09:51 15-07-2015
პარტიზანი-დილა 1:0 - მაგრამ ეს არ იყო ღირსეული მარცხი [VIDEO]
AutoSharing Option
გორელებმა ნაყოფიერი შეკრება გაიარეს ჯერ თურქეთში და მერე ბელგრადში. გუნდი 8 ახალი ფეხბურთელით შეეგება ამ უმნიშვნელოვანეს მატჩს, თან ახალწვეულთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ყოფილი თუ მოქმედი წევრია.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილმა თქვა, რომ "დილასთვის" ბელგრადში არწაგება კარგი შედეგი იქნებოდა. ამიტომ არ იყო გასაკვირი, რომ გორელთა თავკაცმა შედარებით ფრთხილი განლაგება აირჩია. ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ოთარ მარცვალაძე დააყენა და თადარიგში დატოვა ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე.
რაც შეეხება "პარტიზანს", სერბული გრანდის ძირითადში ორი ახალწვეული-ლეგიონერი, კამერუნელი უმარუ და ბულგარელი ვალერი ბოჟინოვი ვიხილეთ, ხოლო ბრაზილიელმა გამთამაშებელმა ფაბრიციომ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
...როგორც მოსალოდნელი იყო, სერბებმა აქცენტი სწრაფ გოლზე გააკეთეს. უკვე მე-5 წუთზე, უმარუს გადაცემის შემდეგ, ბრასანაჩმა დაარტყა თავით. გადავრჩით.
მოწინააღმდეგის ნახევარზე "დილა" იშვიათად ჩანდა. მე-9 წუთზე, მასპინძელ მცველთა შეცდომის შემდეგ, ოთარ მარცვალაძემ წამოიწყო სწრაფი შეტევა და თითქოს საგოლე მომენტიც უნდა შექმნილიყო, თუმცა სერბმა მცველმა მას იოლად აართვა ბურთი.
ამას ისევ "პარტიზანის" იერიშები მოჰყვა. გორელთა ჩანაფიქრი ნათელი ხდება - მარცვალაძე მეტოქის ნახევარზე პარტნიორთა გრძელ გადაცემებს უნდა ჩაუსაფრდეს და ხიფათი შექმნას. ოთარი ცდილობს, თუმცა ხშირად რამდენიმე მცველის ალყაშია...
"პარტიზანმა" სწრაფი გოლი ვერ გაიტანა და ოდნავ მოეშვა. აქვე, ისევ მარცვალაძეს ეძლევა კარგი შანსი, თითქმის დასარტყმელ პოზიციაზეა, მაგრამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებს და მცველი ბურთს კუთხურზე იგერიებს. "დილას" ერთადერთი ფორვარდი აშკარად ყველაზე აქტიურია გორელთა შემადგენლობაში...
შემდეგ სერბები ისევ გამოცოცხლდნენ და რამდენიმე სახიფათო იერიში მიიტანეს ოლეკსეი შევჩენკოს კარზე. უკრაინელი გოლკიპერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მშვენივრად გაუმკლავდა ნინკოვიჩისა და სერბთა შემადგენლობაში ყველაზე აქტიური (ბრასანაჩთან ერთად) პეტროვიჩის დარტყმებს.
ისევ "პარტიზანის" იერიშების ახალი ტალღა. ჯერ ბრასანაჩი ურტყამს ძალიან სახიფათოდ და ბურთი მცირე მანძილით სცდება შევჩენკოს კარს, მერე კი უმარუ გადის სწრაფად მაღალ ბურთზე, ასწრებს მცველს, თუმცა არაზუსტად ურტყამს.
და მაინც, რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ "დილამ" ოდნავ მოუმატა, გატანა შეიძლება. მასპინძლებს სათამაშო კლასი აშკარად აკლიათ და ძირითადად, საშინაო კედლების ფაქტორით "გვაწვებიან". აშკარად ჩანს - როცა "პარტიზანი" დიდი ძალებით უტევს, ზონები თავისუფლდება...
42-ე წუთზე დავით ხურცილავა მარჯვენა ფლანგიდან შედის მეტოქის საჯარიმოში. ძალიან ხელსაყრელი სიტუაციაა, მაგრამ გორელთა მცველი ჩაწოდებას აგვიანებს, "პარტიზანის" ერთ-ერთი უკანახაზელი კი რისკის ფასად, ვარდნაში არიდებს საფრთხეს საკუთარ კარს. რთული სათქმელია, იყო თუ არა კონტაქტი.
პირველ ტაიმში სერბთა იერიშები, ძირითადად, "დილას" მარჯვენა ფლანგზე მოდიოდა, სადაც ხურცილავა იდგა.
გორელები ყველა ბურთისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ისინი გერმანელ არბიტრსაც შემოსწყრნენ - სერბმა მცველმა კონტრშეტევაზე დაგეშილი მარცვალაძე დაიჭირა, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა...
"პარტიზანმა" მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა უმარუ, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. 54-ე წუთზე კი აშკარად გადავრჩით. ნინკოვიჩის მიერ ძალიან შორიდან დარტყმული ბურთი შევჩენკომ ვერ დაიჭირა და ხიფათი დავით კვირკველიამ განმუხტა.
"პარტიზანი" ჩვენს მარჯვენა ფლანგს არ დაეხსნა. ბრასანაჩმა ხურცილავა მოატყუა და ჩააწოდა - ცენტრალურმა მცველებმა იმარჯვეს. 61-ე წუთზე იგივე ბრასანაჩი (უდავოდ, მატჩის პრიმა) მცველის მოგერიებულ ბურთს მახვილი კუთხიდან ურტყამს და "დილას" ხარიხა ეხმარება.
63-ე წუთი: ნინკოვიჩის ჩაწოდება და ისევ ყველგანმყოფი ბრასანაჩის თავური. შევჩენკო ურთულეს ბურთს იგერიებს. კიდევ ერთხელ გადავრჩით. რაც დრო გადის, სერბთა შეტევები სულ უფრო ძლიერდება.
70-ე წუთზე "დილამაც" გამოიდო თავი - სამსვლიანი ეფექტური კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გადის მარცვალაძე, თუმცა... გამოცდილი შემტევი რატომღაც დარტყმას აგვიანებს. იქვე ბრასანაჩი შევჩენკოსთან პირისპირ გადის, მაგრამ კუთხე მახვილია და უკრაინელი კიპერი გუნდის გადარჩენას ახერხებს.
მალევე, სერბთა დამრიგებელს მინდორზე საშა ილიჩი შეჰყავს - გუნდის ვეტერანი კაპიტანი და ლიდერი. ეს ზორან მილინკოვიჩის ერთ-ერთი ბოლო კოზირია...
83-ე წუთზე გერმანელი მსაჯი მეორე ყვითელი ბარათის გამო მინდვრიდან აძევებს გუგა ფალავანდიშვილს და ინიშნება უაღრესად სახიფათო ჯარიმა დაახლოებით 18 მეტრიდან. ბაბოვიჩი ზუსტად ურტყამს და ხსნის კიდეც ანგარიშს. შევჩენკო უძლური აღმოჩნდა.
დარჩენილ დროში "პარტიზანი" გამუდმებით უტევს. მატჩის მიწურულს სერბები ჩვენს საჯარიმოში, კარიდან დაახლოებით 5-6 მეტრში, ოდნავ მახვილი კუთხიდან, თავისუფალი დარტყმის უფლებას იღებენ - მეკარე შევჩენკომ ბურთი ხელში აიღო, მერე დააგდო, ფეხით გაითამაშა და კვლავ ხელში აიღო, რაც წესის დარღვევაა...
თუმცა შევჩენკო შეცდომას თავადვე ასწორებს, თორემ 0:2 "დილას", ფაქტობრივად, უშანსოდ დატოვებდა.
ასე კი, ყველაფერი გორში გაირკვევა. შანსი არის. დიდი ალბათობით, "პარტიზანი" აქ ისეთი ვერ იქნება, როგორიც საკუთარ კედლებში იყო. არადა, გუშინ არწაგებაც შეიძლებოდა...
მატჩის შემდეგ:
უჩა სოსიაშვილი: გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ!
უეფას ჩემიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
14.07. ბელგრადი. "პარტიზან სთედიუმი". 15 000 მაყურებელი
პარტიზანი-დილა 1:0
გოლი: 1:0 ბაბოვიჩი (84)
პარტიზანი (4-1-4-1): ზ. ჟივკოვიჩი - ვულიჩევიჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, ჟევტოვიჩი - პეტროვიჩი - უმარუ (60. ა. ჟივკოვიჩი), ბრასანაჩი, ბაბოვიჩი, ნინკოვიჩი (72. ილიჩი) - ბოჟინოვი (77. საპონიჩი).
სათადარიგოები: კლიაიჩი, ბოგოსავაცი, ლუკიჩი, ოსტოიჩი.
მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი
დილა (4-5-1): შევჩენკო - ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია - ფალავანდიშვილი, რაზმაძე, გვალია, ილურიძე (90. ღონღაძე), ნავალოვსკი - მარცვალაძე (82. ძარია).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, მოდებაძე, კვირკვია, ერისთავი, ბაგაევი.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: პაპავა (5), მარცვალაძე (56), ფალავანდიშვილი (65), კვირკველია (90)
გაძევება: ფალავანდიშვილი (83)
არბიტრი: ბ. დანკერტი (გერმანია)
სტატისტიკა
21 კარში დარტყმა 1
9 ზუსტი დარტყმა 0
14 კუთხური 1
2 თამაშგარე 3
6 ჯარიმა 18
66% ბურთის ფლობა 34%
სხვა მატჩები
ვენტსპილსი (ლატვია)-ჰიკ (ფინეთი) 1:3
აპოელ (კვიპროსი)-ვარდარი (მაკედონია) 0:0
მიდტიულანდი (დანია)-ლინკოლნი (გიბრალტარი) 1:0
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)-მილსამი (მოლდოვა) 0:1
ჰიბერნიანსი (მალტა)-მაკაბი (თ-ა, ისრაელი) 2:1
მიოლდე (ნორვეგია)-პიუნიკი (სომხეთი) 5:0
შკენდერბეუ (ალბანეთი)-კრუზეიდერსი (ჩრდ. ირლანდია) 4:1
ნიუ სეინთსი (უელსი)-ვიდეოტონი (უნგრეთი) 0:1
მარიბორი (სლოვენია)-ასტანა (ყაზახეთი) 1:0
ტრენჩინი (სლოვაკეთი)-სტიაუა (რუმინეთი) 0:2
სარაევო (ბოსნია)-ლეხი (პოლონეთი) 0:2
დღეს
ყარაბაღი (აზერბაიჯანი)-რუდარი (ჩერნოგორია)
ბატე (ბელარუსი)-დანდალკი (ირლანდია)
მალმიო (შვედეთი)-ჟალგირისი (ლიტვა)
სელტიკი (შოტლანდია)-სტიარნანი (ისლანდია)
დინამო (ხორვატია)-ფოლა (ლუქსემბურგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძმაკაცობა ნათესაობა რესტორანშოი , მოედანზე-ძლიერი პროPესიონალები
0
0
მომენტები ვნახე , ეპიზოდებზე კომენტარს არ გავაკეტებ, ტუმცა იყო ბევრი შეცდომა. ზოგადად ასეთ ორთაბრძოლებში 1-0 არასავხარბიელოა. ასეთ დაძაბული ტამაშის პონზე შემდეგ ეტაპზე გასვლა საეწჭვო ამბავია თუნცა რათქმაუნდა ვუგულსჰემატკივრებ დილას, რაც შეეხება ზოგადად პეხბურტს ცჰვენტან ,ის ცოტახანში აგარ იქნება. ამიტო საჭიროა გეგმაზომიერი მუშაობა, კლუბებისტვის ინვესტორების მოზიება, ასევე ბავშვტა პეხბურთში. ვპიქრობ პედერაციიდან სიჭინავა არველაზეები უნდა წავიდნენ რადგან ვპიქრობ ნაკლებად არიან დაინტერესებული პეხბურთის განვითარებით. ისინი უPრო გრანტების ატვისებაზე არიან. კობიაშვილი და ყაველაშვილი უპრო სწორად მიუდგებიან საქმეს.ზოგადად ცჰვენში უნა დამთავრდეს ნეპოტიზმი. მე მაგალთად ასე მოვიქცეოდი ტორემ ძმაკაცურ ნათესაურით საქმე არ გამოდის Pეხბურთში. ძმაკაცი - რერესტორანში მოედანზე პროPესიონალები
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული