ფეხბურთელია თუ აპოლონ გასინჯული?

AutoSharing Option
იცოდით, რომ ცნობილ ჰოლანდიურ კლუბ "ფეიენოორდში" ახალგაზრდა ქართველი თამაშობდა? ეს მოულოდნელი ამბავი ასე შევიტყვეთ: ვლადიკავკაზის "ალანიაში" პრეზიდენტად დანიშნულმა ვალერი გაზაევმა ახალი მოთამაშეები გასინჯვაზე მიიწვია. ერთ-ერთ მათგანი გვარით ქართველი აპოლონ ლემონჯავა იყო. ამ გვარის ფეხბურთელი ფოთის "კოლხეთში" თამაშობს, მაგრამ ის თავიდანვე გამოირიცხა - კოლხ ლემონჯავას გიორგი ჰქვია.

ცხადია, დავინტერესდით, ინტერნეტში ინფორმაციები მოვიპოვეთ და საკმაოდ უცნაური აზრი დაგვრჩა - ან ახალი კვაჭი კვაჭანტირაძე ვიპოვეთ, ან გასინჯვების მოყვარული ფეხბურთელი.

წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ.

ლემონჯავა 19 წლისაა, ამპლუით - თავდამსმელი და აჯობებს, მის ნაამბობს
გაეცნოთ.

"ფუტანალ.რუ"-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ 6 წლიდან მოსკოვის "სპარტაკის" სკოლაში ვარჯიშობდა, შარშან "ფეიენოორდის" დუბლშემადგენლობაში აღმოჩნდა და 20 მატჩში 15 გოლი გაიტანაო.

კიდევ უფრო უცნაური შემდეგ ამოვიკითხეთ. კითხვაზე, რატომ წამოვიდა "ფეიენოორდიდან", დაუჯერებელ ამბებს ყვება, როგორ დაიწუნა ნახევარი ევროპა - ერთ წელიწადში ერთდროულად შვიდ კლუბში გამსინჯესო!

"ჰოლანდიაში აგენტის დახმარებით მოვხვდი. თუმცა შემდეგ ურთიერთობები აგვერია და დღემდე ცუდად მექცევიან... კონტარქტი უნდა გამეფორმებინა, მაგრამ "ფეიენოორდი" სახელს ყველა საშუალებით მიტეხდა, თითქოს ცუდი ადამიანი ვარ. არადა გუნდში არავისთან მიჩხუბია და ფეხბურთელებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს... "ფეიენოორდის" შემდეგ გასასინჯად რადმენიმე კლუბში ვიყავი: "პარტიზანში", "შალკეში", "ატალანტაში", "ბორდოში", "ვიტესში" ვარჯიშის დროს "მარსელის" ვარიანტი გამოჩნდა და დაუფიქრებლად წავედი საფრანგეთში. თუმცა მიზეზთა გამო ვერსად ჩავირიცხე და რუსეთში დავბრუნდი", - ამბობს ლემონჯავა.

სხვათა შორის, იტალიურ ინტერნეტ-პორტალ "კალჩო ლაინზე" ლემონჯავაზე მართლაც ვნახეთ ინფორმაცია, რომელიც 2010 წლის 19 აგვისტოთია დათარიღებული:"ატალანტა" აპოლონ ლემონჯავასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს. რუსი ფეხბურთელი მცირე ხნის წინ "ფეიენოორდიდან" სასამართლო გარჩევების შედეგად წამოვიდა".

თუმცა რად გინდა, თუნდაც მადრიდის "რეალში" ითამაშოს - აპოლონი ამბობს, რუსეთის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობო... ინტერვიუში ერთი საინტერესო ფრაზაცაა - საფრანგეთში ძალიან უყვართ რუსები, ამიტომ კარგად მიმიღესო.

რას არ გაიგებ ადამიანი, ლემონჯავა რუსობას იბრალებს. თუმცა მისი ლაპარაკი ქართველი ფეხბურთელებისას უფრო ჰგავს... ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აპოლონი რუსეთის პირველი ლიგის "ალანიაშიც" დაიწუნეს, მაგრამ კაცი ნაკრებში გამოსვლაზე მაინც ოცნებობს.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ავტორს რა ესაქმება ვიღაც ლემონჯავასთან, სხვა საქმე არაფერი აქვს თუ უფრო საინტერესო ვერაფერი ნახა?
badri
11:11 28-01-2011
0
მაგარი ინტრიგანია ვიღაცა.
ogafa
13:21 27-01-2011
0

სიახლეები პოპულარული