საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალარჩეული პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ორშაბათს თანამშრომლებს რომ შეხვდა, ეს უკვე იცით. მან სწორედ ამ დროს თქვა, რომ ფედერაციაში ბევრი პროფესიონალი ეგულება და მათთან მუშაობის სურვილი აქვს.
როგორც შევიტყვეთ, კობიაშვილი მართლაც არ აპირებდა არავის გაშვებას. ამის მიუხედავად, სამსახური სფფ-ის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. გასაგებიც იყო და მოსალოდნელიც, რომ გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ბოკერია პოსტიდან გადადგებოდა.
ფედერაციიდან წავიდა ეროვნული ნაკრებების ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძეც. მიუხედავად იმისა, რომ რევაზ არველაძის გუნდის
უწყებიდან წასვლაზე განცხადება ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მენეჯერმა გიორგი ხაჩიძემაც დაწერა.
ახლა მნიშვნელოვანია, ვინ იქნება სფფ-ის ახალი გენერალური მდივანი? ამაზე ჯერ მხოლოდ ჭორები ისმის.
ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატი დაასახელეს: ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლევან კობიაშვილის თანამოაზრე და მისი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი დავით მუჯირი, "საბურთალოს" გენერალური მდივანი კახა ჭუმბურიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია.
"ლელო" სამივე მათგანს დაუკავშირდა და რაც გავარკვიეთ, თავად მიხვდებით.
კახა ჭუმბურიძე: "სიმართლე გითხრათ, მსგავსი არაფერი მსმენია. ეს საკითხი არც განხილულა".
აკაკი ლოდია: "მე მინისტრის პირველი მოადგილე ვარ და სამსახურის შეცვლაზე ჯერ არ მიფიქრია, ფეხბურთის ფედერაციაში ჩემ დანიშვნაზეც პირველად თქვენგან გავიგე. არ დაიჯეროთ, ტყუილია!
ისე, რაც ვიცი, ფეხბურთის ფედერაციაში ჯერ კიდევ მრავალი საკითხია მოსაგვარებელი, აღმასკომის სხდომა უნდა გაიმართოს, ნაკრების თამაშები გველის და სფფ-ის დაკომპლექტებაც, ალბათ, ამის მერე დასრულდება".
დავით მუჯირი: "ლევანი საფუძვლიანად სწავლობს ფედერაციაში არსებულ ვითარებას და ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტს, ვიდრე გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატების შერჩევაა.
დიახ, მე მისი გუნდის წევრი ვარ და მომავალში თუ დავჭირდები, ჩემთვის ეს დიდი პატივი იქნება, მაგრამ რა სტატუსით, ამაზე არც გვილაპარაკია. ახალ პრეზიდენტს ნებისმიერ როლში დავეხმარები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"