეხბურთი მაინც ისევ იქ დარჩება, სადაც დღეს არის.

მერე დადგებიან ჩვენი ფეხბურთის მესვეურები, შემოიწყობენ დოინჯს და ზაალ ბარათაშვილის ხმით დაგვაყვედრიან: "ბილეთები ხომ გავყიდეთ, ამაზე მეტი რაღა გინდათ, ვეჟო?!"

ბევრი შეუყვება ვაკეში დაგებულ "ოცნების ბილიკს", ბევრი იყიდის ბილეთს, ბევრიც - ვერა. ამით ქართულ ფეხბურთს რა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველად მომეწონა კაკაურიძის რუბრიკა. ადრე ძალიან მიკერძოებული და არათანმიმდევრული იყო. წავიდა ქეცბაია და ააწყო წვინი ნორმაზე.
keko
15:17 08-07-2015
0
საღოლ ავტორ! კარგი იყო
კლიმენტი
14:57 08-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული