სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: ლანჩხუთიდან არველაძის წარდგენა სირცხვილიაო...

AutoSharing Option
ფოტოზე: გუშინ გურიის ფეხბურთის რეგიონალურ ფედერაციაში...
გუშინ, 27 აგვისტოს, გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოფისში კვლავ დიდი ხმაური იყო - შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს გრფფ-ის პრეზიდენტ კახა ებრალიძის გადაწყვეტილებები, კანდიდატად რევაზ არველაძის წარდგენის, ხოლო დელეგატად გოჩა ტყებუჩავას დასახელების გამო. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ღია მხარდაჭერა მერაბ ჟორდანიასადმი და გრფფ-დან სწორედ მისი წარდგენა მოითხოვეს.

ამ დროს ლანჩხუთში არ იმყოფებოდა თავად ებრალიძე, რომელიც თბილისში სფფ-ის აღმასკომის სხდომას ესწრებოდა.

"კარგი იყო, ერთი დღით ადრე გვცოდნოდა ამ შეხვედრის შესახებ, კახა ებრალიძეც ადგილზე იქნებოდა და ის
თავად გასცემდა ყველა კითხვას პასუხს", - თქვა გრფფ-ის წარმომადგენელმა თემურ ლორიამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ამავე ორგანიზაციის გამგეობის წევრები - ოზურგეთიდან იური ჩხაიძე და ჩოხატაურიდან ბენია თავბერიძე.

"მე არავის გავუფრთხილებივარ, ვის წარდგენას გეგმავდა ფედერაცია. არანაირი პრეტენზია გოჩა ტყებუჩავას კანდიდატურის მიმართ არ მაქვს პიროვნულად, მაგრამ გურიაში მასზე არანაკლები დამსახურების მქონე ვეტერანებიც არიან".

თავისი პოზიცია დააფიქსირა გრფფ-ის ყოფილმა თავკაცმა დურმიშხან ჩხაიძემაც, რომელიც ასევე ჟორდანიას მხარდამჭერია:

"პიროვნულად, არველაძესთანაც არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ 100 ხმა რომ მქონდეს, ასივეს მერაბს მივცემდი! კახა ებრალიძეს ერთპიროვნულად არ უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი".

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ნუგზარ ცინცაძემ კი პირდაპირ თქვა - არველაძის წარდგენა სირცხვილიაო.

განსხვავებული იყო "გურიის" ყოფილი პრეზიდენტის, კობა მირზაშვილის პოზიცია: "რა შუაშია აქ არველაძე და ფედერაცია, თუ სტადიონზე ნაგავი იყო? პირდაპირ ვაცხადებ - მხარს არველაძეს ვუჭერ! როცა შვილი რეანიმაციაში მყავდა, სიჭინავა და არველაძე გვერდით დამიდგნენ".

ჩვენ კი საშუალება მოგვეცა, კახა ებრალიძეს გავსაუბრებოდით:

- თქვენივე რეგიონული ფედერაციის გამგეობის წევრები აცხადებენ, რომ სფფ-ის ყრილობის დელეგატის კანდიდატურა და პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატი არ შეუთანხმეთ. ბევრისთვის თქვენი გადაწყვეტილებები მოულოდნელი აღმოჩნდა...
- ვისთვისაც ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, ან მე არ მიცნობს, ანდაც ეს ის კატეგორიაა, ჩემგან განსხვავებით, მხარდაჭერას ხან ერთს რომ ჰპირდება, ხან - მეორეს. რაც შეეხება შეთანხმებას, ამის სამართლებრივი ვალდებულება არ მქონია.

- თუმცა არის მორალური მხარეც, ისინი ხომ თქვენი ფედერაციის წარმომადგენლები არიან?
- სწორედაც რომ მორალური თვალსაზრისით არ ჩავაყენე ოფიციალურად ისინი საქმის კურსში და უხერხულობაშიც. ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, როცა გრფფ-ის არჩევნები ტარდებოდა, შევხვდი ჩვენი ფედერაციის გამგეობის წევრებს, სუბიექტებს და ვთქვი, რომ თუ მხარს დამიჭერდნენ, კენჭს მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიყრიდი. ყველამ დამიჭირა მხარი! დავაყენე კანდიდატურა და შემდეგ ამ ადამიანების ნაწილმა დაწერა კოლექტიური განცხადება, სადაც მე მხარს არ მიჭერდნენ და არ ცნობდნენ არჩევნებს!

გასათვალისწინებელია, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან და აშკარა იყო - მათზე ზეწოლა განხორციელდა. კარგად მესმოდა და მესმის მათი - არ აქვთ ფუფუნება, რომ ეჭვქვეშ დააყენონ შემოსავალი, რომლითაც ოჯახებს არჩენენ.

არჩევნების შემდეგ მათ ჩემთან შეექმნათ უხერხულობა, თუმცა ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ ეგრძნოთ. ამასთან, ერთი მათგანიც კი არ გამიშვია ფედერაციიდან!

ახლაც ვიცოდი, რომ ოფიციალურად ისინი საქმის კურსში რომ ჩამეყენებინა, გაცილებით ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ. მხოლოდ ფაქტებს გეტყვით - რაც პრეზიდენტი ვარ, 5-6 ყრილობა გაიმართა და გამგეობას არც ერთხელ არ გასჩენია სურვილი, პირად საუბარში მაინც დაეფიქსირებინა პროტესტი. 5 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაინტერესებულან დელეგატის ვინაობით და ახლა ორშაბათ დღესაც არ დაელოდნენ?

- როგორც ამბობენ, შეიძლება თქვენი გადაყენებაც მოინდომონ...
- ამის ბერკეტი არ არსებობს. მე კანონი არ დამირღვევია და თუ ამ ხალხს დელეგატის წარდგენამდე არ ჰქონდა პრეტენზია, ფიქრობთ, რომ ეს საკითხი ჩემი გადაყენების საფუძველია? მე არ ვეპოტინები სკამს და ჩემი გადაწყვეტილება არ უკავშირდება პირად კეთილდღეობას. მე რეგიონულ ფედერაციაში არ მაქვს 1 ლარი ხელფასიც კი!

ამას გარდა, პირადი კეთილდღეობა წინ არასდროს დამიყენებია - ორჯერ დავტოვე 1200-ლარიანი სამსახური მხოლოდ იმის გამო, რომ არ ვეთანხმებოდი იმას, რაც ხდებოდა! მე ჩემი ცხოვრებით დავამტკიცე, რომ სამსახურს არ ვეპოტინები ფულის გამო და არც ამ სკამს ვარ ჩაბღაუჭებული. სასაცილოა, ჩემზე თქვა - ევროპალიგის ფინალზე დასწრებით გადაიბირესო...

- თუ არც ხელფასი გაქვთ და ვერც ევროპალიგის ფინალზე დაპატიჟებით გადაგიბირეს, რატომ უჭერთ მხარს რევაზ არველაძეს?
- როცა ზვიად სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, პირველად ლანჩხუთში ჩამოვიდა და თქვა, რომ "გურია" ბრენდია და ჩემთვის პრიორიტეტს წარმოადგენსო. მისი და გენმდივან რევაზ არველაძის მხარდაჭერას სულ ვგრძნობდით.

შპს "გურიას" ჰქონდა 250-ათასიანი საბიუჯეტო დავალიანება და სფფ-ის სარეკომენდაციო წერილით ეს თანხა ჩამოგვაწერეს; ლანჩხუთის სტადიონზე პირადად სფფ-ის პატრონაჟით დაიგო 700-ათასიანი ბერძნული მინდვრის საფარი; საჩუქრად გადმოგვცეს 80 ათასი ლარის ღირებულების ინდივიდუალური სკამები; გურიის ფეხბურთის ფედერაციას შეუძინეს ოფისი ქალაქის ცენტრში; ოზურგეთის ბავშვთა სკოლას გადაეცა 25 ათასი ლარის ღირებულების ეკიპირება...

ოთხი წლის განმავლობაში როდის გაკეთდა გურიის რეგიონში ამდენი რამ?! ამის შემდეგ მე არ ვიქნებოდი მართალი, მხარი სხვისთვის დამეჭირა.

გული მწყდება, რომ ვერ დავუჭირე მხარი მერაბ ჟორდანიას, ვისაც ლანჩხუთის ფეხბურთში დიდი ღვაწლი აქვს. სამწუხაროდ, ერთისთვის უნდა დამეჭირა მხარი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წავა დაცჰმა ეხლა სკამებისტვის
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული