ფეხბურთი ჩვენი თამაშია! რატომ არ უნდა გვიკვირდეს აჟიოტაჟი სუპერთასის ბილეთებზე

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ბოლოდროინდელი წარუმატებლობიდან გამომდინარე, სულ უფრო ხშირად ისმის იმედგაცრუებული გულშემატკივრების ბრაზმორეული ფრაზები, რომ ფეხბურთი ჩვენი საქმე არ არის და რომ უმჯობესია, ის საერთოდ აიკრძალოს ჩვენში და ასე შემდეგ...

ბუნებრივია, სპორტის უპირველეს სახეობას ვერავინ და ვერაფერი აკრძალავს და ის, რომ ჩვენში ფეხბურთი მაინც განსაკუთრებულად უყვართ, უეფას სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ცხადია, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები, არაორგანიზებულობა და სკანდალები დადებითად ვერ აისახება ქართული ფეხბურთის იმიჯზე, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზე საუბარს დღეს არ ვაპირებთ - ერთი
ცხადია, საქართველოში უყვარდათ, უყვართ და ეყვარებათ ფეხბურთი...

არც პირველი და არც უკანასკნელი...
თუ ძველი თაობის გულშემატკივართა ისტორიები არ მოგისმენიათ, ქართული ფილმი "ბურთი და მოედანი" მაინც გექნებათ ნანახი, სადაც შესანიშნავად არის ნაჩვენები, თუ რა მოთხოვნა იყო მაშინ საფეხბურთო ბილეთებზე და რამხელა რიგებში უწევდათ დგომა ქომაგებს. დაახლოებით ისეთივე ვითარება იყო, როგორც ამ დღეებში უეფას სუპერთასის ბილეთებზე ხდებოდა.

მოკლედ, ასეთი აჟიოტაჟი არც პირველია ჩვენს დედაქალაქში და, იმედი დავიტოვოთ, არც - უკანასკნელი. აქვე უნდა ვისურვოთ მეტი ორგანიზებულობა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო ეფექტურად გამოყენება, რომლის საშუალებაც 60-იან წლებში ნამდვილად არ ჰქონდათ და დღეს კი, წესით, არ უნდა ყოფილიყო პრობლემა.

და მივადექით მთავარს - იცოდით, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში სწორედ თბილისის "დინამო" იყო ის გუნდი, რომლის თამაშებსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ესწრებოდა?

ოფიციალური სტატისტიკა 1970 წლიდან არის წარმოებული და ამ პერიოდში, სწორედ თბილისში დადიოდა სტადიონზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი.

ეჭვი გვაქვს, რომ ანალოგიური ვითარება იყო 1970 წლამდეც, ოღონდ, მაშინ ქვეყნის მთავარი გუნდი ხან "ლოკომოტივზე" თამაშობდა, უფრო ადრე კი ძველ "დინამოზე", რომელიც იმდენ მაყურებელს ვერ იტევდა, რამდენსაც - მოგვიანებით რეკონსტრუირებული არენა, რომელიც 1976 წლის სექტემბრიდან ჩადგა მწყობრში და 100-110 ათასი ქომაგისთვისაც უმასპინძლია...

მოდით, მივყვეთ და კიდევ ბევრ საინტერესოს გავიგებთ...

თბილისის დინამოს რეკორდები
1970 წლიდან 1991 წლის ჩათვლით, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი 22-ჯერ ჩატარდა. აქედან, 10-ჯერ ყველაზე დასწრებადი გუნდი თბილისის "დინამო" იყო. დიახ, 10-ჯერ და ეს რიცხვი ალბათ გაცილებით მეტი იქნებოდა, "დინამოს" სტადიონის რეკონსტრუქცია უფრო ადრე რომ ჩატარებულიყო.

მას შემდეგ, რაც მაშინდელ "ვ. ი. ლენინის სახელობის სტადიონს" მეორე იარუსი დააშენეს, გულშემატკივართა რაოდენობით "დინამომ" ლიდერობა იგდო ხელთ და პოზიცია წლების განმავლობაში არ დაუთმია.

მოდით, გავეცნოთ ამ მეტად საინტერესო სტატისტიკას:

სსრკ ჩემპიონატის ყველაზე დასწრებადი გუნდები წლების მიხედვით
1970: 1. სპარტაკი 35 875; 2. დინამო კ 35 850; 3. დინამო თბ 30 688
1971: 1. დინამო კ 60 667; 2. არარატი 47 533; 4. კარპატი 37 667
1972: 1. ზენიტი 39 900; 2. დინამო კ 39 533; 3. ზარია 33 933
1973: 1. არარატი 56 867; 2. დინამო კ 41 200; 3. შახტიორი 31 000
1974: 1. დინამო კ 42 267; 2. არარატი 37 513; 3. ზენიტი 36 533
1975: 1. დინამო კ 44 867; 2. შახტიორი 32 600; 3. სპარტაკი 27 269
1976: 1. დინამო თბ 30 867; 2. კარპატი 28 467; 3. დინამო მნ 28 438
1977: 1. დინამო თბ 68 200; 3. ზენიტი 27 667; 3. დინამო კ 26 633
1978: 1. დინამო თბ 56 867; 2. შახტიორი 27 133; 3. ჩერნომორეცი 23 000
1979: 1. დინამო თბ 55 882; 2. შახტიორი 38 471; 3. სპარტაკი 30 588
1980: 1. დინამო თბ 45 471; 2. ყუბანი 31 706; 3. შახტიორი 29 118
1981: 1. დინამო თბ 47 251; 2. დინამო კ 37 259; 3. ყუბანი 33 824
1982: 1. დინამო თბ 41 153; 2. მეტალისტი 31 847; 3. დინამო კ 27 365
1983: 1. შახტიორი 31 376; 2. დინამო მნ 27 024; 3. ზენიტი 26 712
1984: 1. დინამო თბ 57 242; 2. ზენიტი 27 288; 3. დნეპრი 26 382
1985: 1. დინამო თბ 54 429; 2. დინამო კ 35 918; 3. ტორპედო ქ 26 765
1986: 1. დინამო თბ 37 153; 2. არარატი 37 140; 3. დინამო კ 37 913
1987: 1. დინამო კ 58 118; 2. არარატი 43 127; 3. ნეფვჩი 36 860
1988: 1. დინამო კ 54 680; 2. დინამო თბ 34 780; 3. ზენიტი 32 167
1989: 1. დინამო კ 37 607; 2. სპარტაკი 33 620; როტორი 29 733
1990: 1. სპარტაკი 27 800; 2. დინამო კ 20 467; 3. როტორი 20 167
1991: 1. ალანია 25 767; 2. ფახთაქორი 17 247; 3. ლოკომოტივი მ 15 240

3 ყველაზე დასწრებადი გუნდი
1. დინამო თბ 10
2. დინამო კ 6
3. სპარტაკი 2

ბარსელონა, რეალი, დინამო...
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ისტორიაში, თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი რეკორდი ეკუთვნის. 1977 წლის პირველობაზე ჩვენი გუნდის საშინაო თამაშებს საშუალოდ 68 200 გულშემატკივარი ესწრებოდა, ასეთი მაჩვენებელი კი არასდროს, არც ერთ საბჭოთა გუნდს არ ჰქონია.

მეტიც, იმ წელს, გულშემატკივართა დასწრების მიხედვით, თბილისის "დინამომ" მესამე ადგილი დაიკავა ევროპის მასშტაბით და ჩამორჩა მხოლოდ ორ ესპანურ გრანდს: "ბარსელონას" და "რეალს".

მოკლედ, "კამპ ნოუს" და "სანტიაგო ბერნაბეუს" შემდეგ, თბილისის "დინამოს" არენაზე ყველაზე მეტი გულშემატკივარი გროვდებოდა.

აღმოსავლეთ ევროპის ყველა დროის რეკორდი
1977 წელი მართლაც ისტორიული გამოდგა, რადგან თბილისის "დინამომ", გულშემაკივართა დასწრების მხრივ, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, რომელიც დღემდე ხელშეუხებელია.

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდის თამაშებს საშუალოდ 68 200 ადამიანი ესწრებოდა, ასეთი რამ კი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არასდროს დაფიქსირებულა. დიახ, "ბებერი კონტინენტის" აღმოსავლეთ ნაწილის არც ერთ გუნდს, ერთ სეზონში, საშუალოდ ამდენი ქომაგი არ ჰყოლია და ეჭვი გვაქვს, ეს რეკორდი კიდევ დიდხანს იქნება ხელუხლებელი.

მოდით, უფრო დეტალურად გავიხსენოთ ეს სეზონი და გავეცნოთ "დინამოს" ყველა საშინაო შეხვედრას და გულშემატკივართა რაოდენობას თითოეულ პაექრობაზე...

მატჩი მაყურებელი
დინამო-კრ. სოვეტოვი 77 000
დინამო-ზენიტი 70 000
დინამო-ნეფთჩი 60 000
დინამო-შახტიორი 60 000
დინამო-ჩერნომორეცი 55 000
დინამო-დნეპრი 65 000
დინამო-ტორპედო მ 80 000
დინამო-ზარია 60 000
დინამო-ცსკა 68 000
დინამო-დინამო მ 70 000
დინამო-ქაირათი 68 000
დინამო-არარატი 80 000
დინამო-კარპატი 60 000
დინამო-დინამო კ 80 000
დინამო-ლოკომოტივი 70 000

საერთაშორისო მატჩები
დინამო-ინტერი 90 000
დინამო-კოპენჰაგენი 80 000
დინამო-გრასჰოპერსი 80 000

კიდევ ერთი რეკორდი
როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდის თამაშს დაესწრო ყველაზე მეტი გულშემატყკივარი საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიაში? - ლაპარაკია ერთ კონკრეტულ მატჩზე და რა გასაკვირია, რომ ამ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში თბილისის "დინამო" მონაწილეობდა და ის ერთი მატჩი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჩატარდა.

1979 წლის 3 ოქტომბერს, "დინამო"-"ლივერპულის" შეხვედრას 110 000 გულშემატკივარი დაესწრო. ქომაგთა დასწრების მიხედვით, ეს არის საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ისტორიის აბსოლუტური რეკორდი.

ცნობისთვის, დაახლოებით ამდენივე ადამიანი დაესწრო 1995 წლის 29 მარტს გამართულ შეხვედრას, რომელშიც საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

არაოფიციალური მონაცემებით, მატჩს ტრიბუნებიდან 110 000-მა ქომაგმა მიადევნა თვალი (გაიხსენეთ, რამდენიმე ათასი გულშემატკივარი სარბენ ბილიკებზეც იდგა), რაც პოსტსაბჭოთა მასშტაბით, თბილისის "დინამოს" რეკორდის გამეორებაა და, ამასთან, სანაკრებო დონეზე აბსოლუტური რეკორდია.

განუმეორებელი ლანჩხუთი
თბილისის "დინამოს" გარდა, საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ქუთაისის "ტორპედომ" და ლანჩხუთის "გურიამაც" ითამაშეს.

საგულისხმოა, რომ ქუთაისის სტადიონი, გულშემატკივართა დასწრების მხრივ, სამჯერ მოხვდა საუკეთესო ექვსეულში - 1982 წელს "ტორპედოს" საშინაო თამაშებს საშუალოდ 20 000 ადამიანი ესწრებოდა და ეს მე-6 შედეგი იყო.

იგივე ადგილი დაიკავა ქუთაისურმა გუნდმა 1986 წელს, როცა სტადიონზე საშუალოდ 21 000 ქომაგი დადიოდა.

1985 წელი ამ თვალსაზრისით ქართული გუნდების ტრიუმფით აღინიშნა - ყველაზე მეტი გულშემატკივარი თბილისის "დინამოს" საშინაო თამაშებს ესწრებოდა, ხოლო მესამე ადგილი ქუითაისის "ტორპედომ" დაიკავა საშუალოდ 26 765 ქომაგით.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლანჩხუთის "გურია", რომელმაც 1987 წელს ითამაშა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში. ლანჩხუთში დაახლოებით 8 000 ადამიანი ცხოვრობს, "გურიას" თამაშებს კი 20 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.

თავად განსაჯეთ, უმაღლესი ლიგის სხვა არც ერთ ქალაქში არ დაფიქსირებულა შედეგი, რომლის მიხედვითაც, გულშემატკივართა ოდენობა მოსახლეობაზე მეტი ყოფილიყოს, ლანჩხუთში კი ქომაგთა რაოდენობამ იქაური მაცხოვრებლებისას ორჯერ გადააჭარბა.

P.S. ქართველ გულშემატკივარს სულ პატარა საბაბი სჭირდება სტადიონის გასავსებად და იმედი დავიტოვოთ, მალე დაბრუნდება ის საფეხბურთო ატმოსფერო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წლების წინათ იყო - რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გარეშე.

საქართველოში ფეხბურთი უყვარდათ, უყვართ და ეყვარებათ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩემი უპატრონო ტორპედო ჩემი სიამაყეა!!!
quTaiseli
00:41 20-07-2015
0
ამ სუპერ თამაშზე არვითარი სურვილი არ მაქვს,ეს არის,უბრალო ესპანური ფეხბურთის რიგითი თამაში,არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის,ხოლო ვინემს აინტერესებს ახლოდან ნახოს მესი და სხვა?არ მგონია ნახოს,ახლა მეორე აქ ყველაფერი დეტალებში ჩამოაყალიბა კარგმა კაცმა,მოგვძულდა ეს ძველი,მე ვფიქრობ,დინამოს გადაერქვას სახელი,რადგან ძააან სამარცხვინო ე.წ.თაობაა,მე მრცხვენია მათ მაგივრად...დინამოს უტეხავენ სახელს,მაპატიეტ,ემოციებისთვის
otari
20:59 19-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული