მიშელ პლატინი: მადლობა, რომ მასპინძლობთ ამ ორ გუნდს

AutoSharing Option
მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში, - ამის შესახებ საქართველოში სტუმრად მყოფმა უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ 10 აგვისტოს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან მატჩის მონაწილე გუნდების მასპინძლობისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

"ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის და ქართველი ხალხისთვის ლამაზი მომენტია. მე ვიცი, თუ რამდენი გააკეთა მთავრობამ და ფედერაციამ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს. იქნება ლამაზი თამაში. მადლობა, რომ მასპინძლობთ ამ ორ გუნდს. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი თბილისში", - აღნიშნა მიშელ
პლატინიმ.

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი საქართველოში 10 აგვისტოს ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დახვდნენ.

მიშელ პლატინი დღეს სუპერთასის მატჩის მონაწილე გუნდებს დააჯილდოებს. მიშელ პლატინისთან ერთად საქართველოს ეწვია კიევის "დინამოს" პრეზიდენტი, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გრიგორი სურკისი.

"ბარსელონა" და "სევილია" ერთმანეთს დღეს, თბილისში დაუპირისპირდებიან. მატჩი "დინამო არენაზე" თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება. მატჩის მონაწილე გუნდები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული