"ეროვნულზე" საფარი იცვლება

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას 5 თებერვალს დაიწყებს და ერთა თასის გათამაშების პირველ მატჩში თბილისში უკრაინას უმასპინძლებს. ამ ფაქტში საინტერესო ისიცაა, რომ "ბორჯღალოსნები" მეტოქეს არა ეროვნულ, არამედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. დიდი ხანია, მორაგბეებს ეროვნულის გარდა სხვა არენაზე არ უთამაშიათ და, როგორც გაირკვა, ამის მიზეზად ეროვნული სტადიონზე საფარის შეცვლა დასახელდა.

თუმცა ვითარება სხვაგვარადაა, რაზეც ეროვნული სტადიონის დირექტორი სანდრო შახოვი გველაპარაკა:

- საფარს ახლა არ ვცვლით, სხვაგვარად არის საქმე. 26 მარტს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხორვატიას
უმასპინძლებს. კარგად გეცოდინებათ, საფარი რა მდგომარეობაში იყო. ასეთ მინდორზე სუსხსა და უამინდობაში თამაშის გამართვა გარკვეულ რისკს უკავშირდება. ჩვენთან თოვლი სულ რომ არ მოვიდეს, თებერვალში მაინც მოდის და ვცდილობთ, რისკი ავირიდოთ. თოვლი რომ წამოვიდეს, მისგან გაწმენდა მოედანს ყველაზე მეტად აფუჭებს. თუმცა თოვლისგან დამცავი საფარი 10 თებერვლისთვის გვექნება და დასაზღვევად შემდგომში მაინც გამოვიყენებთ.

ამიტომ გადავწყვიტეთ, სტადიონის დატვირთვა ხორვატიასთან მატჩამდე მაქსიმალურად შევამციროთ, საფარი დავასვენოთ და საჭირო სამუშაოები ჩავატაროთ. ამის გამო 5 და 12 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "ლოკომოტივზე" ითამაშებს.

- ანუ საფარის შეცვლაზე ლაპარაკი ნაადრევია.
- საფარს ჯერ მხოლოდ საჯარიმოს სეგმენტში შევცვლით, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

- მთლიანად როდის შეცვლით?
- ახლა განიხილება სტადიონის დაფინანსების საკითხი და თუ წარდგენილი ვარიანტი დამტკიცდება, საფარს მთლიანად აუცილებლად შევცვლით, ოღონდ ივნისში. მანამდე კი არსებულის გაუმჯობესებას შევეცდებით. სხვათა შორის, ახლა საფარის გამოცვლა მიზანშეწონილი არც არის, უპირველესად, რისკ-ფაქტორების სიმრავლის გამო. შეიძლება დააგო, მაგრამ სუსხი გააფუჭებს და შრომა და ფული წყალში ჩაიყრება. ჩვენ კი იმის ფუფუნება არ გვაქვს, მინდორი წელიწადში ორჯერ შევცვალოთ.

- დაფინანსების საკითხი როდის გადაწყდება?
- უახლოეს დღეებში.

- როგორც შევიტყვეთ, სტადიონის კერძო პირისთვის გადაცემაზე ლაპარაკი შეწყდა და კვლავ მერია უპატრონებს.
- დიახ, სტადიონი მერიის საკუთრებაა და მენეჯმენტსაც მერია უზრუნველყოფს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული