სამწუხაროდ, საქართველოს ყველა ქალაქში თანამედროვე საფეხბურთო სტადიონების აშენება ჯერ მხოლოდ ოცნებაა. წლებია ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ოცნება რეალობად ვერა და ვერ იქცა.
ახლა ლაპარაკია სამი სტადიონის აშენებაზე. ორი - საზოგადოებისთვის ნაცნობია, მესამე პროექტზე კი "ლელოსგან" შეიტყობთ.
ეღირსება ბათუმს სტადიონი და ბაზა?
აჭარის ხელისუფლება გვაიმედებს, რომ ბათუმში მშენებლობა, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ განაცხადა.ბათუმის სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ისე გაიწელა, უკვე გულშემატკივარს აღარ სჯერა, აჭარის მთავარ ქალაქს საკუთარი საფეხბურთო არენა თუ ეღირსება. 2006
ჩამოყალიბდა გულშემატკივართა დაჯგუფება - "მოვითხოვთ, ბათუმში სასწრაფოდ აშენდეს სტადიონი".
როგორც იქნა, გაზაფხულზე ტენდერი ჩატარდა და მასში ესპანურმა კომპანია "იბერპროექსმა" გაიმარჯვა, მაგრამ ტენდერის შედეგები გააუქმეს და ხელახლა უნდა გაიმართოს.
როგორც ჩანს, აქ დიდი ინტერესების შეჯახებასთან გვაქვს საქმე, რადგან ეს საქართველოს კვალობაზე საკმაოდ დიდ ფულს ეხება. ადრე ცნობილი იყო, რომ სტადიონის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 40 მილიონამდე ლარს გამოყოფდნენ. ცხადია, მისი მშენებლობა და, შესაბამისად, მოგების ხელში ჩაგდება ყველა კომპანიას სურს.
მიუხედავად ამისა, იმედი კიდევ ერთხელ გაჩნდა. ხაბაძის თქმით, პროექტს მთავრობა უახლოეს პერიოდში შეიძენს, მშენებლობა კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შეიქმნა შპს "სტადიონი", რომელიც ამ პროექტს უფრო სწრაფად და ეფექტურად განახორციელებს. შპს "სტადიონის" დაფინანსებისთვის მთავრობა 17 მილიონი ლარის დამტკიცებას ითხოვს. სავარაუდოდ, ეს მშენებლობის დაწყებისთვის აუცილებელი თანხა უნდა იყოს, თორემ დაფინანსების შეკვეცაზე არაფერი თქმულა - 40 მილიონი კი ჯამში მშენებლობის წლებში გაიცემა.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ანგისას სპორტული ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი ტენდერი გამარტივებული წესით გაიმართა. 2015 წელს, ბაზის მშენებლობისთვის, ორი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა და სხვადასხვა მიზეზით ორივე ჩაიშალა. სამწუხაროდ, მესამესაც იგივე ბედი ეწია.
რა ფორმით მოხდება ბაზის მშენებლობა, ბათუმის მერიაში ამის შესახებ საგანგებო შეკრებასა და საკითხის გადაწყვეტის იურიდიულ ფორმებზე იმსჯელებენ.
ამგვარად, "დინამოს" ბაზისა და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა კვლავ სამომავლოდ გადაიდო. რა ხდება, ამის ახსნა უკვე შეუძლებელია.
ზუგდიდში იწყებენ?
დიდი ხანია, დაანონსდა, რომ ზუგდიდში ახალი სტადიონი აშენდებოდა. ამის გამო ქალაქის ცენტრში მდებარე არენა დაანგრიეს. არენა დადიანების სასახლის ტერიტორიაზე მდებარეობდა, რომლის განახლება და გაფართოება დაიგეგმა, სტადიონისთვის კი სხვა ტერიტორიის მოძებნა დაიწყეს.ფოტოზე: ზუგდიდის სტადიონის პროექტი
ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, ახალი სტადიონის წამოჭიმვა "ენგურქაღალდკომბინატში" მის ხელმძრვანელს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას სურდა და ამ საქმეს საფუძველიც ჩაუყარა. მაგრამ არეულობამ და გაჭირვებამ ეს პროექტი თაროზე შემოდო. მას ბოლო დროს დაუბრუნდნენ და, როგორც ცნობილია, იქ უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის აშენებას გეგმავენ.
პროექტზე გასულ წელს დაწყებული მუშაობა ახლახან დასრულდა და მისი მონახაზი ზუგდიდის მერიაში განიხილეს. ჩანაფიქრის მიხედვით, "ენგურქაღალდკომბინატში", ძველი სტადიონის ტერიტორიაზე, მთავარ არენასთან ერთად, ორი სათადარიგო მოედანიც მოეწყობა და საერთაშორისო დონის მატჩების ჩატარებისთვისაც მზად იქნება.
პროექტი "თბილპროექტმა" შეადგინა და, როგორც ამბობენ, ყველა ის ტექნიკური მახასიათებელი გაითვალისწინა, რასაც ფიფა და უეფა ლიცენზირებისა და მესამე კატეგორიის მისანიჭებლად ითხოვენ.
სავარაუდოდ, მშენებლობა წლეულს დაიწყება, პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი კი 2017 წლის 30 სექტემბერია.
ჭიათურაში რეკონსტრუქცია სურთ
მესამე სტადიონის ამბავი კი საზოგადოებისთვის უცნობია. უკვე ერთი თვეა, რაც ჭიათურაში სტადიონის რეკონსტრუქცია გადაწყდა. თავის დროზე, თემურ მაღრაძის სახელობის არენა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სპორტული ნაგებობა იყო, ხოლო მისი ბალახის საფარი, ხარისხით - ცნობილი. 20-ათასიანი ქალაქის სტადიონი 11 700 მაყურებელს იტევდა... ფოტოზე: ჭიათურის სტადიონი დღეს...
"ჭიათურამ" 1991 წელს ჩემპიონატში ასპარეზობა შეწყვიტა. მიზეზი მიწისძვრა გახლდათ, რომლის შემდეგაც მთელი ყურადღება, ცხადია, ქალაქის ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე გადაიტანეს, გუნდს და სტადიონს კი ყურადღებაც მოაკლდა, ფინანსებიც და ახლა ძველი არენის აჩრდილიღა დარჩა. ერთ მხარეს ტრიბუნები მოშლილია, მაყურებელი მხოლოდ დასავლეთზე ჯდება, მაგრამ კარგ მდგომარეობაშიც არც ისაა.
შევიტყვეთ, რომ ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით, ჭიათურაში სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც რაიონის გამოცოცხლებასაც ისახავს მიზნად.
საქმე ისაა, რომ ზაფხულში გუნდები მთიან რეგიონში მომზადებას ცდილობენ. სანამ ინფრასტრუქტურა არაა, ცხადია, ჭიათურაში ამ მიზნით არავინ ჩავა. მაგრამ "თემურ მაღრაძეს" თუ მოაწესრიგებენ, გაჩნდება იმედი, რომ გუნდები ჭიათურას შეკრების მოსაწყობად ჩააკითხავენ და ამით რაიონს მეტი შემოსავალი გაუჩნდება. სტადიონი ხომ ულამაზეს ბუნებაში, ტყის პირასაა გაშენებული და იქ მომზადება მართლაც სასურველია.
ახლა ლაპარაკია ტევადობის 8 ათასამდე შემცირებაზე, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებასა და უეფას სტანდარტების შესაბამისი კოხტა სტადიონის წამოჭიმვაზე.
იმედია, ეს პროექტი მაინც განხორციელდება, რაც რაიონსაც წაადგება და ქართულ ფეხბურთსაც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"