ის უდავოდ საინტერესო ფიგურაა ჩვენს საფეხბურთო სამყაროში და არჩევნებში მისი შესაძლო მონაწილეობა ამ პროცესს კიდევ უფრო დამაინტრიგებელს გახდის.
მერაბ ჟორდანია "ლელოს" რედაქციას ეწვია...
- ბატონო მერაბ, უკვე ჩამოყალიბდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით?
- ჯერჯერობით, ფედერაციების სუბიექტებთან და უეფას მენეჯმენტთან კონსულტაციის პროცესში ვარ. არჩევნებში ჩემ შესაძლო მონაწილეობაზე უკვე ვაცნობე უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის, ვიცე-პრეზიდენტ გრიგორი სურკისსა და საქართველოს ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს.
- ხომ არ გაკრთობთ ის ფაქტი, რომ ჩვენი ფეხბურთის ვეტერანები მხარს
- ვიყოთ გულახდილები: ვეტერანთა ნაწილი! ეს ვეტერანები მხოლოდ თბილისში არ ცხოვრობენ. და მაინც, ამ მხრივ მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.
ამასთან, მჯერა, რომ ისინი მწვანე შუქს აუნთებენ სხვა კანდიდატებსაც - მიხეილ ყაველაშვილს, ლევან კობიაშვილს, ვლადიმერ გუცაევს, მამუკა კვარაცხელიას და შესაძლებელია - მეც. ჩვენ ყველა ხომ ერთი საფეხბურთო ოჯახიდან ვართ.
მხარდაჭერას მიიღებს ქართული ფეხბურთის განვითარების შედარებით რეალური, პროფესიული პროგრამა.
- თქვენი დაკვირვებით, როგორი მდგომარეობაა დღეს ქართულ ფეხბურთში?
- ყოველ შემთხვევაში, მე ვერასოდეს გავიზიარებ დღესაც გაბატონებულ აზრს, რომ ფეხბურთი დაიბადა ინგლისში, დავაჟკაცდა ბრაზილიაში და გარდაიცვალა საქართველოში.
მაგრამ ის, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში დღეს 154-ეა; მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრისას მე-6 კალათაში ვიყავით; საფეხბურთო კლუბები წლეულს პირველი რაუნდიდანვე გამოეთიშნენ ევროტურნირებს; ეროვნულ გუნდს ორჯერ - 2008/09 წლების სეზონში და 2013 წლის კალენდარულ წელს არ მოუგია არც ერთი ოფიციალური მატჩი; 2005 წლიდან მოყოლებული, 26 გასვლითი ოფიციალური მატჩიდან მოპოვებულია მხოლოდ ორი გამარჯვება, თან საფეხბურთო თვალთახედვით, ისეთი ეგზოტიკური ქვეყნების ნაკრებებთან, როგორებიცაა ფარერის კუნძულები და გიბრალტარი; ნაკრებს დამარცხება ჩაეთვალა ოფიციალურ მატჩში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაშის გამო; ეროვნულ ნაკრებს განაცხადში არ შეჰყავს ფეხბურთელები, გუნდის კაპიტნის ჩათვლით, რომელთაც ჰქონდათ თამაშის უფლება; გარიგებულ მატჩებში ეჭვმიტანილთა სიაში სისტემატურად ხვდებიან ფეხბურთელები, მსაჯები და თვით გუნდებიც კი; ქვეყნის ჩემპიონი ვლინდება არა საფეხბურთო მინდორზე, არამედ აღმასკომის სხდომაზე; რაოდენობით ჰიპერტროფირებული და უმრავლესობით, გარდა ცალკეული გამონაკლისისა, ფედერაციის არაკვალიფიცირებული სტაფი, შეუძლებელია არ იწვევდეს საფუძვლიან წუხილს.
ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ ქართული ფეხბურთი სერიოზულ კრიზისშია. არა განცალკევებით, არამედ კლუბების, ასოციაციების, სეოკ-ის, სამინისტროს ჯანსაღი ძალების მხოლოდ კონსოლიდაციითაა შესაძლებელი ამ კრიზისის დაძლევა.
- სავალალო სურათი დახატეთ. რამ მიგვიყვანა ამ ვითარებამდე?
- ციდან ვარსკვლავებს ფედერაციაში ჩემი პრეზიდენტობის პერიოდშიც არ ვწყვეტდით, მაგრამ ჩვენს მიღწევებზე საფეხბურთო სამყაროს იმედი და მოლოდინი გაცილებით მაღალი იყო. ამასთან, 2002 წელს ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა უკეთესი შედეგები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში - მესამე ადგილი.
ოფიციალურ მატჩებში ყველაზე მეტი გამარჯვება - 3-3 გვქონდა 1998 და 2002 წლებში; თბილისის "დინამომ" მოიგო "თანამეგობრობის თასი" და ითამაშა ჯგუფურ ტურნირში უეფას თასზე. ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე ორჯერ ითამაშა ჭაბუკთა ნაკრებმა; ავაშენეთ "ქართული ფეხბურთის სახლი" და ტექნიკური ცენტრი ეროვნული და ნაკრები გუნდებისთვის; მათთვის შევიძინეთ ავტოტრანსპორტი; განვახორციელეთ "მსაჯების აკადემიის", აგრეთვე, მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების პროექტები; დავფარეთ ყველა ფინანსური დავალიანება.
მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მომდევნო წლებში არაფერი გაკეთებულა, თუმცა ყველაფერი ეს იმ ნაკლოვანებებმა გადაფარა, რომელზეც ზემოთ ითქვა.
- მაგრამ ხომ არის ობიექტური მიზეზებიც, რამაც ქართული ფეხბურთი ამ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა?
- ყირგიზეთისა და მისი ხალხის ღრმა პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა: მიზეზები, როგორიც გინდა იყოს, ქართულ ფეხბურთს უფლება არ აქვს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ბოლოსწინა ადგილს იკავებდეს ყირგიზეთის შემდეგ.
ობიექტური მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი - აფხაზეთი და სამაჩაბლო - დროებით ოკუპირებულია, სადაც იზრდებოდნენ გამოჩენილი საფეხბურთო კადრები. ასეთივე მიზეზად უნდა ჩაითვალოს ყოფილი ხელისუფლების უცერემონიო ჩარევა საფეხბურთო საქმეებში.
ფედერაციის პრეზიდენტად ინიშნებოდნენ, დიახ, სწორედ რომ ინიშნებოდნენ, ფეხბურთისგან შორს მდგარი ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საფეხბურთო ცოდნით ვერ მოირგეს ლიდერის როლი. აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარების იდეა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა, გაუაზრებელი იყო. ფინანსური კრიზისის წინაშე მდგარ კლუბებს საიდან უნდა დაეფარათ, თუნდაც, მგზავრობის ხარჯები?
ამასთან, ხსენებული ქვეყნებიდან წამოვიდა ცინიკური კომენტარები ქართული ფეხბურთის დონესთან დაკავშირებით, რაც სულაც არ იყო გასაკვირი და უსაფუძვლო. დღეს ამ ქვეყნების გუნდები თამაშობენ ევროტურნირების პლეი-ოფში და - წარმატებითაც. აგერ, ყაზახეთის კლუბი უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, იგივე შეძლეს აზერბაიჯანელებმაც ევროპალიგაში. ჩვენი გუნდები კი, როგორც უკვე ვთქვი, პირველივე რაუნდიდან გამოვარდნენ.
- პრეზიდენტთან ერთად, ფედერაციას მართავს მისი აღმასკომი. როგორია მათი წილი პასუხისმგებლობა თქვენ მიერ ხსენებულ ნეგატივიზმში?
- სფფ-ის პრეზიდენტმა თავის დროზე განაცხადა, რომ ვერ ერკვევა ფეხბურთში. ამგვარი ალალად და პატიოსნად ნათქვამი სიტყვები დასაფასებელია, მაგრამ არა - გადაჭარბებულად დასაფასებელი. რა ხდება? ხდება ის, რომ აღმასკომის წევრებმა ვერ შეძლეს ამ ორგანოში თავიანთი თავის რეალიზება. ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრების უმრავლესობა ჩემი პირადი მეგობარია.
აღმასკომის შემადგენლობა კმაყოფილდება მათთვის განკუთვნილი მატერიალური სიკეთით, რომელიც, სხვათა შორის, ჩემი პრეზიდენტობის დროს დამტკიცდა. ამიტომ ხსენებული სიკეთის არდაკარგვის შიშის გათვალისწინებით, ზედმეტია ლაპარაკი მასობრივი ფეხბურთის განვითარების საქმეში რეგიონული ფედერაციების პასუხისმგებლობაზე. ასე რომ, ისინი არ განსაზღვრავენ ქართული ფეხბურთის განვითარებას.
დღეს, ისევე, როგორც გუშინ, თუნდაც ხვალ, ქართული ფეხბურთის ბედს განსაზღვრავენ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები, საფეხბურთო სკოლები. მინდა გამოვხატო პატივისცემა მათი მფლობელებისა და ხელმძღვანელებისადმი იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში მათ შეძლეს ქართული ფეხბურთის შენარჩუნება.
ახლა წინაა დამაგვირგვინებელი ნაბიჯი - არ შევცდეთ სფფ-ის ისეთი ახალი პრეზიდენტის არჩევაში, რომელიც მოერევა ქართული ფეხბურთის ლიდერის ტვირთს.
- ქართული ფეხბურთი და სახელმწიფო...
- ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში სფფ-ის ბიუჯეტის ფორმირების წყარო მარტოოდენ საკუთარი შემოსავლები და ფიფა-უეფას გრანტები იყო. სახელმწიფო ამ პროცესში არ მონაწილეობდა, მაგრამ გარკვეულწილად, ეხმარებოდა საფეხბურთო კლუბებს.
ამ ბოლო დროს გახმიანდა სახელმწიფოსგან წლიურად 50 მილიონი ლარის თემა, რაც დიდად აღემატება წინა წლების ბიუჯეტს. ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტურად და რა მიმართულებით დაიხარჯება დახმარება.
ახლა არ მინდა ამ თემას ჩავუღრმავდე, სანამ ჩემს გეგმებში საბოლოოდ არ ჩამოვყალიბდები. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უთქვამს: "ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს 100 მილიონი შევთავაზე ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ერთადერთი პირობით - თანხის მიზნობრივ ხარჯვას გააკონტროლებდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი თანამშრომელი". არ ვიცი, ამ შეთავაზებამ რატომ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა.
დღეს თუ სახელმწიფო გამოჰყოფს ამ თანხას, სფფ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ვალდებულია, დათანხმდეს არა მხოლოდ ამ ფულის, არამედ თავისი პირადი და თანამშრომლების სახსრების გაკონტროლებას.
- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მხარს უჭერთ სახელმწიფოს მონაწილეობას ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში?
- მხარს ვუჭერ კი არა, მე ამას მოვითხოვ! დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა. სხვაგვარად, ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა შეუძლებელია. ბიუჯეტის ფული უნდა მოხმარდეს საფეხბურთო კლუბებსა და სკოლებს, რეგიონულ ფედერაციებსა და ასოციაციებს...
საერთაშორისო აქტივობებისთვის სრულიად საკმარისია ფიფა-უეფას გრანტები; ცენტრალიზებული მარკეტინგიდან - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო მატჩებიდან მოზიდული სახსრები, რომლის ხარჯვაზე უმკაცრესი კონტროლი უნდა დააწესოს სფფ-ის აღმასკომმა. აღმასკომი კი პროპორციულ საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს საფეხბურთო კლუბების, რეგიონული ფედერაციებისა და ასოციაციების პრეზიდენტების, სეოკ-ის, სპორტისა და შს სამინისტროების წარმომადგენლებით - ბუნებრივია, ხმის უფლებით.
- გისმენთ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ უკვე გააზრებული გაქვთ ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა...
- რა თქმა უნდა! დარჩა ზოგიერთი საკითხი, რომლებზეც პასუხს, თუ არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ მოვითხოვ სფფ-ის ოფიციალური პირებისგან, ფედერაციის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
შეჯერებულ პროგრამას წარვუდგენ სფფ-ს და გამოვიტან ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო სამყაროს სამსჯავროზე.
- გააქტიურდა მითქმა-მოთქმა სფფ-ის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თქვენ რას იტყვით?
- აზრთა სხვადასხვაობა მართლაც არის და არცთუ უსაფუძვლო. ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი სპორტის სამინისტროსა და სეოკ-ის წარმომადგენელთა მონაწილეობით და პასუხი გაეცეს ყველა საჭოჭმანო კითხვას, დაიხვეწოს სისტემა... საბოლოოდ კი მიღწეულ უნდა იქნას კონსენსუსი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის.
ვეთანხმები ჩვენი სპორტის მინისტრის, ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილის სიტყვებს, რომ თუ ლეგიტიმაცია ეჭვის ქვეშ დადგება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინვენსტიციის გარეშე დარჩება ქართული ფეხბურთი.
- ბოლო შეკითხვა: როგორია ქართულ ფეხბურთში თქვენი კვლავ დაბრუნების შანსი?
- მე ის არასოდეს მიმიტოვებია და არც მივატოვებ. ჰოლანდიურ "ვიტესში" ერთ-ერთ ხელმძღვანელად ყოფნისას, ამ საფეხბურთო კლუბში ავიყვანეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი, შევუქმენით მათ სპორტული ოსტატობის ამაღლების იდეალური პირობები; საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე ორჯერ მოვავლინე "ვიტესის" ჭაბუკთა გუნდი; "ვიტესის" ბაზაზე ასევე ორჯერ მოვიწვიე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები; საქართველოს რამდენიმე საფეხბურთო კლუბს დავეხმარე ეკიპირებით; საქართველოში ბავშვთა "სახალისო ფეხბურთის" პროექტისთვის საჩუქრად გამოვყავით 1000 კომპლექტი სპორტული ეკიპირება...
- ...სხვათა შორის, სწორედ ამ კომპლექტიდან ნაჩუქარი "ვიტესის" მაისურით წავედი ბაქოში ევროპის პირველ ახალგაზრდულ სპორტულ თამაშებზე და უმალვე მოვხვდი ჰოლანდიელების და, საერთოდ, ამ კლუბის ქომაგთა ყურადღების ცენტრში. კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ "ვიტესი" ძალიან პოპულარული კლუბია...
მადლობა "ლელოში" სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ!
ესაუბრა თენგიზ გაჩეჩილაძე
გოტფრიდ ლენცის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"